17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა განახლებულიყო რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის არსებული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ ის შარშან გაფორმდა თურქეთის დიდი ძალისხმევითა და გაეროს მონაწილეობით, შეიქმნა უსაფრთხო საზღვაო დერეფანი უკრაინის პორტებიდან საექსპორტო მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების გასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა.
ახლა კი რუსეთმა განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებამ" ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა "საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწვევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.
გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და "როსსელხოზბანკის" დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში, რაც, ფაქტობრივად, მისთვის დაწესებული სანქციების ნაწილია და რეალურად სანქციების გაუქმების მოთხოვნას ნიშნავს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად გააკრიტიკეს რუსეთის უარი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე და უკრაინის ნავსადგურების ბლოკადას "სამხედრო აგრესიის აქტი" უწოდეს. ასეთივე პოზიცია აქვთ ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს. უკრაინამ შუამავალ გაეროსა და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად. ამის გამო კი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა, ემზადებოდეს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.
რას მოასწავებს რუსეთის გასვლა "მარცვლეულის შეთანხმებიდან", რა გავლენა ექნება საქართველოზე, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის პროფესორი ვახტანგ ჭარაია გვესაუბრება.
- რუსეთი ცდილობს რამდენიმე კურდღელი ერთდროულად დაიჭიროს ან მოკლას. შეთანხმებიდან გასვლით მსოფლიოს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის მასზე, ხორბალი არ არის ასე მრავალფეროვნად სხვადასხვა ადგილიდან ხელმისაწვდომი და ამ ბაზარზე რუსეთი თავად არის ერთ-ერთი სოლიდური მოთამაშე; პლუს მეორე სოლიდურ მოთამაშეს, უკრაინას, მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინფრასტრუქტურასა და ხორბლის საცავებზე დარტყმებით. რუსეთმა შესაძლოა ჩათვალა, რომ ამით ეკონომიკურად უფრო მეტი მოგების მიღება შეუძლია, რასაც გამოიყენებს სამხედრო დანიშნულებით თუ ცალკეული ქვეყნებით მანიპულირებისთვის. შესაბამისად, ამას შეიძლება მოჰყვეს გლობალურად ძალიან რთული შედეგები, შესაძლოა ისედაც შიმშილობის ზღვარზე მყოფი მილიონობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. სწორედ რუსეთია ამაზე პირდაპირი პასუხისმგებელი.
შევხედოთ ვითარებას საქართველოს განზომილებაშიც. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევა იქნება, რადგან შესაძლოა მსოფლიოში ფასები გაიზარდოს, რაც, ცხადია, ჩვენს მომხმარებელზეც უარყოფითად იმოქმედებს, მით უმეტეს, თუ ფასები ჩვენთვისაც გაიზრდება. მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს შესაძლებლობების ფანჯარაც - ჩვენი ხორბლის მწარმოებლები უჩივიან რუსეთთან არაკონკურენტული პირობების არსებობას და შესაძლოა, ადგილობრივი ხორბლის წარმოებისა და გადამუშავების საჭიროება რეალურად გაჩნდეს. თუმცა ადგილობრივი წარმოება წახალისდება თუ კვლავ რუსეთიდან გავაგრძელებთ ხორბლის შემოტანას, მომხმარებლისთვის ფასები მაინც გაიზრდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ - ყველა შემთხვევაში ფასების ზრდის მოლოდინში შეგვიძლია ხეირიც ვნახოთ - ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, ადგილობრივების დასაქმებით, რაკი ხორბლის წარმოება-გადამუშავება-გაყიდვით სარგებელს ნახავენ, გაჩნდება ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის გვაქვს ამ დარგში "ნაჩუქარი", რადგან ხორბალსა და ფქვილს მისგან ვყიდულობთ.
- მუდმივად არის ლაპარაკი, რომ მარცვლეულის ადგილობრივი წარმოება საკმარისი არა გვაქვს. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს თვითუზრუნველყოფის თვალსაზრისით?
- რთული საქმეა თვითუზრუნველყოფა, თუმცა საჭირო ხორბლის ნახევარი მაინც რომ ადგილობრივი გვქონდეს, შემდეგ უკვე რუსეთი ჩაკეტავდა ბაზარს თუ სხვა რამეს მოიფიქრებდა, ჩვენთვის არ იქნებოდა ისეთი დარტყმა, რამაც შესაძლოა საერთოდ ხორბლის გარეშე დაგვტოვოს...წაიკითხეთ სრულად
ეხლა თავზე წავიკრათ ნაჭერი და სახე დავიფხოკოთ თუ სახელმწიფომ რატომ არ დავთესე ხორბალი მაღალი ხარისხი თუმცა სადა ნიადაგი ყველაფერი გაყიდულია და მიგდებული ,,სოციალურ წყობას ვაჯობეთ არ დათესვაში და განადგურებაში ახლა ვუყუროთ სხვა სახელმწიფო როგორ აიღებს ხორბალს შორიდან...
გაგიჟდები კაცი .... რაც აწარმოა ქართველმა ფერმერმა, აქცია აქციაზეა და სახელმწიფო არ იცავს ქართველ ფერმერს რათა თავისი პროდუქტი თავის ქვეყანაში გაასაღოს... და ეს იმპორტზე დამოკიდებულება ??? რა ვითარებაა? რა მოქმედებაა??