ქართველი ახალგაზრდების წარმატება საზოგადოებისთვის ყოველთვის სასიხარულო და იმედის მომცემია. დღეს გაგაცნობთ ორ ახალგაზრდას, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ.
მანო კვარაცხელიამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, პრინსტონის უნივერსიტეტში, Civil and Environmental Engineering -ის პროგრამაზე, 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა და ჯამში, 400 000$-იანი გრანტი მოიპოვა. მანოს წარმატებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მისი ბედნიერება გაიზიარა. ის კომაროვის სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ ფიზიკა, ინჟინერია განსაკუთრებით უყვარს და სამომავლოდ, სწორედ ამ სფეროში აპირებს განვითარებას. ის საკუთარი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- კომაროვის N199 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მათემატიკა სულ მიზიდავდა, მაგრამ კომაროვში ჩაბარების შემდეგ, ფიზიკა ძალიან შემიყვარდა, საბოლოოდ კი ინჟინერიაზე შევჩერდი. STEM( Science, Technology, Engineering, Mathematics) გაკვეთილის დასრულების შემდეგ, დამატებით ვრჩებოდით ხოლმე, რომ ჩვენი მასწავლებლისთვის კითხვები დაგვესვა და ახალი რამ გაგვეგო.
- მოგვიყევით, როგორ მოხვდით პრინსტონის უნივერსიტეტში - რა გზა გაიარეთ იქამდე, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
- მეშვიდე კლასიდანვე ვიცოდი, რომ როგორც სხვა წარმატებული კომაროველები, მეც ამ გზას დავადგებოდი. კომაროვის სკოლაში ეს ძალიან აქტუალური საკითხია და სკოლის ადმინისტრაცია სულ ცდილობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის მაქსიმალური რესურსი გამოყოს. მე Ivy league-ის უნივერსიტეტში მოხვედრა დავისახე მიზნად და წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტში, სემინარებში, სამიტებში, მოხალისეობაში ვიღებდი მონაწილეობას. ბოლო წელს ენის გამოცდებიც ჩავაბარე, ესეები დავწერე და აპლიკაცია გავაგზავნე.
- აკადემიური მოსწრება, კლასგარეშე აქტივობები, პიროვნული თვისებები - როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსი წარმატებისთვის?
- სტატისტიკურად თუ შევხედავთ და უნივერსიტეტების კვლევებს დავიმოწმებთ, შეიძლება ითქვას, რომ აკადემიური მოსწრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შენზე კარგი ნიშნები ყველას შეიძლება, ჰქონდეს, შენზე კარგი აქტივობა ყველამ შეიძლება, მოიძიოს… ერთადერთი, რაც განსხვავებული, ინდივიდუალური და ავთენტურია, შენი თავი და ის პიროვნული თვისებებია, რაც საზღვარგარეთ ჩაბარებისკენ გიბიძგებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც ამერიკაში ჩაბარება უნდა, გულწრფელად უნდა მიუდგეს ამ საქმეს და ეს თვისებები ნათლად წარმოაჩინოს.
- ოჯახის მხარდაჭერას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?
- მე ვფიქრობ, დედა და მამა რომ არა, საერთოდ არაფერი გამოვიდოდა. დისციპლინის ჩამოყალიბებაში სწორედ ისინი დამეხმარნენ. ამავდროულად, ისინი ჩემთვის ის მენტალური საყრდენი არიან, რასაც ამ წლების განმავლობაში ვეჭიდებოდი. ძალიან რთულია და მე პირადად შეუძლებელი მგონია, რომ ეს პროცესი მარტო გაიარო. ვიღაც უნდა გყავდეს, ვინც დაგეხმარება და შენს ემოციებს გაიზიარებს. დედაჩემი იყო ის ადამიანი, ვისაც ესსეების შესახებ აზრებს ვეკითხებოდი და ყოველთვის ისეთ რჩევებს ვიღებდი, თითქოს, კონსულტაციას გამოცდილ ხალხთან გავდიოდი. ნამდვილად გამიმართლა მშობლებში. ოჯახის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- რა შეგიძლიათ, ურჩიოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ?
- ვისაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, შემიძლია, ვურჩიო:
დაისახეთ მიზანი და გაიაზრეთ ამ მიზნის მიღწევის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში. რამდენად გჭირდებათ ის და საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: