ავტორი:

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"არც კი ამიხსნეს რატომ, ისე გამაბრუნეს საქართველოს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ...", - წერს "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, ილია აზარი სოციალური ქსელში. მისი თქმით, ის უცნობი მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში. ჟურნალისტი შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია - "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს."

"ჯერ აზერბაიჯანში ჩამთვალეს პერსონა ნონ-გრანტად, მთიანი ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო, მერე უკვე ასევე ყარაბაღზე მომზადებული სტატიის გამო, ახალხან, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების ნება არ მომცეს. დღეს კი, საქართველოში არ შემიშვეს, ახსნა-განმარტების გარეშე ჩამსვეს იძულებით იმავე თვითმფრინავში, რომლითაც ჩავფრინდი. ვზივარ აქ და ძალიან განვიცდი", - წერს რუსი ჟურნალისტი.

"მინდოდა თქვენი ხარკოვში დაპატიჟება და მერე ეს გამახსენდა...", - ასე ეხმიანება უკრაინელი ანდრეი კლიჩკო ჟურნალისტის პოსტს და იმ ფოტოს ახსენებს, სადაც რუს ჟურნალისტს ხელში უჭირავს, დიდი ალბათობით, აეროპორტში გადაღებული ფოტო უკრაინული დოკუმენტით - "ვიდომლენო."

რუს ჟურნალისტს კომენტარებში აუხსნეს, რომ საქართველოში მისი ვიზიტის "დაბლოკვის" მიზეზი შესაძლოა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევა ყოფილიყო, რომლის მიხედვითაცაც, აფხაზეთში შესვლა შესაძლებელია ზუგდიდის რაიონიდან, ხოლო ცხინვალში – გორის რაიონიდან. სხვა ადგილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა არის საქართველოს კანონის დარღვევა.

  • "როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, საქართველოში იმიტომ არ შეგიშვეს, რომ 2020 წელს, თბილისთან შეუთანხმებლად იმყოფებოდი აფხაზეთში. რა საინტერესოა, აბა რას ელოდნენ?.. იქამდე არაერთხელ ვიყავი ოსეთსა და აფხაზეთში. ყოველთვის სამსახურებრივი მოვალეობით, დამოუკიდებლად. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას", - წერს აზარის პოსტის კომენტარებში მისი მეგობარი, ნიკოლაი ლევშიცი.

საქართველოს მოქალაქე რუსი ჟურნალისტი, ელგ სანდრო პანფილოვი მას უხსნის, რომ სააქართველო ოკპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "კარგი კანონი" აქვთ და თუ აქ ჩამოსვლას ვინმე აპირებს, პროფესიის განურჩევლად, ყველა ვალდებულია, შეასრულოს.

"ძალიან კარგი კანონი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენმა ქვეყანამ ჩვენ 25 % წაგვართვა... თქვენ დაარღვიეთ კანონი და პროფესია გამართლება არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი კოლეგა ბაბჩენკო, ავტომატით დარბოდა საქათველოში. თუმცა, როგორც ჟურნალისტი, კარგი ხართ", - წერს ოლეგ-სანდრო პანფილოვი.

სხვებმა შეახსენეს, რომ ვიდრე ამა თუ იმ ქვეყანაში სამუშაოდ ვიზიტს გადაწყვეტდეს, აჯობებს, იმ ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, რათა შემდეგ, "პოსტ ფაქტუმ წერა არ მოუწიოს."

"თუ აფხაზეთშიც იყავით და ცხინვალშიც, რა გამოდის?! ორჯერ დაგირღვევიათ საქართველოს კანონი," - წერს მას კიდევ ერთი ჟურნალისტი, ანატოლი გაკენბერგი.

"არადა, ეს არ არის პროკრემლისტური გამოცემა, მართლაც ძალისხმევას არ იშურებენ, რუსეთის რეჟიმის მხილებისთვის, მაგრამ რაღაც საკითხებში ორმაგი სტანდარტები გაქვთ? თუ რუსეთის აგრესორობას აღიარებთ, მეზობელ ქვეყანას რომ ტერიტორიები წაართვა და მისთვის სასურველი ჭაობი რომ აქვს შექმნილი, ამას არ აღიარებთ? შეგეძლოთ საქართველოში ჩასულიყავით და იქიდან გემოგზაურათ ორივე რეგიონში", - წერს რუსი ინტერნეტმომხარებელი ვლად პუგაჩევი.

რუს რურნალისტს აფხაზებმაც შესთავაზეს მათთან ვიზიტი, თუმცა, მათი კომენტარები უპასუხოდ დატოვა.

  • ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "აღნიშნულ პირს "კანონის - უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა უარი".