ჯანდაცვის მოხელეების განცხადებით, ქვიშის ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც ერაყის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს გადაუარა, 1000-ზე მეტ ადამიანს სუნთქვის პრობლემები აღენიშნა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სქელი ნარინჯისფერი ნისლით დაფარული ტერიტორიები, ადგილობრივი მედია კი რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვისა და ფრენების შეჩერების შესახებ იუწყება.
ფეხით მოსიარულეები და პოლიციელები მტვრისგან თავის დასაცავად პირბადეებს ატარებდნენ, ხოლო პარამედიკოსები ადგილზე იმყოფებოდნენ, რომ სუნთქვაგაძნელებულ ადამიანებს დახმარებოდნენ.
ერაყის სამხრეთით მუთანას პროვინციის საავადმყოფოებმა სულ მცირე "700 ხრჩობის შემთხვევა" დააფიქსირეს.
ნაჯაფის პროვინციაში 250-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, დივანიას პროვინციის საავადმყოფოებში კი სულ მცირე 322 პაციენტი გაგზავნეს, მათ შორის - ბავშვები.
ზი კარისა და ბასრას პროვინციებში სუნთქვის პრობლემებზე დამატებით 530 ადამიანმა განაცხადა.
ქვიშის ქარიშხალმა ერაყის სამხრეთ პროვინციები ნარინჯისფერ ღრუბელში გაახვია, რამაც ხილვადობა ერთ კილომეტრზე ნაკლებამდე შეამცირა.
ხელისუფლება იძულებული გახდა, ნაჯაფისა და ბასრას პროვინციებში აეროპორტები დაეხურა.
ადგილობრივი სამსახურების ცნობით, ამინდის მდგომარეობა სამშაბათის შემდეგ თანდათანობით გაუმჯობესდება.
ერაყი გაეროს მიერ იმ ხუთ ქვეყანას შორისაა შეტანილი, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან, რადგან ისინი რეგულარულ ქვიშის ქარიშხლებს, აუტანელ სიცხესა და წყლის სიმცირეს აწყდებიან.
2022 წლის ქვიშის ქარიშხალმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, 5000-ზე მეტს კი რესპირატორული დაავადებების გამო დასჭირდა მკურნალობა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ერაყში მომავალში უფრო მეტი "მტვრიანი დღე" იქნება.