თუ თანამედროვე ტენდენციებს მიჰყვებით, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ TikTok-ზე ახალი ტრენდია და მას #BookTok ჰქვია. ჰეშთეგით BookTok კონტენტის შემქმნელები წერენ ვიდეო მიმოხილვებს, დისკუსიებს ან უბრალოდ ხუმრობებს წიგნების შესახებ. აღნიშნული კონტენტის შემქმნელები საზოგადოებაში ცნობილი არიან, როგორც ბუქტოკერები. წიგნების ჟანრი და თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა პოსტების დიდ ნაწილში თანამედროვე ფიქციისა და ფენტეზის ჟანრში შექმნილი ნაწარმოებებია განხილული.
ბუქტოკერების საზოგადოება 2020 წელს ჩამოყალიბდა. მის შემქმნელად ითვლება TikTok-ის მომხმარებელი @caitsbooks, რომელიც ციფრულ სივრცეში გამოჩენიდან ძალიან მოკლე პერიოდში გახდა პოპულარული. მისმა პოსტებმა კი სხვა ტიკტოკერებს მისცა მოტივაცია და სურვილი, რომ ისინიც აჰყოლოდნენ ტრენდს. ბუქტოკერები უფრო ხშირად თინეიჯერი ან ახალგაზრდა ქალები არიან. მათ ნაწილს რამდენიმე ასეული ათასი ფოლოვერი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ წიგნების გაყიდვებზე BookTok-ის ტრენდები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. წიგნები, რომლებიც „ტრენდშია“, ისეთი ტემპით იყიდება, რომ მათი მარაგები მალევე იწურება. ბუქტოკის ვიდეოების დამსახურებით რამდენიმე წიგნი The New York Times Bestseller-ის სიაშიც კი მოხვდა.
გაგაცნობთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც ამჟამად ბუქტოკერებში განსაკუთრებით პოპულარულია და ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია:
„ყველაფერი მთავრდება ჩვენით“, კოლინ ჰუვერი
როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: „მე ასე არ მოვიქცეოდი!“
„ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი“, ტეილორ ჯენკინს რეიდი
ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ _ ის? და რატომ _ ახლა? მონიკზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას _ 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან.
„მახინჯი სიყვარული“, კოლინ ჰუვერი
მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება.
„ხანძარი სახლში“, კამილა შამზი
ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში... მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!
„ვერიტი“, კოლინ ჰუვერი
როცა სიყვარული მოდის, სული გინათდება, გული გიმღერის, და თუ მას ნაყოფიც გამოაქვს, უდიდესი საჩუქარი _ შვილი, ხანდახან ტყუპიც, სიკეთეს აფრქვევ, დედაშვილური სიყვარულის ბედნიერებას გამოცდი, მაგრამ თურმე სხვაგვარი სიყვარულიც არსებობს _ სიძულვილიანი, ბრმა, მათ მიმართ, ვინც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა. სასტიკი დანაშაული სიყვარულის სახელით, რომელსაც გამართლება არა აქვს, და მას ახალგაზრდა მწერალი ქალი ამხელს, რათა დამნაშავის ოჯახიც დაიცვას და საკუთარი თავიც.
დროა, თქვენც გახდეთ ბუქტოკერი. და თქვენი რჩეული წიგნი რომელია?