ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 3-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“ ფარგლებში 11 ქვეყნის მეცნიერებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა EduTech, AgriTech, LegalTech და სხვა.
LegalTech-ის პანელს ერქვა „ტექნოლოგიების სამართალი და სამართლის დიგიტალიზაცია“, პანელზე მოწვეული იყვნენ დარგის ექსპერტები. მოხსენება „ციფრული მმართველობა იუსტიციის სისტემაში და სამართლის ტექნოლოგიები“ გააკეთა BTU-ს პროფესორმა, კვლევების ცენტრის დირექტორმა, სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ზვიად გაბისონიამ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც საუბარი იყო საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრი“, სსიპ „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი“. ქართველმა და ამერიკელმა იურისტებმა სამეცნიერო მოხსენებებიც წარადგინეს.
EduTec-ის პანელზე მოხსენება გააკეთა BTU-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ნონიაშვილმა. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე განათლების სხვადასხვა საფეხურზე. მოხსენებები ეხებოდა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და Chatgpt-ს გამოყენება განათლების სისტემაში, სწავლა-სწავლების დროს. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები: საქართველოდან, აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან უკრაინასა და პოლონეთიდან. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
AgriTech-ის პანელის მოხსენების ავტორი გახლდათ BTU-ს ასოცირებული პროფესორი თამთა მამულაიძე. მისი მოხსენების სახელწოდებაა „აგრორევოლუცია“ და აგრარული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სისტემაში“. პანელის შემდეგ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც აგრარულ სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვსთან დაკავშირებით გააჩნია. პანელის ფარგლებში ასევე ისაუბრეს აგრარულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის მთავარ ასპექტებზე.
საერთო ჯამში კონფერენციაში 11 ქვეყნის 20-მდე მაღალი რანგის მეცნიერი მონაწილეობდა. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა.
R