კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა დღეს რაჭაში. პოლიციელი, რომელის სტიქიის ზონაში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუვნელყოფდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
დაღუპული სამართალდამცველი 48 წლის მირიან ჭელიძეა, რომელიც შოვის ტრაგედიის პირველი დღეებიდან სტიქიის ადგილზე მუშაობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის ინფარქტია.
"შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში…. როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს….. ნათელში იყავი, გმირო.
პ.ს ინფორმაცია ადგილობრივებმა მოგვაწოდეს. პირდაპირ ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის კართან გაუჩერდა გული.. დეტალებს ვარკვევთ და აუცილებლად დავწერთ", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილ პოლიციელს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი ამბროლაურიდან იყო.
"ღმერთო, რატომ? ეს რა ტკივილია! მიკა სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, საამაყო ვაჟკაცი, კეთილი, მშრომელი, საუკეთესო ძმა, მეუღლე, მეგობარი. სიტყვები არ მყოფნის!" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
სამწუხაროა, ნათელი შენს სულს
საუკუნო ხსოვნა ვაჟკაცსა და გულიან ქართველს!