ახლახან კიდევ ერთი კარგი, ნიჭიერი და გულიანი კაცი გამოაკლდა საქართველოს - ირაკლი ჭანტურია, უსაყვარლესი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ვაჟი. მე მას არ ვიცნობდი, არც არსად შევხვედრივარ, მაგრამ ვიცნობდი მის მეგობრებს და შორიდან მსმენია ადამიანზე, ვინც უსაყვარლეს გიო ხუციშვილს ბოლომდე უერთგულა... თუმცა მახსოვდა ძალიან სიმპათიური ბიჭი, რომელიც ერთ სევდიან ფილმში მონაწილეობდა - ლაშა თაბუკაშვილის სცენარით გადაღებულ რეჟისორ ქეთი დოლიძის ფილმში - "სანამ წვიმა გადივლიდეს“. სამწუხაროდ, ირაკლი ჭანტურიასაც მისი განუყრელი მეგობრის - გიო ხუციშვილის ბედი ერგო - მას სიმსივნე აღმოაჩნდა, გერმანიის კლინიკაში მკურნალობდა და იქვე გარდაიცვალა.
ირაკლის გახსენება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა მისი უახლოესი მეგობრებისთვის და როგორ გამაოცა დამთხვევამ, რომ სწორედ იმ ადამიანებთან დამირეკავს, ვისი მეჯვარეც და შვილის ნათლიაც სწორედ ირაკლი ყოფილა.
ქეთევან დუმბაძე, პარლამენტარი:
- ირაკლი ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. გაინტერესებს, როგორი იყო? - ირაკლი იყო ქალაქის კოლორიტი, თბილისის სახე... უაღრესად კეთილშობილი ადამიანი, საოცრად ყურადღებიანი, გვერდში მდგომი. სულ რომ არ ელოდი, ისეთ დროს შეიძლებოდა, შენს გვერდით გაჩენილიყო, ან დაერეკა, მოეკითხე და ეთქვა, რომ შენზე ძვირფასი არავინ ჰყავს. იცი, როგორი იყო? - სიტყვებს რომ არ იშურებდა... ვთქვათ, ზუსტად რომ იცი, რომ არც ლამაზი ხარ ან - მშვენიერი და უცებ ირაკლი გეტყოდა, ქეთო, შენ ყველაზე კეთილი ხარ, ყველაზე კარგი დედა ხარ... და შენ იცოდი, რომ ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებოდა. არ ვიცი, როგორ ხვდებოდა, როგორ იგებდა, მაგრამ სწორედ ისეთ დროს დაგირეკავდა, როდესაც მხარდაჭერა გჭირდებოდა, თუნდაც - სიტყვიერი მხარდაჭერა...
- ჩანს, ფაქიზი სულის ადამიანი იყო...
- საოცარი ადამიანი იყო. ვიდრე ირაკლიც საბურთალოზე ცხოვრობდა, სადაც დღემდე მისი მამა - ტარიელ ჭანტურია ცხოვრობს, ჩემი დის - მანანას მეზობელი იყო და ერთი ოჯახივით იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე და ირაკლი თანატოლები ვართ და ჩემი მეჯვარეცაა, მაინც მანანასთან უფრო მეგობრობდა, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ადრე სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა და ყველას სტუმრის მასპინძელი ირაკლი იყო. თუ გინდოდა, გეჩვენებინა ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული სიმღერა, სუფრის სილამაზე, ადამიანების ღირსება - იქ ირაკლი და მისი ძმაკაცები უნდა ყოფილიყვნენ. ფანტასტიკურად მღეროდა. "თავგასას“ - დათო გოგიაშვილის, დათო გომართელის, ეკა ჭაჭიაშვილის და კიდევ გამორჩეული ბიჭებისა და გოგონების ძმაკაცი იყო, ყველანი შესანიშნავად მღეროდნენ. ბევრჯერ მითქვამს, საერთოდ არ ვიცი, რა არის შურის გრძნობა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობრების ერთი რამ მშურს - მათგან განსხვავებით სიმღერა რომ არ შემიძლია-მეთქი. ამაზე ირაკლი გიჟდებოდა - ცრემლები ადგებოდა და მეუბნებოდა, - ნოდაროვნა (ასე მეძახდა), არა უშავს, ჩვენ ვიმღერებთ და შენ კეთილი საქმეები აკეთეო. ჩვენი შვილები თანაკლასელები იყვნენ და ასე, ტრადიციულად გადადიოდა ეს მეგობრობა და სიყვარული.
იყო პერიოდი, ერთმანეთს საერთოდ ვერ ვნახულობდით - ირაკლი ხან უცხოეთში ცხოვრობდა, ერთხანს ფოთშიც მუშაობდა, მაგრამ განცდა, რომ შორს არის და მეგობრობას რაღაც დააკლდა, არასდროს იგრძნობოდა. სულ ბოლოს, ყაზბეგის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, თანამდებობაზე რომ მუშაობდა, გადაწყდა, რომ ისრაელიდან სტუმრები უნდა ჩამომსვლოდნენ - ორი თანამედროვე, უძვირფასესი პოეტი, რომელიც თარგმნის ქართულ პოეზიას. ასევე - ქართველებიც თარგმნიდნენ მათ პოეზიას, რაც შემდეგ წიგნად უნდა გამოსულიყო. ვორქშოპის გაკეთების საშუალება მოგვეცა, მაგრამ უცებ თანხის მოძიება რთული იყო, რა მექნა და - ირაკლის დავურეკე. ეს იყო კაცი, რომელმაც ლიტერატურის ფასი ზედმიწევნით კარგად იცოდა და, სიტუაცია რომ ავუხსენი, მითხრა, - ქეთო, ძალიან მაგარი ფაქტია და, მოდი, ახლა დავალაგებ ყველაფერს და ცოტა ხანში დაგირეკავო. 15 წუთში დამირეკა და უკვე მზად ჰქონდა ნომრები, კვების ამბავი, ექსკურსიების მარშრუტები - ირაკლიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს წიგნი გამოსულიყო. განა ირაკლიმ რაღაც ქეთი დუმბაძეს, თავის ბავშვობის მეგობარს გაუკეთა (ისე, ჩემთვის რომ მნდომებოდა, ვერც ვეტყოდი), არამედ მთავარი იყო, მან ლიტერატურის ფასი იცოდა და ღირსეულის გარჩევა შეეძლო.
- სახელოვანი პოეტის შვილი იყო და თავად არაფერს წერდა?
- არა, თვითონ არ წერდა, თვითონ - მღეროდა და... იცი, როგორი ბიჭი იყო? - ხელის გულზე ედო თბილისი... და როგორც მან ატარა თბილისი ხელისგულზე, ასე, ხელისგულზე ატარა თბილისმაც ირაკლი (ცრემლი მოერია)... "ყველგან მიესვლებოდა“ ბიჭი იყო, ყველგან - სასურველი, სადაც უნდა შეეღო კარი, და ისიც მართლაც ყველგან იყო.
- სიმსივნით გარდაიცვალაო... გვიან დაიწყო მკურნალობა?
- ის დაემართა, რაც გიო ხუციშვილს. გიოს როგორ უპატრონა... ისრაელშიც ირაკლი გაჰყვა. ჩემი და - მანანა იქ მუშაობს და მაშინაც იქ იყო, გიო რომ ჩაიყვანა... როგორც გიოს მდგომარეობა დამძიმდა სწრაფად, ირაკლისთანაც ასევე სწრაფად, 4 თვეში დამთავრდა ყველაფერი. ირაკლი ბოლოს გერმანიაში, საელჩოში მუშაობდა და, პრინციპში, არც დასცალდა მუშაობა.
ეკა ჭაჭიაშვილი, მუსიკოსი, პედაგოგი:
- ირაკლი ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაცაა. ჩემი მეჯვარეა და არა მეუღლის.
- თქვენ ხომ შესანიშნავი დუეტი გქონდათ, ჰარმონიული, რაც სულიერი ერთობის გარეშე ვერაფრით შედგებოდა, მაინც რით იყო ირაკლი გამორჩეული მეგობარი ან გამორჩეული ადამიანი?
- ეს სულიერი კავშირი ბავშვობიდან არსებობდა - ერთად გავიზარდეთ და ერთად ვმღეროდით... ასე ვიყავით - მე და ეს ბიჭები: ირაკლი, გიო და თავგასა. მაინც მგონია, რომ ჩემი და ირაკლის დუეტის მსგავსი არცერთი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი საერთო გვქონდა, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი - ერთდროულად. უპირველესად, ირაკლი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო... ყველაფერში ნიჭიერი. გერმანული ქართულივით იცოდა, მაგრამ ბოლო წლებში ინგლისურიც ამავე დონეზე შეისწავლა, თავისით. მის სიმღერაზე აღარ ვლაპარაკობ - ეს კიდევ სხვა რამ იყო. ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, თუნდაც ბავშვებთან, ყველას შვილებთან. სხვათა შორის, ჩემი უფროსი შვილების ნათლიები გიო და თავგასა იყვნენ, რადგან მეჯვარე, ვისაც პირველი შვილი უნდა მოენათლა, ანუ ირაკლი, აქ არ იყო, ამიტომ მან უმცროსი მონათლა. ირაკლი მარტო ჩემთან კი არ მეგობრობდა, არამედ - მთელ ჩემს ოჯახთან. მაგალითად, დედაჩემის პირადი მეგობარი იყო - დედა რომ გარდაიცვალა, მეგონა, ირაკლის გული გაუსკდებოდა. მამაჩემს ირაკლის ამბავს ვუმალავდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარით, უარესი იქნებოდა, სხვისგან თუ გაიგებდა. გაგიჟდა კაცი, თავში წაიშინა ხელი - მათ კიდევ სხვაგვარი მეგობრობა ჰქონდათ.
- ეკა, ირაკლი მამასთან, ბატონ ტარიელთან მეგობრობდა?
- კი, ძალიან. გარდა იმისა, რომ მეგობრობდა, მისი დიდი პატივისცემა და რიდი ჰქონდა. ამას იმწამს იგრძნობდი. რომ ვსაუბრობდით და, ვთქვათ, გვეგონა, ტარიელი რაღაცაში არ იყო მართალი, ამას არაფრით იტყოდა. თან, როგორც თანასწორს, ისე მიმართავდა. დაურეკავდა და, - აბა, როგორ ხარ, ძმაოო? - ასე მოიკითხავდა. ტარიელი ხომ ძალიან განათლებული ადამიანია და ირაკლიც საკმაოდ განათლებული იყო, მაგრამ მაინც ძალიან სიამოვნებდა, ტარიელს თუ დაურეკავდა და მას ჰკითხავდა რამეს. ტარიელიც აუცილებლად ამომწურავად პასუხობდა და ირაკლის მაშინვე სიამაყე და კმაყოფილება დაეტყობოდა, რადგან ტარიელმა არ უგანა და უპასუხა. ტარიელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ დუმბაძე, ჩემი მამამთილი - ჟურნალისტი ზურიკო რცხილაძე, ზაურ ბოლქვაძე, ოთარ ჭილაძე - ერთად სწავლობდნენ. საოცარი კურსი ჰქონდათ და მათი ურთიერთობა, ტრადიციების სიყვარული შემდეგ თაობაზეც გადმოვიდა. ირაკლისაც ძალიან უყვარდა ტრადიციები, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მას სიახლე არ მოსწონდა. მისთვის კარგი და ღირებული თანამედროვე რამ, მუსიკა იქნებოდა ეს თუ სხვა სფერო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- შეგიძლიათ, ირაკლის ცხოვრებიდან მიამბოთ რამე, რაც მის ბუნებას წარმოაჩენს?
- ორი წლის წინ, გიოს დიაგნოზი რომ გავიგეთ, საშინლად ვიყავით ყველანი და მაშინ მივხვდი, ელდისგან და ნერვიულობისგან როგორ შეიძლება ადამიანს, დიაბეტი დაემართოს - მე დამემართა. მერე ამან ფეხი დამიზიანა და, რასაკვირველია, ამას არ ვიმჩნევდი, ოღონდ ირაკლი ნამდვილად გაგიჟდა. გერმანიაში დაუკავშირდა თავის ნაცნობ ქართველ ექიმს, გადამიღო ფეხზე ფოტო, გადაუგზავნა და იმან რომ მოსწერა, სასწრაფოდ უმკურნალეთ და ფეხი გადაურჩინეთო, აღარ ამომასუნთქა... სასწრაფოდ ფეხზე შუნტირება დამჭირდა, მაგრამ ოპერაციამდე გულის პრობლემაც აღმომაჩნდა და კლინიკებში ირაკლი დამყვებოდა, გეგონებოდა, ჩემს ქმარს არ ენდობოდა, არადა, ძალიან ყურადღებიანი ქმარი მყავს. მაგრამ აუცილებლად თვითონ უნდა ეზრუნა ყველაფერზე. აღარაფერს ვამბობ, რა ამბები ჩაიდინა ოპერაციის დროს. მას და ირაკლი მეძმარიაშვილს საშინელ დღეში ჩაუგდიათ ჩემი მეგობარი გოგონები, - ეს რომ მალავდა, თქვენ როგორ არ თქვით, რა სჭირდა, მაშინ ხომ დროულად მივხედავდითო. მე, ფაქტობრივად, ირაკლიმ გადამარჩინა. საოცარი თვისება ჰქონდა და ამიტომ ვგიჟდები, მას როგორ უნდა დამართოდა ასეთი დაავადება - სულ რაღაც ანალიზებს და გამოკვლევებს იკეთებდა, მით უმეტეს - გიოს ამბის შემდეგ. ვიცინოდით, წამლები რომ უყვარდა - რამე თუ აწუხებდა, მაშინვე წამალი უნდა დაელია...
ერთხელ მასთან ვიყავით, ვილხენდით, ვმღეროდით და დათო გომართელი გაგვიხდა ცუდად. თურმე, წნევა აეწია. ცოტა ხანში ირაკლი მოვიკითხეთ, არ ჩანდა სასწრაფოდ გასულა ოთახიდან და დაწოლილა. მაშინვე პანიკაში ვარდებოდა. ირაკლი ჩვენს სამეგობროშიც და ზოგადადაც - ვარსკვლავივით იყო... თუ გარეგნობით, თუ ნიჭით. ბატონი ტარიელი გიჟდებოდა ჩვენს სიმღერაზე და სულ გვეხვეწებოდა, ჩაწერეთო. მაგრამ ირაკლი არ მომყვებოდა, თითქოს, რცხვენოდა. კიდევ კარგი, გიომ მაინც იმღერა და დატოვა თავისი ჩანაწერები, თორემ რაღაც ასაკამდე, ისიც არასერიოზულად უყურებდა თავის სიმღერას. რა ბედნიერება იყო, აქ, ჩემს ეზოში რომ ვიკრიბებოდით ხოლმე, ვიცინოდით, ვმღეროდით... შარშან ამ დროს ირაკლიც აქ იჯდა. როგორ გაქრა ყველაფერი...
ავტორი: ირმა ხარშილაძე