რა გვახსენდება, როდესაც გვესმის სიტყვა დავა?
პირველი ასოციაციები ემოციურია - უსიამოვნება, კონფლიქტი, დაძაბულობა. შემდეგ უკვე მატერიალური საკითხები იჩენს თავს - ხარჯები, გაჭიანურებული პროცესი, დაკარგული დრო. ბოლოს კი ისეთი პრობლემებიც მოგვაგონდება, როგორიცაა რეპუტაციული ზიანი, მითქმა-მოთქმა, დაზიანებული, ან სულაც დაკარგული ადამიანური თუ საქმიანი ურთიერთობები.
მეზობელთან ვდავობთ, ოჯახის წევრთან, დამსაქმებელთან თუ ბიზნესპარტნიორთან, დავის გადაწყვეტა რთული პროცესია. თუმცა არსებობს გზა, რომელსაც ამ სირთულეების გამარტივება შეუძლია - მედიაცია.
რა არის მედიაცია?
ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც მხარეებს, დაპირისპირების ნაცვლად, მოლაპარაკების, მაგიდასთან დაჯდომისა და ურთიერთშეთანხმების შესაძლებლობას აძლევს. მედიაციის პროცესში, სასამართლოსგან განსხვავებით, მხარეები სადავო საკითხს წყვეტენ არა შეჯიბრებითობაზე, არამედ დიალოგზე დაყრდნობით და პროცესიც არა მოგებით, ან წაგებით, არამედ ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით სრულდება.
მედიაციის პროცესს წარმართავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური და პროფესიონალი მედიატორი, რომელიც პროცესის ყველა ეტაპზე მხარეებს დიალოგსა და ყველასთვის ხელსაყრელი შედეგის მიღწევაში ეხმარება.
“ეს არის უალტერნატივო საშუალება, რომლის მეშვეობით მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი ჩართულობით ეცადონ და თავად დაარეგულირონ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით დავა.
მედიაციის პროცესში ადამიანები სწავლობენ პასუხისმგებლობის აღებას, მათ წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტაზე, თავად აღმოფხვრიან კონფლიქტის წყაროს და თავადვე იღებენ გადაწყვეტილებებს. ამ პროცესში მოდავე მხარეები, იქნება ეს ორი ბიზნესი თუ ფიზიკური პირები, ინარჩუნებენ სამომავლო ურთიერთობებს, იზრდება მიმღებლობა ერთმანეთის მიმართ და ამ ყველაფრის ფონზე, იზრდება საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერებაც, რადგან საზოგადოება, რომელმაც იცის, როგორ დაარეგულიროს მის წინაშე არსებული გამოწვევები, არის შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება.” - ამბობს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.
ვის შეუძლია მედიაციით სარგებლობა?
მედიაციის მეშვეობით ნებისმიერი სამოქალაქო და ბიზნეს დავის გადაწყვეტაა შესაძლებელი. შესაბამისად, რა ტიპის დავაც უნდა გქონდეთ - იქნება ეს ოჯახური, ქონებასთან, ბიზნესთან, მემკვიდრეობასთან თუ სამუშაო პირობებთან დაკავშირებული - მედიაცია თქვენთვის ხელმისაწვდომია.
რა უპირატესობები აქვს მედიაციას?
მედიაცია ხელმისაწვდომი, მოქნილი და სწრაფია - პროცესი არ გრძელდება თვეობით და წლობით. მედიაციისათვის კანონით გათვალისწინებულია 45 დღე, რომელიც, მხარეთა სურვილით, შეიძლება გახანგრძლივდეს იმავე ვადით. თუმცა, მედიაციის პროცესი მათ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას, რომ თავად განსაზღვრონ ის ვადები და შეხვედრების რაოდენობა, რომლებიც სჭირდებათ შეთანხმების მისაღწევად. არ არის გამორიცხული, რომ დავა დასრულდეს პირველივე შეხვედრაზეც. გარდა ამისა, მედიაცია, სასამართლოსგან განსხვავებით, არ მოითხოვს საქმის მასალების, მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენას. შესაბამისად, უფრო ნაკლებ დანახარჯს უკავშირდება.
მედიაცია კონფიდენციალური და არაფორმალურია - მედიაციის დრო და ადგილი დამოკიდებულია მხარეების არჩევანსა და შეთანხმებაზე. პროცესს არავინ ესწრება მხარეების, მათი წარმომადგენლების, დავასთან დაკავშირებული პირებისა და მედიატორის გარდა. ეს არ არის სტრესული და ემოციურად გამომფიტავი პროცესი, მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი ემოციების, მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა და ამავდროულად, მათი მხრიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია კონფიდენციალობის პირობით.
მედიაციისას კონტროლი მხარეების ხელშია - მედიაციას არ ჰყავს მოგებული და წაგებული. გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ მხარეები და პროცესიც სრულდება მათთვის ხელსაყრელი და მისაღები შედეგით.
მედიაცია ურთიერთობის შენარჩუნების გზაა - მედიაცია ორიენტირებულია არა მოდავეთა დაპირისპირებაზე, არამედ საერთო ენის გამონახვაზე. რაც სამომავლოდ ურთიერთობის შენარჩუნების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
მედიაციის პროცესში მარტო არ ხარ - პროცესს წარმართავს დამოუკიდებელი, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიატორი, რომელიც ყველა ეტაპზე გეხმარება მოლაპარაკების წარმოებასა და ყველასთვის მისაღები შედეგის მიღწევაში.
“მედიაცია ეს არის პროცესი, რომელიც ზოგავს დროს და ხარჯებს, ეხმარება მხარეებს, მოიხსნან დაძაბულობა, ისაუბრონ თავისუფლად, რადგან პროცესი კონფიდენციალურია. არ არის ჩარჩოებში მოქცეული და შეზღუდული კონკრეტული პირობებით, განჭვრეტადია მისი ვადაც და შედეგიც და რაც მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვისაც და კერძო პირებისთვისაც, უალტერნატივო საშუალებაა - თავიდან აირიდო ხიდჩატეხილობის პრობლემა” - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი.
როგორ ვისარგებლო მედიაციით?
მედიაციით სარგებლობა შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვამდეც და მაშინაც, თუ დავა უკვე სასამართლოშია. შესაბამისად, არსებობს კერძო და სასამართლო მედიაცია.
თუ თქვენი დავა სასამართლოში არ არის, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ისარგებლოთ კერძო მედიაციით. ამისთვის, პირველ რიგში, ორივე მხარის თანხმობაა საჭირო.
თუ ყველა მონაწილე თანახმაა, რომ დავა მედიაციით გადაწყდეს - შემდეგი ეტაპი უკვე მედიატორის შერჩევაა. კერძო მედიაციისას, მხარეებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი მედიატორი. მედიატორის შერჩევა შესაძლებელია მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ რეესტრში, სადაც მოცემულია ყველა სერტიფიცირებული მედიატორის ბიოგრაფია და მონაცემები.
თუ დავა უკვე სასამართლოშია, მისი მედიაციით გადაწყვეტის ინიციატივა შესაძლებელია ეკუთვნოდეთ მხარეებსაც და მოსამართლესაც. სასამართლო მედიაციის საქმეებს ადმინისტრირებას უწევენ და წარმართავენ სასამართლოსთან არსებული მედიაციის ცენტრები და ამ პროგრამაში ჩართული მედიატორები.
როგორია მედიაციის პროცესი?
მედიაცია ტარდება ნეიტრალურ და ნაკლებად ფორმალურ სივრცეში, მხარეების, მათი წარმომადგენლების, დავასთან დაკავშირებული პირებისა და მედიატორის მონაწილეობით და რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე, მხარეები და მედიატორი საქმეს, ერთმანეთსა და პროცესს ეცნობიან. ინიშნება საერთო შეხვედრა, სადაც მოდავე მხარეები მედიატორის თანდასწრებით აზიარებენ საკუთარ პერსპექტივას, მოტივებსა და ინტერესებს, დგება განსახილველი საკითხების დღის წესრიგი.
მომდევნო ეტაპზე, მხარეები ცვლიან წინადადებებს, აახლოვებენ პოზიციებს, და აფიქსირებენ შეთავაზებებს.
მედიაციის ბოლო ეტაპზე კი დგება წერილობითი შეთანხმება, სადაც აისახება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები.
მედიაციის ყველა ეტაპზე მედიატორი არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური, უსმენს ყველა მხარეს და ეხმარება მისაღები შედეგის მიღწევაში.
მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების პირობების აღსრულება ისეთივე სავალდებულოა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში.
როგორ გავიგო მეტი მედიაციის შესახებ?
მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მედიატორთა რეესტრის გასაცნობად და მათთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მედიატორთა ასოციაციას. მედიატორთა ასოციაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს საქართველოში მედიაციის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებაზე.
ვებგვერდი: www.mediators.ge
ტელეფონის ნომერი: 2 905 900
ელექტრონული ფოსტა: info@mediators.ge
თუ გაქვს დავა, იცოდე, რომ გაქვს დავის გადაწყვეტის მარტივი ალტერნატივაც. აირჩიე მედიაცია, დაასრულე დავა შეთანხმებით!
R