საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერისა და ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის ბედი ორშაბათს გადაწყდება, როდესაც სასამართლო ლე პენის და მისი პარტიის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტიდან ფულის გაფლანგვის ბრალდებაზე განაჩენს გამოიტანს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამგზის საპრეზიდენტო კანდიდატს შესაძლოა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს.
თავად ლე პენი პროკურორებს მისი "პოლიტიკური მკვლელობის" მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ მას თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას ჩამოართმევენ, ეს ამომრჩეველთა სურვილებს შეეწინააღმდეგება და საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს.
ლე პენი და მისი პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" (RN) კიდევ 24 წევრი, მათ შორის პარტიის ოფიციალური პირები, თანამშრომლები, ევროპარლამენტარები და თანაშემწეები გასული წლის ნოემბერში გაასამართლეს. მათ ევროპარლამენტიდან ფულის აღებაში ადანაშაულებდნენ, რომელიც სავარაუდო ყალბი სამუშაო ადგილების სქემის ნაწილია. იმის ნაცვლად, რომ ფული ევროკავშირის თანამშრომლებზე დახარჯულიყო, ის საფრანგეთში პარტიულ პერსონალს მოახმარეს. ევროპარლამენტის ვარაუდით, გაფლანგული თანხა დაახლოებით 7 მლნ ევროს უტოლდება. ლე პენი და მისი პარტია ამ ბრალდებას დღემდე უარყოფს.
გასულ კვირას, კითხვაზე, ღელავდა თუ არა მისი პოლიტიკური მომავლის გამო, ლე პენმა უპასუხა: "ამაზე არ ვფიქრობ. შიში საფრთხეს არ განარიდებს, ამიტომ წინასწარ დასკვნების გამოტანის აზრს ვერ ვხედავ. თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი იმაში, რაშიც ბრალს მდებენ, ამიტომ თუ საჭირო გახდა, ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად კანონს გამოვიყენებ".
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა