თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული, “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.
“პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, - განაცხადა ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
“დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ. მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.
პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
“ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან “ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი. “ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა “ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები.
შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა “ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, - ალეკო ელისაშვილმა.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა "ვივამედი", ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო.
არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო.
ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის.მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს.“ - წერს ელისაშვილი და დასკვნას აქვეყნებს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.