ოჯახის ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი, ავთანდილ ბოდოკია ქუთაისთან ახლოს, ვარციხის ჰესში, 10 მეტრის სიღრმის წყალში გადავარდა, შემთხვევიდან 3 საათში, ჰესის ტერიტორია ფსკერამდე დააშრეს, თუმცა ცხედარი არსად აღმოჩნდა.
მთელი თვის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა, თუმცა ცხედრის ნახვა პოვნა ვერ მოხერხდა.
ოჯახი და ახლობლები ცხედრის ძებნას დამოუკიდებლადაც განაგრძობენ. ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ მას, ვინც ცხედარს იპოვის, ოჯახი მადლობის ნიშნად 10 000 ლარს გადასცემს.
ავთანდილ ბოდოკიას 2018 წელს დაეწყო სხვადასხვა სახის სიმპტომები: უძილობა, შფოთვა, მოძრაობის კონტროლის დარღვევა და ა.შ. თბილისში გამოკვლევის შედეგად ავთანდილ მას ტვინის ატროფია დაუდასტურდა. სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანისას ავთანდილს, ტვინის ატროფიის პარალელურად დაუდასტურდა ჰანტინგტონის დაავადება. გერმანიაში უშედეგოდ მკურნალობის შემდეგ, კლინიკასთან კონსულტაციები თურქეთში გაგრძელდა.
2025 წლის დასაწყისში, თურქეთში ვიზიტისას დაიგეგმა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია, ვინაიდან წამლებს შედეგები არ ჰქონდა.
2025 წლის 2 მარტს ის შინიდან გავიდა, თოვლში კი მისი ნაკვალევი, მდინარის მოაჯირთან მიდიოდა და იქ წყდებოდა.
"პირველად მაშინ მოვკვდი, როცა ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მწვავე და განუკურნებელი აღმოჩნდა... ამის მიუხედავად, მაინც ვიბრძოდით, არ ვნებდებოდით, ექიმის ყოველ ვიზიტზე იმედს ვებღაუჭებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ ვმარცხდებოდით. ვგრძნობდი, ჩემს ათულისთან ერთად როგორ ნადგურდებოდა ჩემი ახალგაზრდობა, იმედები, პირადი ბედნიერება.
ყოველი დილა და ღამე ღვთისადმი ვედრებაში თენდებოდა და ღამდებოდა, რომ იქნებ სასწაული მოეხდინა და ჩემი ათული გამოჯანმრთელებულიყო, ჩემს გულისტკივილს ჩემს თავში ვინახავდი, ღიმილს ვაგრძელებდი, თუმცა, ჩემი და ათულის წილი გული ნელ-ნელა კვდებოდა.
2 მარტს ბედმა ისევ გადაწყვიტა ჩვენთვის მოეცალა.
მზიან, მაგრამ თოვლიან და სუსხიან დილას, ღიმილნარევი სახით სახლიდან გავიდა და მალე მოვალო, მითხრა. როცა სახლში მოსვლა დააგვიანდა, მოსვენება დავკარგე, ყოველი გასული წუთი საუკუნოდ მეჩვენებოდა, ფიქრებში ვიმეორებდი, კარგად არის, ალბათ სადმე შეიარათქო. სახლებიდან მეზობლების მანქანებით სწრაფად გასვლამ და გზად ჩაქროლილმა პოლიციის მანქანებმა შფოთვა უფრო გამიმწვავა.
მალევე გვითხრეს, მანქანა ვნახეთ... ათული შიგ არ ზის, თოვლის ნაკვალევი მდინარესთან, მოაჯირზე ადის და იქ წყდებაო.
ერთ თვეზე მეტია ყოველდღე ველოდები, ველოდები ისევ დიდი სიყვარულით, სულ სხვანაირი მონატრებით, ისეთი მონატრებით, რომ ლამის გულმა შეწყვიტოს ფეთქვა.დავკარგე საუკეთესო მეუღლე, მეგობარი, კარგი შვილების მამა", - ამბობს ავთანდილ ბოდოკიას მეუღლე.
"ორი კვირაა რაც მამა მძაფრად მყავს ფიქრებში, მისი აქ არ ყოფნიდან გამოწვეული სიცარიელის მიუხედავად მაინც ყველა კუთხეში ვხედავ მის ჩრდილს და ნაკვალევს, ბევრი ადამიანის ნაბიჯების ხმა მესმის და არცერთი ჰგავს მამაჩემისას, არცერთი ჩახველება/ჩაცინებაა ნაცნობი.
მერამდენე დღეა გაურკვევლობაში ვარ - დილაობით ჩიტების ხმა მაღვიძებს და თბილი მზის დანახვისას წამიერი ბედნიერება გადამირბენს მთელ სხეულში, მერე დედას ქვითინი და ბებოს ნაღვლიანი მოთქმა მესმის სიტყვებით “მალე დამიბრუნდი, შვილო” და უცებ ჩიტების ხმაც წყდება, მზეც ქრება და ისევ იმ ცივ, თოვლიან, უფერო 2 მარტში ვბრუნდები.
მამაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, შემიძლია განსაკუთრებულ მოვლენასთან გავაიგივო, შემიძლია ყველაზე სასიამოვნო ემოციებთან გავავლო საერთო ხაზები, შემიძლია ისეთი უამრავი წუთი ამოვქექო მოგონებებიდან, რომ სიცოცხლის ბოლომდე გამყვეს მათგან გამოწვეული ღიმილი.
მამა სულ გვერდით მედგა, ყველა ჩემს წამოწყებას მხარს უჭერდა, ყველა გადაღებაზე ჩემს გვერდით იყო, ყველა ჩემს ნამუშევარს ინტერესით უყურებდა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. სიტყვაძუნწი იყო, ემოციებს ვერ გამოხატავდა, მაგრამ მისი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდებოდი მის დამოკიდებულებას, დიდ სიყვარულსა და სიამაყეს.
დღეს ისევ მამას ველოდებით... ბებო აღარ არის ისეთი, როგორიც 2 კვირის წინ იყო, დედა ჩემთან და თემოსთან სულ იღიმის, რომ არ დაგვამძიმოს და გულზე მოკიდებული ცეცხლი არ დაგვანახოს"