არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივი, რომელთაგან ზოგიერთი უფრო ეფექტურია, ზოგი კი ნაკლებად. დაცულობის ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად ზუსტად სრულდება კონტრაცეფციის ინსტრუქცია, თუმცაღა გასათვალისწინებელია, რომ 100%-ით ეფექტური ქირურგიულის გარდა არცერთი მეთოდი არ არის.
უფრო დეტალურად, ორსულობის პრევენციის რა სახეობებს შეიძლება მივმართოთ, რომელი უზრუნველყოფს მეტ დაცულობას და რომელია უფრო რისკიანი, ამის შესახებ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი საუბრობს:
ორსულობის პრევენციის მრავალი სახეობა არსებობს და მათგან ძირითადი არის:
1. ჰორმონალური მეთოდი, რომელიც შეიძლება იყოს აბების, ინიექციების, პლასტირებისა და ჰორმონალური იმლანტების სახით;
2. ბარიერული მეთოდები - კონდომები, როგორც ქალის ასევე მამაკაცის, მათგან პოპულარულია მამაკაცის კონდომი - პრეზერვატივი;
3. საშვილოსნოს შიდა საშუალებები- სპირალი;
4. ფიზიოლოგიური - კალენდარული და სქესობრივი აქტის შეწყვეტის მეთოდი;
5. სპერმიციდები - საშოში მოსათავსებელი აბები სქესობრივი აქტის წინ, რომელიც კლავს სპერმატოზოიდებს, ხდის მათ განაყოფიერების უუნაროს და შედეგად არ დგება ორსულობა;
6. სტერილიზაცია ქირურგიული გზით, როცა საშვილოსნოს მილების „გადაკვანძვა“ ხდება.
საქართველოში ყველაზე პოპულარულია პრეზერვატივი, ასევე სპირალი, იყენებენ სპერმიციდებსაც. ჰორმონალურ აბებს კი შედარებით იშვიათად მიმართავენ, რადგან მათ მიღების გარკვეული წესი აქვს და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს. ასევე, საკმაოდ ხშირად მიმართავენ შეწყვეტილ აქტს, ანუ როცა სპერმა არ ხვდება საშოში სქესობრივი აქტის შეწყვეტის მეთოდით.
კონტრაცეპტივი 100%-იანი დაცვით პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქირურგიული გზით ჩატარდა მილების ამოკვეთა. თუმცა ნებისმიერი ჩემ მიერ ჩამოთვლილი კონტრაცეპტივით არასასურველი ორსულობისგან დაცვის ეფექტი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, საშვილოსნოსშიდა სპირალი - 99%; ჰორმონალური აბები - 99%, სპერმიციდები 72-82%, პრეზერვატივი - 85%, იმპლანტი - 99%. ყველა მეთოდის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად გამოიყენება ის, რისთვისაც სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.
100%-იანი დაცვის მეთოდად შეიძლება ჩავთვალოთ ქირურგიული გზით სტერილიზაცია, რომელსაც ქალები ზოგჯერ საკეისრო კვეთის დროს მიმართავენ ხოლმე. ისინი ექიმს წინასწარ უთანხმებენ, რომ მილები გადაკვანძონ. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე არის ის, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლებელია მილის აღდგენა და თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალმა ორსულობა გადაწყვიტა, მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებით შეძლებს ამას.
ასევე არსებობს მამაკაცის სტერილიზაციის მეთოდიც, როცა ხდება სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის გადაკვანძვა, რასაც მამაკაცები არ მიმართავენ იმის გამო, რომ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას და შემდგომში სურვილის შემთხვევაში, მისი აღდგენა ძირითადად არ ხდება. ჩემს პრაქტიკაში კონტრაცეფციის აღნიშნული მეთოდის მსურველი პაციენტი არ მყოლია.
ორალური კონტრაცეფციისას ძირითადად გამოიყენება ორფაზიანი ჰორმონალური აბები, რომლებიც შეიცავს ესტროგენისა და პროგესტერონის ჯგუფის ჰორმონებს.
კონტრაცეფციის მიზნით ქალები მათ ნაკლებად მიმართავენ, თუმცა ძალიან ხშირად სწორედ ამ პრეპარატებით ხდება ძალიან ბევრი გინეკოლოგიური პათოლოგიის მკურნალობა. მაგალითად: საკვერცხის ფუნქციური ცისტა, მტკივნეული მენსტრუაციები, სხვადასხვა ტიპის მენსტრუალური დარღვევა, პრემენსტრუალური სინდრომი და ა. შ.
ორსულობისგან თავის დაცვის მიზნით ჰორმონალური კონტრაცეპტივები ექიმმა უნდა დანიშნოს, რადგან მას აქვს უკუჩვენებები. მაგალითად, ჰორმონალური აბები ძირითადად არ ინიშნება ან ინიშნება სიფრთხილით, თუ ქალს აქვს ღრმა თრომბოზები, გადატანილი ინსულტის მდგომარეობა, ესტროგენდამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებები და სისხლის კოაგულაციის ფაქტორების ზოგიერთი დარღვევა და შაკიკი აურით.
ჰორმონალური კონტრაცეფციის შესახებ ბევრი მითი არსებობს, თუმცა ისინი სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად არსებობს მითი, რომ აღნიშნული ტიპის კონტრაცეპტივი იწვევს წონაში მატებას, უშვილობას, ჰორმონალურ დარღვევებს, ონკოლოგიურ დაავადებებს.
ისინი აქტიურად გამოიყენება ჰორმონალური დარღვევის სამკურნალოდ, ასევე შვილოსნობისთვის მოსამზადებლად, როცა ქალს აქვს შვილოსნობის პრობლემა, არეგულირებს დარღვეულ ჰორმონალურ ბალანსს, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი რეჟიმით მიღება. კონტრაცეფციის შერჩევა ექიმ-რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციით უნდა მოხდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას როგორც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები, ასევე ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები, სქესობრივი კონტაქტის სიხშირე და პაციენტის ფსიქო-ემოციური ტიპი.
ცალკეულ შემთხვევებში გარკვეული უკუჩვენება შესაძლოა ჰქონდეს როგორც ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, ასევე სპირალს, სპერმიციტს და იმპლანტს, უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს პრეზერვატივს, ამასთანავე ის იცავს არა მხოლოდ ორსულობისგან, ასევე სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან, ასევე უკუჩვენება ვერ ექნება ქირურგიული გზით საშვილოსნოს მილების გადაკვანძვას, კალენდარულ მეთოდს და შეწყვეტილ სქესობრივ აქტს.
გადაუდებელი კონტრაცეფცია არ მოითხოვს ექიმის კონსულტაციას და მედიკამენტის მიღება ხდება სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. გასათვალისწინებელია, რომ მისი გამოყენება მხოლოდ 6 თვეში ერთხელაა რეკომენდებული, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ჰორმონს, რომელსაც ქალი ერთჯერადად იღებს და მისი ხშირი მოხმარებისას საკვერცხის ცისტის, მენსტრუალური დარღვევების და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.
აღნიშნული კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ ქალი ყურადღებით უნდა მენსტრუალური ციკლის მიმართ. კერძოდ, დროულად დაეწყება თუ არა მენსტრუაცია, მისი გადაცდენის ან პირიქით დროზე ადრე მოსვლის, ასევე, ნებისმიერი ტიპის მუცლის ტკივილის, ღებინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
კონტრაცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა გამომდინარე იქიდან, მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, მისი შერჩევა ექიმის დახმარებით უნდა ხდებოდეს.
რეკომენდებულია, ყველა ქალმა პროფილაქტიკის მიზნით ყოველწლიურად ჩაიტაროს გარკვეული გინეკოლოგიური კვლევები, რა დროსაც შეუძლია ექიმისგან მიიღოს სათანადო რჩევები კონტრაცეფციასთან დაკავშირებითაც.
არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მეთოდები
ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება აბორტის ორი მეთოდი: მედიკამენტური და ქირურგიული.
რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ?
ექიმი ნიშნავს მედიკამენტებს, რომელიც ორსულობის ვადისა და პაციენტის ჩვენების მიხედვით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია და შესაძლოა, მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
აბორტის მიმდინარეობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, სიცხის დამწევი მედიკამენტებისა და სხვა ისეთი საშუალებების მიღება, რომელსაც ექიმი თავად შეგირჩევთ. თუ რომელიმე მათგანის მიმართ ალერგია გაქვთ, აუცილებლად აღნიშნეთ ამის შესახებ.
მედიკამენტური აბორტის ჩატარება დისტანციურად, ტელემედიცინის საშუალებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად აშშ-ში აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული და ეფექტიანია, თუმცაღა დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ახალი რეგულაციების ამოქმედებამ დისტანციური სერვისი მნიშვნელოვნად შეზღუდა და მისი მიწოდება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. მიზეზი კი დამატებითი ვალდებულებებია აბორტის ჩატარებამდე ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის სახით და ასევე პირველი ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ მეორე ულტრაბგერითი კვლევა. კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შეზღუდა იმ კლინიკების რაოდენობაც, რომელიც ქალებს მათთვის საჭირო სერვისს აწვდიდა.
რა უნდა ვიცოდეთ ქირურგიული აბორტის შესახებ?
აბორტის ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით, რომლის დროს ნაყოფის ქსოვილების გამოძევება ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნით. ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით (ასევე ნარკოზითაც).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინის თანახმად, ქირურგიული აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ვაკუუმ-ასპირაციაა (მანუალური ან ელექტრო), რომელიც რეკომენდებულია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (12 კვირა). აუცილებელია, პროცედურა არ დასრულდეს ბასრი კიურეტაჟით, რათა ქსოვილები არ დაზიანდეს. დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) არის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს, ამიტომაც მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ქირურგიულ აბორტს მხოლოდ ვაკუუმ-ასპირაციის მეთოდით აკეთებენ. კიურეტაჟი ახალი აბორტის პროტოკოლითაც აღარ არის რეკომენდებული.
როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური აბორტის დროს მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები და გართულებები: სისხლდენა (მცირე რაოდენობით ან ძლიერი სისხლდენა საშოდან), ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და წარუმატებელი მედიკამენტური აბორტი, რის გამოც შესაძლოა დაინიშნოს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ქირურგიული აბორტის შემდგომ არსებობს ინფექციის რისკი, ამიტომაც იმ შემთხვევაში, თუ აბორტის შემდეგ რაიმე ჩივილი გაქვთ, თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ ექიმს (დისტანციურად ან ადგილზე მისვლით) და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.
მნიშვნელოვანია, ქალებს ხელი მიუწვდებოდეთ როგორც კონტრაცეპტივზე, ისე საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მეთოდებზე, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული თვითნებური აბორტები, მათგან გამოწვეული გართულებები და შესაძლო ლეტალური შედეგები.