9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაუღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი Ambebi.ge-ს უყვება:
"იმ ღამით ბიჭები, გიორგი რატიანი, გიორგი ნიჟარაძე და გიორგი კაკრიაშვილი მესტიიდან უშგულში მსუბუქი ავტომანქანით (BMW) გადაადგილდებოდნენ. სამივენი თანატოლები - 30-32 წლისანი იყვნენ. იქ ბიზნესი ჰქონდათ. გარდაცვლილები თბილისელები არიან, კაკრიაშვილი - ჯანდარელი.
სამივენი მეგობრები იყვნენ, ერთად გაზრდილები, ზაფხულობით სულ სვანეთში იყვნენ. ბიჭები გვიან მიდიოდნენ უშგულში და არის ვერსია, რომ ცუდი ხილვადობა იყო, ზოგი იმას ამბობს, რომ მანქანამ უმტყუნათ. ერთ-ერთი გიორგის მამა - როლანდ ნიჟარაძე, ერთი პერიოდი სამხედრო აკადემიაში ასწავლიდა. მეორე გიორგი - რატიანი ადრე ძიუდოისტი იყო, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. შემდეგ რაღაც მოხდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. გიორგი ნიჟარაძეს დედა არ ჰყავდა, რატიანს - მამა.
ავარიის დროს გიორგი რატიანი თურმე მანქანიდან ხტებოდა, მაგრამ პროტეზს შეუშლია ხელი, საჭესთანაც ის მჯდარა. მარტო გიორგი კაკრიაშვილმა მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, მას არაფერი დაშავებია, მაგრამ შოკშია ბიჭი.
როცა მანქანა გადავარდა, რა თქმა უნდა, ტელეფონებიც დაიკარგა, ამიტომ კაკრიაშვილი მულახში (ჭოლაში) ასულა, ტრაგედიის შესახებ სოფელს მან შეატყობინა, სოფელმა კი მაშველებს და სასწრაფოს. რატიანი იქვე ნახეს, ხევში, ნიჟარაძეს კი ძებნა დასჭირდა, მდინარე მულხურამ წაიღო.
იცით, რა საოცარი ბიჭები იყვნენ?! ბედნიერია, ვინც მათ არ იცნობდა და ასე არ განუცდია ამ ახალგაზრდების დაღუპვა, როგორც ჩვენ განვიცდით“, - გვიყვება გარდაცვლილი ბიჭების ახლობელი.
ღმერთო ნუ ნუ დაგვსჯი ასე ძალიან . ოღონდ ეს არა, ოღონდა ეს არა...
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები,რა გულდასწყვეტი და ტრაგიკულია როცა ასე უაზროდ ერთმანეთის მიყოლებით იღუპებიან ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, არ ვიცი სხვა ქვეყნებშიც თუ ხდება ასეთი რამ, არა მგონია, რაღაც ზომებია მისაღები ხელისუფლებისგან