სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანამდებობაზე იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი ანრი ოხანაშვილი შეცვლის. ოხანაშვილის ადგილზე კი "ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი პოლიტიკაში 2024 წლის დეკემბერში ოფიციალურად მოვიდა, როდესაც სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ის "ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი იყო. სალია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველი გუნდის 8 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს და მათი შეცვლა გახდა საჭირო.
იუსტიციის ახალი მინისტრი აფხაზეთიდან დევნილია და პოლიტიკაში გამოჩენამდე წლების განმავლობაში წარმატებული იურისტი იყო. ის შპს "გაბუნია და პარტნიორების“ წილის მფლობელი გახლდათ, დიმიტრი გაბუნიასა და ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად. ასევე შპს სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის 25%-ის მფლობელი, შპს ჯი ეს ეი კონსალტინგის 33.3%-ის მფლობელი, შპს ჯორჯიან კოსმეტიკის 5%-ისა და შპს ჰოუმ-დორ თბ-ის15%-ის მფლობელია.
2019 წლის ივლისში, "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თავისი ადვოკატი პაატა სალია, ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნა. მის სახელს უკავშირდება ჟურნალისტების ხმაურიანი გაშვებები არხიდან, რომელთა ნაწილმაც სასამართლოსაც მიმართეს.
მიუხედავად საჯაროობისა, სალია არასოდეს აძლევდა მედიას პირად თემებზე ინტერვიუებს და ცდილობდა ოჯახი მედიის ყურადღებისგან დაეცვა.
იუსტიციის მომავალ მინისტრს მეუღლე ქეთევან ჯელაძე და 2 არასრულწლოვანი გოგონა ჰყავს. ქეთევან ჯელაძე, ასევე აფხაზეთიდან დევნილი და ადვოკატია. ჯელაძე ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებელია, პარტნიორ მაია მესხთან ერთად.
პაატა სალიას ახლო ნათესავი, კერძოდ, ცოლისდა, თებერვალში პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 7 წლის ვადით დაამტკიცა. ნინო ჯელაძე ოთხი ახალი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ პაატა სალიას, სამთვიანი დეპუტატობის პერიოდში ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
იხილეთ ასევე: