"იქ იყვნენ ყოფილი ჯარისკაცები, ბარმენები, მხატვრები და რამდენიმე პოეტიც კი. ჩვენ ვიცით, რა განცდაა რუსეთთან ომი“, - ამბობს ნანა ტომარაძე და იხსენებს 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა... ბრიტანულმა გამოცემამ - The Time ვრცელი სტატია მიუძღვნა იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სტატიაში საუბარი იყო ქართველ მებრძოლ ქალებზეც - ნანა ტომარაძესა და დარეჯან მაისურაძეზე.
"უკრაინაში ბევრი უცხოელი ქალი იმყოფება, რადგან ისინი არ მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მამაკაცებმა უნდა იბრძოლონ. თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, 31 წლის ქართველი ნანა ტომარაძე თბილისში, სახლში, თავის 8 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა და ომში წასვლა გადაწყვიტა“, - წერს The Time.
ნანა ტომარაძის რუსეთ-უკრაინის ომში ბრძოლას არაერთი სტატია მიეძღვნა. ამჯერად ის პროფესიებზე, მოდელობაზე, მხატვრობაზე, დედობასა და პირად საკითხებზე საუბრობს...
- ნანა, როგორც ვიცი, სამოდელო სფეროში იყავით, "მის საქართველოს" კონკურსის შესარჩევ ეტაპებშიც მონაწილეობდით...
- დაახლოებით 11 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში ცოტა ხნით დავდიოდი. ფოტოც მაქვს შემორჩენილი, ბავშვობაში პოდიუმზე რომ გამოვედი ერთ-ერთ ჩვენებაზე... ვინაიდან ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, იმ პერიოდში ოჯახს გვიჭირდა და სამოდელო სფეროში ჩემი კარიერის აწყობის პროცესი შეწყდა...
13 წლის ასაკში გავთხოვდი, გავიპარე, 14 წლის მალევე გავხდი. პირველ მეუღლესთან, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, 4 წელი ვიცხოვრე და ძირითადად, სახლსა და თეატრში მიწევდა ყოფნა, რადგან მსახიობი იყო და მას დავყვებოდი. ის წლები ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე... იმ პერიოდში ჩემი მაშინდელი მეუღლის დედინაცვალი ჩამოვიდა თურქეთიდან, რომელსაც ძალიან შევუყვარდი. ერთად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით, ჩემთვის მეორე დედასავით იყო. მან მირჩია, ია კიწმარიშვილთან „მის საქართველოს“ შესარჩევ ქასთინგზე მივსულიყავი... ქასთინგი წარმატებულად გავიარე და ამირჩიეს - „მის საქართველოს“ კონკურსზე უნდა გავსულიყავი, მაგრამ ეს ამბავი ეგრეთ წოდებულმა მეუღლემ რომ გაიგო, აღარაფრით გამიშვა. ხომ შეიძლებოდა, გამემარჯვა, ან რამე ტიტული მიმეღო? თუნდაც მონაწილის სახელი მქონოდა... ასე გადაწყვიტა ჩემი დამალვა. იმიზეზებდა, გათხოვილი გოგო ხარ და რომ გაიგონ, დაგაჯარიმებენო. რეალურად, ხელი მოწერილი არ გვქონდა, არც ჯვარი დაწერილი, ცოლ-ქმარი მხოლოდ სიტყვიერად ვიყავით... მისი დედინაცვალი კი მეუბნებოდა, არ უთხრა, შენი გაიტანეო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვატყუე და ასე ბავშვურად მივენდე. მაშინ 17-18 წლის ვიყავი... ძალიან გული მწყდება, მაგ მიმართულებით რომ არ წავედი და შანსი არ გამოვიყენე.
გარკვეული შემოთავაზებები ახლაც მაქვს, მწერენ, რომ სურთ ფოტოსესია მომიწყონ, მაგრამ შემდეგ საუბარი სხვა გზით მიჰყავთ. ამაზე ვბრაზდები და უკვე არაერთი კონფლიქტი მომივიდა. არ მიყვარს, როცა საქმეს რაღაც არაწესიერებაში ურევენ, განწყობა მიფუჭდება. საწყენია, რომ მოდელებს ასე აღიქვამენ, თან როგორ ვერ ხვდებიან, რომ პატარა გოგო აღარ ვარ და ჩემი მოტყუება ადვილი არ იქნება?! არადა, ფოტოსესიები ძალიან მომწონს, ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა კი მქონია...
ახლახან, ფილმში, მასიურ სცენაში მქონდა შემოთავაზება. მეძავის როლი უნდა მეთამაშა. ფილმი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რა როლიც არ უნდა იყოს. ამიტომაც მყისიერი უარი არ ვთქვი, დავთანხმდი, მაგრამ დეტალებით დავინტერესდი... როდესაც დეტალები არ ამიხსნეს, რა როგორ ვითარდებოდა, ამის გამო უარის თქმამ მომიწია. ამაზეც ძალიან გული მწყდება, ფილმში მონაწილეობა რომ არ მოხერხდა...
ახლაც რაღაც რეკლამაზე მიმიწვიეს და ვემზადები. ჩემით ვიკეთებ ფრჩხილს, თმას, მაკიაჟს... ძალიან დიდი ხნის წინ, ვცეკვავდი კიდეც, ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ისევ ვცეკვავ, მაგრამ ასე აღარ არის...წაიკითხეთ სრულად
იბრძვის!
ძალიან საყვარელი გოგო. წარმატებებს და შენი ოცნებების ასრულებას გისურვებ.