მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პლანეტა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად თბება, ეს ტემპი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ყოფილიყო რომ არა ერთი ფაქტი, რომელიც 2022 წლის იანვარში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გლობალური დათბობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაჩქარდა. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პროცესი შესაძლოა ძლიერი ვულკანების ბოლოდროინდელმა ამოფრქვევებმაც გააქტიურა. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ამოფრქვევების გარეშე კლიმატი კიდევ უფრო დიდი ტემპით გათბებოდა.
წყალქვეშა ვულკანი ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაი, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, 2022 წლის იანვარში ძლიერად ამოიფრქვა. მან ატმოსფეროში დიდი მოცულობის წყლის ორთქლი და სხვა აირები გამოუშვა - თანაც დიდ სიმაღლეზე, დაახლოებით 20 კილომეტრამდე. მოგვიანებით ეს ამოფრქვევა 21-ე საუკუნის ყველაზე ძლიერად შეფასდა.
ვინაიდან წყლის ორთქლი გლობალური დათბობის ერთ-ერთ ძლიერ ფაქტორად ითვლება, სწორედ ეს ამოფრქვევა მიიჩნია რიგმა მეცნიერმა ბოლო წლებში დაჩქარებული დათბობის მიზეზად. თუმცა, ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა, ამ მოსაზრებას უარყოფს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წყლის ორთქლი ატმოსფეროს ზედა ფენებში მხოლოდ მცირე ხნით ჩერდება, შემდეგ კი ნალექად იქცევა, რადგან ჰაერს დიდი ტენიანობის შეკავება არ შეუძლია. ახალი კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ წყლის ორთქლის გარდა, რომელიც წვიმად წამოვიდა დედამიწაზე, ვულკანმა ატმოსფეროში გარკვეული რაოდენობის გოგირდის დიოქსიდიც გაუშვა. ის კი ატმოსფეროში საკმაოდ დიდხანს რჩება და, რაც მთავარია, საპირისპირო ეფექტს ახდენს - გლობალური გაცივების ფაქტორად მუშაობს.
საბოლოოდ, კლიმატის ცვლილების დამაჩქარებელი და შემაფერხებელი ფაქტორების შეჯამებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაის ამოფრქვევის საერთო გავლენა გლობალური დათბობის საპირისპირო იყო: მან პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა დაახლოებით 0.1 გრადუსით გააცია.
იხილეთ ასევე: