დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული (მათ შორის ვალუტის მანიპულაციებით და სავაჭრო ბარიერებით), აშშ-ის მხრიდან დაახლოებით განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით.
მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება.
სხვა დაანონსებული ტარიფებია: ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე 25%-იანი ტარიფი დააანონსა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა უცხოურ ავტომობილზე.
“ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებს და საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - The Economic Times-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ტარიფები "არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს და სერიოზულად აზიანებს შესაბამისი მხარეების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს”.
”მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად და ძალით - ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ,” - აღნიშნა კანადის პრემიერმა.
"ჩვენ არ გვინდა მზარდი სავაჭრო ბარიერები. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო ომი. ჩვენ გვინდა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის გზაზე დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ქვეყნებში ხალხმა შეძლოს უკეთესი ცხოვრებით ტკბობა“, - აღნიშნა კრისტერსონმა.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად შეასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია მელონის განცხადებაში.
"ადმინისტრაციის ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვს და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს. ეს არ არის მეგობრის ქმედება," - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.
"ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები უმთავრესია. ძირითად ღირებულებებად საერთაშორისო სამართლის ერთგულება და თავისუფალი ვაჭრობა რჩება", - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
"მაშინ, როცა გლობალური სავაჭრო ომი რეალობად იქცა, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავენ ყველა შესაძლო ქმედებას ვაჭრობაში ნაცვალგების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მიმართავენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების დასაცავად.
“პრეზიდენტ ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების შესახებ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირზე, უდიდესი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს უარყოფითი შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში.
"ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. მოდით, თვალი გავუსწოროთ უზარმაზარ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. შედეგები მაშინვე საგრძნობი იქნება. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ სხვები უსამართლოდ სარგებლობენ არსებული წესებით და მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რათა გლობალური სავაჭრო სისტემა მოერგოს გლობალური ეკონომიკის რეალობას. მაგრამ ასევე მინდა გარკვევით ვთქვა: ტარიფები ამას არ გამოასწორებს.
თავიდანვე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის ნებისმიერი ბარიერის მოსახსნელად. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის. უკვე ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ. ახლა ვემზადებით შემდგომი საპასუხო ზომებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ბიზნესი, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის გავაძლიერებთ და დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს და მუდამ მხარს დავუჭერთ ევროპას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც და პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაჭრა დაგვიანებული არ არის. მან ევროპელებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპას აქვს ყველაფერი გამოწვევების გადასალახად.
"სრული მხარდაჭერა ევროკომისიას აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის მძლავრ მამოძრავებელ მექანიზმს წარმოადგენს. ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება“, - წერს ანტონიო კოშტა.
მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
"დროა მერკოსურთან და მექსიკასთან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და ინდოეთთან და სხვა მთავარ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
რაც შეეხება აშშ-ის პოზიციაც, ქვეყნის სახაზინო მდივნის თქმით, “აშშ-ის ტარიფებზე ქვეყნების საპასუხო ქმედებები ესკალაციას გამოიწვევს“.
"ჩემი რჩევა ყველა ქვეყნისთვის იქნება: ნუ გადაუხდით სამაგიეროს, რადგან თუ საპასუხო ზომებს მიიღებთ, ესკალაცია გარდაუვალი იქნება", - განუცხადა ბესენტმა Fox News-ს.