ავტორი:

"ფიქსირდება გრიპის და სხვა ინფექციების გახშირებული რაოდენობა, რამაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს" - ცერცვაძე

"ფიქსირდება გრიპის და სხვა ინფექციების გახშირებული რაოდენობა, რამაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს" - ცერცვაძე

საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა.

ამასთან, ცერცვაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს და რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტის ჩატარებას ურჩევს.

"როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID-ი ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები.

შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვევიდან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება“, - აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება კორონავირუსის მიმდინარეობას, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება.

„საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მართალია, მთელ მსოფლიოში პიკის პერიოდთან შედარებით COVID-ის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალებამ იკლო, მაგრამ ბოლო პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში აღინიშნება COVID-ის როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მატება. ასე მაგალითად, ა.წ. 7 დეკემბერს მსოფლიოში დაფიქსირდა 536 962 ახალი შემთხვევა და 1347 გარდაცვალება, რაც ამ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. ამ დღეს იაპონიაში დაფიქსირდა 149 383 ახალი შემთხვევა და 211 გარდაცვალება, აშშ-ში - 45 970 ახალი შემთხვევა და 318 გარდაცვალება, გერმანიაში - 40 256 ახალი შემთხვევა და 125 გარდაცვალება, საფრანგეთში - 75 752 ახალი შემთხვევა და 92 გარდაცვალება და ა.შ. საქართველოში ამ დღეს დაფიქსირებული იყო COVID-ის სულ 155 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა სულ 167 ავადმყოფი.

ზოგადად ბოლო 8 თვის, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები - სულ 39 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 1.5 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (290 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 30 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში), გერმანია (336 გარდაცვალება და 58 გარდაცვალება), ფინეთი (769 გარდაცვალება და 129 გარდაცვალება), საფრანგეთი (251 გარდაცვალება და 30 გარდაცვალება), ისრაელი (143 გარდაცვალება და 10 გარდაცვალება), შვედეთი (269 გარდაცვალება და 42 გარდაცვალება), დანია (303 გარდაცვალება და 29 გარდაცვალება), იაპონია (175 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (261 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), ავსტრალია (378 გარდაცვალება და 23 გარდაცვალება), ლიტვა (191 გარდაცვალება), ლატვია (241 გარდაცვალება), ესტონეთი (253 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), ავსტრია (585 გარდაცვალება და 40 გარდაცვალება) და სხვ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 8 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.93%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID-ი აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს. ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე. მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით: რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“;

თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა („ტამიფლუ“). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.