"რადიო თავისუფლება“ და "რადიო პალიტრა“ პარტნიორები გახდნენ. 2 მაისიდან, "რადიო თავისუფლების“ საავტორო გადაცემებისა და პოდკასტების მოსმენა საქართველოს რადიო სიხშირეზე ექსკლუზიურად მხოლოდ "რადიო პალიტრის“ ეთერში, FM 103.9 -ზე არის შესაძლებელი.
პარტნიორობის ფარგლებში, "რადიო პალიტრის“ ეთერში "რადიო თავისუფლების“ რამდენიმე პროექტის ტრანსლირება მოხდება. მათ შორის, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათზე, პირდაპირ ეთერში გავა გადაცემა "დილის საუბრები“, რომელსაც ჟურნალისტი ნინო გელაშვილი წარუძღვება.
20:15 საათზე, FM 103.9 სიხშირეს დაიკავებს ჟურნალისტ ნინო როდონაიას გადაცემა "საღამოს თავისუფლება“.
ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში, საინტერესო პროექტებით დაიტვირთება შაბათ-კვირის ეთერიც. უქმეებზე "რადიო პალიტრის“ მსმენელს, "რადიო თავისუფლების“ პოდკასტების მოსმენის საშუალება ექნება. 10:15, 20:15 და 23:00 საათზე, ეთერში გავა სალომე ასათიანის, ნიკო ნერგაძის, ლევან ბერძენიშვილის, ოქროპირ რუხაძისა და სხვა ავტორების პოდკასტები.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაცემებისა და პოდკასტების გარდა, სამომავლოდ, "რადიო პალიტრის“ ეთერში "რადიო თავისუფლების“ სხვა პროექტების განთავსებაც იგეგმება.
"რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორის, ნათია ზამბახიძის თქმით: “დემოკრატიის განვითარება შეუძლებელია კარგად ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე და სწორედ მოქალაქეთა ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმირება უდევს საფუძვლად "რადიო თავისუფლების“ პარტნიორობას "რადიო პალიტრასთან“. ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი პარტნიორიც სრულად იზიარებს სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი პრესის მნიშვნელობას. "რადიო თავისუფლება“, რომელიც დღეს მულტი-პლატფორმული მედიაა, ციფრული პლატფორმებისა და ამბების თხრობის ახალი ფორმების განვითარებასთან ერთად, ინარჩუნებს ახალი ამბების მაუწყებლობის ტრადიციული არხებისადმი ერთგულებას. გვახარებს, რომ ჩვენი რადიოგადაცემების და პოდკასტების ტრადიციულ მსმენელებს "რადიო პალიტრის“ აუდიტორიაც დაემატება“.
"მოხარულები ვართ, "რადიო თავისუფლებასთან“ თანამშრომლობით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ სოლიდურ და მაღალი რეპუტაციის მქონე რადიოსთან პარტნიორობა. თითქმის 14 წელია, "რადიო პალიტრის“ მთავარი ამოცანა მსმენელისთვის სანდო, დაბალანსებული, გადამოწმებული, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა და რაც მთავარია, შეგვენარჩუნებინა მსმენელის ნდობა, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიხშირეზე ყოველთვის სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ისმოდეს. ვფიქრობ, "რადიო თავისუფლების“ კვალიფიციური და ხარისხიანი კონტენტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მაუწყებლობას. დარწმუნებული ვარ, საერთო ღირებულებებსა და მიზნებზე დამყარებული ჩვენი თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს როგორც ორივე რადიომაუწყებელს, ასევე, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი და მოგებული დარჩება რადიომსმენელი“, - განაცხადა "რადიო პალიტრის“ დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა.