სეზონური ალერგია (პოლინოზი)
სეზონური ალერგია პოლინოზით ვლინდება და მოიცავს თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდს. მისი გამომწვევი მიზეზი ძირითადად მცენარეთა მტვერია, რომელთა ყვავილობა აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა (ხეები, ბალახები, მარცვლეულები და სარეველები). ხეებისა და ყვავილების მტვრით გამოწვეული ალერგია უფრო ხშირია გაზაფხულზე. გამოყოფენ ადრეულ მოყვავილე და გვიან მოყვავილე ხეების ყვავილობას. ადრეულ მოყვავილე ხეებში შედიან მცენარეები: თხილი, ტირიფი, ალვის ხე, თელა და ა.შ. გვიან მოყვავილე ხეებია: მუხა, წიფელი, აღმოსავლურ ჭადარი და ა.შ. ბალახები, მარცვლოვნები და სარეველები ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ყვავილობენ, ამიტომ მათ მიერ გამოწვეული ალერგიული სიმპტომები ამ პერიოდში იჩენს თავს. ეს მცენარეებია: ამბროზია, აბზინდა, კოინდარი, ტიმოთელა, წივანა, თივაქასრა და ა.შ. მარცვლოვნები: ქერი, ხორბალი, სიმინდი, შვრია და ა.შ. ყველა ამ მცენარეს გარე ალერგენებს უწოდებენ.
რა სიმპტომები ახასიათებს მცენარეთა მტვრით გამოწვეულ სეზონურ ალერგიულ დაავადებას?
პოლინოზი ქრონიკული, მორეციდივე ალერგიული დაავადებაა და ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითა და ალერგიული კონიუქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით) ვლინდება (ალერგიული რინიტი, სინუსიტი და კონიუნქტივიტი). შესაძლებელია სიმპტომთა შერწყმა და გაერთიანება, რაც ამძიმებს კლინიკურ სურათსა და დაავადების მიმდინარეობას.
რა არის ალერგიული კონიუქტივიტი?
ალერგიული კონიუნქტივიტი - ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, შესაძლოა გამოვლინდეს პროგრესირებადი ქავილისა და წვის შეგრძნება ზედა და ქვედა ქუთუთოზე, ვითარდება შეშუპება და ჰიპერემია, რასაც თან ახლავს ცრემლდენა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება.
რა არის ალერგიული რინიტი?
ალერგიული რინიტი (თივის ცხელება) - ვლინდება შეტევითი ხასიათის ცემინებით, ცხვირიდან უხვი, წყლისებური გამონადენით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, შეტევითი ხველით, ყელის ფხაჭნით ან ტკივილით, ცხვირის მიდამოში ქავილის შეგრძნებით, ჰიპერემიით (სიწითლით), ყნოსვის დაქვეითებით ან დაკარგვით, მოუსვენრობით, ძილთან დაკავშირებული პრობლემებით. პოლინოზული რინიტის სიმპტომები ყველაზე შემაწუხებელი ღამის საათებშია.
თივის ცხელებას ხშირად თან ერთვის პოლინოზური კონიუქტივიტის სიმპტომები და ვლინდება რინო- კონიუნქტივიტის კლინიკა.
რა გართულებები ახლავს თან სეზონურ ალერგიას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ კონკრეტულ გამომწვევს?
ალერგიული რინიტი არცთუ იშვიათად რთულდება სინუსიტით (ფრონტიტი, ჰაიმორიტი), რის შემდეგაც პროცესი ჩირქოვან ხასიათს იღებს - პაციენტს აღენიშნება მოყვითალო - მომწვანო ფერის გამონადენი ცხვირიდან ან უჩივის ცხვირ-ხახაში ჩანადენის შეგრძნებას, დისკომფორტს თავის წინ დახრისას, თვალებში ზეწოლის შეგრძნებას, ზოგჯერ ტემპერატურას.
თუ პოლინოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და/ან წლიდან წლამდე სიმპტომები მატულობს, აუცილებელია ალერგოლოგთან ვიზიტი, ალერგოდიაგნოსტიკის ჩატარებისა და შემდგომში მკურნალობის დაგეგმვის მიზნით. ამისათვის არსებობს სათანადო ალერგოტესტები, რათა დადგინდეს, რომელი მცენარის მიმართ აქვს პაციენტს ალერგია. მძიმედ მიმდინარე პოლინოზისას, გამომწვევის დადგენის შემდეგ, არსებობს სპეციალური მკურნალობის ტიპი, რომელიც ას წელზე მეტი ხნის განმავლობაშია გამოცდილი და გულისხმობს კონკრეტულ ალერგენთან შეგუებას. კერძოდ, არსებული სხვადასხვა ტიპის ვაქცინიდან, პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩეული ვაქცინით ორგანიზმში მზარდი დოზით შეჰყავთ გამომწვევი, რათა იმუნურმა სისტემამ მასთან შეგუება შეძლოს და კონკრეტულ ალერგენს აღარ უპასუხოს არაადეკვატური რეაქციით (არ განვითარდეს ალერგია). თუმცა მკურნალობის ამ მეთოდს აქვს თავისი მინუსი - ის დროში გაწელილია (3 წელი და მეტი). ეს პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ შეძლოს ალერგენისადმი მაბლოკირებელი ანტისხეულების გამომუშავება და ადაპტაცია.
რა არის პოლინოზური ბრონქული ასთმა?
მცენარეთა მტვერს არამხოლოდ ალერგიული დაავადებების გამოწვევა შეუძლია, უკვე არსებულის გამწვავებასაც ახდენს. ამრიგად, თუ სეზონური ალერგია თან დაერთო ბრონქულ ასთმას, ეს უკანასკნელი მძიმედ მიმდინარეობს. თვეების, წლების განმავლობაში არანამკურნალებმა და/ან ცუდად მართულმა სეზონურმა ალერგიამ (პოლინოზმა)- ხანგრძლივად არსებულმა ზედა სასუნთქი ზების ლორწოვანის ქრონიკულმა ანთებამ, დატვირთულმა ანამნეზმა, გენეტიკურმა წინასწარგანწყობამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ეგზოგენური, პოლინოზური (მცენარეთა მტვრით გამოწვეეული) ბრონქული ასთმის განვითარებას. პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ექსპირაციული ტიპის ქოშინს, რასაც თან ახლავს მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, სულხუთვა, მშრალი, შემაწუხებელი ხველა, გულმკერდის შებოჭილობა. შეტევა ზოგჯერ ბრონქებიდან წებოვანი სეკრეტის გამოყოფით სრულდება.
როგორ ვუმკურნალოთ პოლინოზურ ბრონქულ ასთმას?
პოლინოზური ბრონქული ასთმის მკურნალობაში გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას: სპეციფიკურ იმუნოთერაპიასა და არასპეციფიკურ (პათოგენურ, სიმპტომურ) მკურნალობას.
სპეციფიკური იმუნოთერაპია გულისხმობს გამომწვევ ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტას (ელიმინაციური თერაპია). იმ შემთხვევაში, როცა ალერგენთან კონტაქტის სრული შეწყვეტა შეუძლებელია, მიმართავენ გამომწვევის მიმართ სპეციფიკური მგრძნობელობის დაქვეითებას - სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციას.
ბრონქული ასთმის მედიკამენტოზურ მკურნალობაში მიმართავენ ე.წ. ტაქტიკურ და სტრატეგიულ მეთოდებს.
ტაქტიკური მნიშვნელობის პრეპარატები გამოიყენება ბრონქული ასთმის შეტევისა და ბრონქოობსტრუქციასთან დაკავშირებული სიმპტომების (ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელეება, ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა) სწრაფად მოსახსნელად. ამ ჯგუფის პრეპარატებია ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები. მათ შეტევის მომხსნელ, სწრაფად მოქმედ საშუალებებს უწოდებენ.
სტრატეგიული ანუ ბაზისური მნიშვნელობის მედიკამენტები ქრონიკულად მიმდინარე ბრონქული ასთმის კონტროლის მიღწევის შენარჩუნების მიზნით გამოიყენება და ხანგრძლივად მისაღები მედიკამენტების ჯგუფს განეკუთვნებიან. ამ პრეპარატების ჯგუფში შედის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კორტიკოსტეროიდები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინჰალაციო საშუალებებს) და ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები.
რას გულისხმობს სეზონური ალერგიის (პოლინოზის) მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი?
სეზონური ალერგიის (პოლინოზის) მკურნალობა სიმპტომურია. კერძოდ, ალერგიული რინო-კონიუნქტივიტის მედიკამენტოზური მართვა მოიცავს სამკურნალო საშუალებების სხვადასხვა ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად ან სისტემური მკურნალობის გზით. პოლინოზის მკურნალობა ემყარება მედიკამენტების სამ ძირითად ჯგუფს: ანტიჰისტამინებს, გლუკოკორტიკოსტეროიდებსა და მემბრანომასტაბილიზირებლებს.
რა რეკომენდაციებია სეზონური ალერგიისგან ან მისი გამწვავებისგან თავის ასარიდებლად?
R