ქართველი მომღერალი დათო კენჭიაშვილი, 7 მარტს ფილარმონიაში გამართული სოლო კონცერტის შემდეგ, საქართველოს რეგიონის მასშტაბით ტურნეს იწყებს.
პირველი ქალაქი, რომელსაც „საქართველოს ბულბული“ ეწვევა - ბათუმია. 7 მაისს, საკუთარ დაბადების დღეს მომღერალი სცენაზე, საყვარელ მსმენელთან ერთად აღნიშნავს.
კონცერტი ბათუმის კულტურის ცენტრში, ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.
სწორედ ამ კონცერტით იწყება დათო კენჭიაშვილის ტურნე საქართველოს მასშტაბით, რომელსაც მისი გულშემატკივრები განსაკუთრებული სიყვარულით, მოუთმენლად ელიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. კონცერტზე მისულ მაყურებელს ელით როგორც მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტები, ისე ახალი სიმღერები. და რაც მთავარია, საღამოს ჯადოსნური მუხტი — ისეთი, როგორიც მხოლოდ დათოს შეუძლია სცენიდან თითოეული ადამიანის გულამდე მიიტანოს.
დაბადების დღე და კონცერტი ერთ დღეს — რატომ გადაწყვიტეთ ტურნეს დაწყება ბათუმიდან. 7 მაისს?
საინტერესო კითხვაა და ალბათ გულწრფელადაც გიპასუხებთ — დაბადების დღე არასდროს მიყვარდა საზეიმო ფორმატში. რატომ? ვერ გეტყვით, კონკრეტულ მიზეზს ვერ ვასახელებ, მაგრამ ასე ჩამომყალიბდა… და ალბათ ამის საპირწონედ, სწორედ ამ დღეს ვარჩევ კონცერტისთვის. იმ მისიით ვმღერი, რაც ღმერთმა დამაკისრა — ეს არ არის უბრალოდ საღამო, ეს არის გამოცდა, რომელსაც საკუთარ თავს და ცხოვრებას აბარებ.
როგორ ემზადებით ამ განსაკუთრებული კონცერტისთვის და რას უნდა ელოდოს ბათუმის მაყურებელი „საქართველოს ბულბულისგან“? გეგმავთ თუ არა განსაკუთრებული კომპოზიციების შესრულებას ან სიურპრიზებს ამ საღამოსთვის?
ჩემთვის ყოველი კონცერტი განსაკუთრებულია, მაგრამ 7 მაისი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება — ჩემი ვიბრაციები, ჩემი შრომა, ჩემი ემოცია… ყველაფერს ვუზიარებ ჩემს მაყურებელს. ეს ის დღეა როდესაც მთელი შენი შრომის შედეგი და შეგრძნება უნდა გაუზიარო ადამიანებს. ბათუმში სრულად შესრულდება ჩემი რეპერტუარიდან ის სიმღერები, რომლებმაც გზები გამიხსნეს, რომლებიც ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, იქნება სიახლეები — ისეთი კომპოზიციები, სადაც ქართული ფოლკლორი ახალ ჟღერადობას ერწყმის. ეს არ არის უბრალოდ ექსპერიმენტი — ეს არის ქართული ღირებულებების ახლებურად გამოჩენა. ჩემს მსმენელს დიდი სიფრთხილით უნდა მივაწოდო ეს სიახლეები, რადგან მასში ალტერნატიული მუსიკისა და ქართული კოლაბორაციებია. მთავარია, რომ ეს კოლაბორაციები დაყრდნობილია ჩვენი ქვეყნის ღირებულებებზე, რაც ყოველთვის პრიორიტეტია.
როგორი კავშირი გაქვთ ბათუმელ მაყურებელთან და რას ნიშნავს თქვენთვის მათთვის სიმღერა?
ბათუმელი მსმენელისგან განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი… მახსოვს, ჩემი მეგობარი მაია რუხაძე დამიკავშირდა და მთხოვა დახმარება — იყო პატარა, რომელიც სერიოზული დაავადებით იტანჯებოდა, მის მხარდასაჭერად ჩავატარეთ კონცერტი. იმ საღამოს დარბაზში არამარტო კონცერტი ჩატარდა — იქ იყო ერთიანობა, თანადგომა, უპირობო სიყვარული. ყველანი ერთ მიზანს ვემსახურებოდით და სწორედ ამ ძალამ მოიტანა შედეგი — ამ ბავშვმა დაამარცხა დაავადება და დღეს კარგადაა.
მაშინ პირველად მივხვდი, რომ სიმღერა მხოლოდ ხელოვნება კი არაა, ის ზოგჯერ სხვისი იმედიც ხდება. და სწორედ ეს მაძლევს სტიმულ ვიმღერო იმ ქალაქისთვის, რომელმაც ასეთი სიყვარული დამანახა.
ეს მხოლოდ ერთი კონცერტი არ არის — საქართველოს მასშტაბით ტურნე იწყება. რა გზავნილი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელოდება თქვენს გამოჩენას?
7 მაისი მხოლოდ დასაწყისია — ეს ტურნე გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით. ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე, სვანეთი... ყველა რეგიონში წავალ. ვიღებ ათასობით წერილს ადამიანებისგან, რომლებიც მწერენ: „არ მქონდა თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან მინდოდა კონცერტზე დასწრება“. სწორედ ამიტომ ვამბობ — მე წავალ მათთან. მოვეფერები თითოეულ რეგიონს, დავუბრუნებ იმ სიყვარულს, რაც ამ წლების განმავლობაში მივიღე მათგან. მოვეფერები ყველა კუთხეს, ვუმღერებ და სიყვარულს გავუნაწილებ მთელ საქართველოს, ჩემს ქვეყანას, რომელმაც ხელის გულზე ამიყვანა და მე ვალდებულიც ვარ, ჩემი ნიჭი, ჩემი ხმა ყველა კუთხეში მივაწვდინო ჩემს მსმენელს.
R