ნიკოლაი გოგოლი მე-19 საუკუნის უკრაინელი-რუსი მწერალია, რომლის ნაწარმოებებმაც სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაში. გოგოლის შედევრებს შორისაა რომანი „მკვდარი სულები“, პიესა „რევიზორი“ და მოთხრობა „შინელი“. აღნიშნულ ნაწარმოებებში მწერალი სატირის, ფსიქოლოგიზმისა და ფანტასმაგორიული სახეების ოსტატური შერწყმით თავისი სამშობლოს, რუსეთის პირქუშ სინამდვილეს გადმოსცემს.
ნიკოლაი გოგოლი, რომელსაც ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას, ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელმაც რუსეთის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა.
კრიტიკოსები და მწერლები აღნიშნავენ გოგოლის გავლენას არა მხოლოდ რუსულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე. მისი შემოქმედების ზეგავლენა იგრძნობა ფიოდორ დოსტოევსკიზე, მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინზე, ფრანც კაფკაზე, რიუნოსკე აკუტაგავაზე, მიხაილ ბულგაკოვზე, ვლადიმირ ნაბოკოვზე, ფლანერი ო’კონორსა და სხვა დიდ მწერლებზე.
დასავლეთში გოგოლს „მესამე რუსს“ უწოდებენ (დოსტოევსკისა და ტოლსტოის შემდეგ), ხოლო მის რომანს - „მკვდარ სულებს“ რუსულ „ღვთაებრივ კომედიას“. მართლაც, ამ ეპოპეის პირველ წიგნს ჯოჯოხეთში უნდა ჩვეყვანეთ, მეორეს - სალხინებელში და მესამეს - სამოთხეში. რაგინდ მოულოდნელი არ უნდა იყოს, გოგოლს სრულყოფილად მხოლოდ ჯოჯოხეთი გამოუვიდა, ჯოჯოხეთში დადის ჩიჩიკოვი და მკვდარ სულებს ყიდულობს. რუსეთი, როგორც ახლა, მაშინაც მკვდარი სულების ქვეყანა იყო...
გოგოლს „მკვარი სულები“ 1841 წელს ჰქონდა დასაბეჭდად გამზადებული. მისი პირველი გამოცემა მოსკოვში 1842 წელს გამოჩნდა.
რომანის ტრიუმფალური აღიარების შემდეგ, მისმა თანამედროვეებმა მწერალს უწოდეს შესანიშნავი სატირიკოსი, რომელმაც ნათელი მოჰფინა რუსეთის იმპერიის ბრელ მხარეებს.
გოგოლის ადრეული შემოქმედება
„ჰანც კიუხელჰარტენი“ - ეს არის გოგოლის პირველი პოემა, რომელიც მან 1829 წელს გამოსცა, თუმცა კრიტიკოსებმა ნაწარმოები დაიწუნეს. შეურაცხყოფილმა ავტორმა წიგნის ყველა ეგზემპლარი დაუბრუნდა და დაწვა, შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა.
უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ მან კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. ძალა და გამბედაობა მოიკრიბა და უკრაინული მოთხრობების წერა დაიწყო. მწერალი ამ მოთხრობებზე გატაცებით მუშაობდა. საბოლოოდ, კი გამოაქვეყნა ჟურნალ „ოტეჩეტვენნიე ზაპისკიში“ და მკითხველის პირველი აღიარებაც მოიპოვა. დამწყები მწერალი მალევე დაუახლოვდა პუშკინს, რომელმაც ალღო აუღო მის ნიჭს და გეზი მისცა მის შემოქმედებას.
გოგოლი აგრძელებს წერას. მან 1831 წელს გამოაქვეყნა უკრაინული მოთხრობების პირველი კრებული „საღამოები დიკანის მახლობლად, ხუტორში“. ამას მოჰყვა მოთხრობების მეორე კრებული „მირგოროდი“, რომელიც ორ ნაწილად დაბეჭდა, პირველ ნაწილში შევიდა მოთხრობები „ძველი დროის მემამულენი“ და „ტარას ბულბა“, სოლო მეორეში „ვიი“ და „ამბავი იმისა, თუ რაზე მოუვიდა ჩხუბი ივან ივანოვიჩს ივან ნიკიფოროვიჩთან“. „ტარას ბულბაში“ მწერალმა აღწერა ბრძოლა რომელსაც აწარმოებდა უკრაინელი ხალხი ზაპოროჟიელი კაზაკების მეთაურობით უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ XVI - XVII საუკუნეებში.
მწერლის შემოქმედება, მათ შორის „მკვდარი სულები“ ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი. კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებებში რუსეთის იმპერიასთან წარმოჩენილი საკითხები დღევანდელ რეალობაშიც აქტუალური რჩება.
R