ავტორი:

"2 წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ. წლების შემდეგ ისევ შევხვდით და დავქორწინდით" - ზურა ჯაფარიძის პირადი ცხოვრება და გზა პლასტიკური ქირურგიიდან პოლიტიკაში

"2 წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ. წლების შემდეგ ისევ შევხვდით და დავქორწინდით" - ზურა ჯაფარიძის პირადი ცხოვრება და გზა პლასტიკური ქირურგიიდან პოლიტიკაში

ეს ადამიანი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ახალგაზრდა თაობაში პოპულარობას ძირითადად მის გულწრფელობას და პოლიტიკოსისთვის არასტანდარტულ ქცევას მიაწერს. ექიმობაზე უარი თქვა და მერე ეკონომიკაში “გადავარდა”... "ნაციონალებში" მისულ კახა ბენდუქიძის რჩეულს სხვა რეალობა დახვდა, წამოვიდა, “გირჩის” კეთება დაიწყო, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ირწმუნება, რომ მსოფლმხედველობა იგივე დარჩა. მემარჯვენე ლიბერტალიანელი "გირჩად" მონათლული პოლიტიკაში “მეტ თავისუფლებას” ქადაგებს და როგორც გვეუბნება, ცხოვრებაშიც ადამიანის თავისუფლებაა მისთვის მთავარი ღირებულება. "ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჩემზე რაღაც უცნაური წარმოდგენები აქვთ - ზოგს სატანისტი ვგონივარ, ზოგს მანქურთი და უჯიშო, სინამდვილეში რაღაც ტიპის ტრადიციულ ინსტიტუტებს დიდ პატივს ვცემ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია". ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აპოლიტიკურ ინტერვიუშიც ცდილობს გულწრფელი და თავისუფალი იყოს.

  • საბჭოთა ბავშვობა

- ვაკეში დავიბადე, შატბერაშვილის ქუჩაზე. მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი პატარა ბინაში, რომელიც ჯამში 40 კვადრატული იყო. ვსწავლობდი და დავამთავრე 55-ე სკოლა. ამ გადმოსახედიდან ბევრ რაღაცას ვაფასებ და ვიტყოდი, რომ ეს ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვობა იყო. 15 წლის ვიყავი, როცა სსრკ დაიშალა და მთელი ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია საბჭოთა რეალობასთან. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. არ მახსოვს, ალბათ რაღაცას ვაფუჭებდი მეც. ახლა საბურთალოზე ვცხოვრობ, თუმცა მანამდე რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელი. ძველ ბინაში, შატბერაშვილზე ახლა ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს. ასე რომ, ისევ მაქვს კონტაქტი ძველ უბანთან. ამ ქუჩაზე ჩემი თაობის ხალხია დარჩენილი, ძველი მეგობრები. როცა ბებია-ბაბუა ცოცხალი იყო, მაშინ უფრო ხშირად მივდიოდი, ახლა ამას იშვიათად ვახერხებ...

  • "პრინციპულად წავედი და სამედიცინოზე ჩავაბარე"

- ექიმობა ჩემი არჩევანი იყო... მაშინ ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასებში დავინტერესდი და დავიწყე სამედიცინო წიგნების კითხვა. ჩემი ძმა ფილოლოგია და ბევრი წიგნი მოზიდა. იმ პერიოდში ადამიანი მაინტერესებდა და ამიტომაც გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩამებარებინა. სკოლაში 5 წლის შევედი და სხვებზე 1 წლით ადრე ვამთავრებდი სკოლას. რადგან ერთი წელი წინ მქონდა, ვფიქრობდი, კარგად მოვმზადებულიყავი და უმაღლესში მომდევნო წელს ჩამებარებინა. სადღაც უკვე გაზაფხულზე, მარტში გადავწყვიტე, რატომ გავატარო უქმად 1 წელი, მოდი, ჩავაბარებ-თქო. შესაბამისად, საგნებში არ მოვმზადებულვარ. სახელმწიფო ინსტიტუტში ვერა, მაგრამ ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდი. ჩემს ოჯახს უნდოდა ეკონომიკას გავყოლოდი იმიტომ, რომ მატყობდნენ, მათემატიკა მაინტერესებდა. მე მაინც პრინციპულად წავედი და სამედიცინოზე ჩავაბარე, 7 წელი ვისწავლე და დავამთავრე კიდეც ზოგადი ქირურგის პროფილით. სადღაც მესამე კურსზე მივხვდი, რომ მედიცინა ნაკლებად მაინტერესებდა. მაინც დავამთავრე და ავიღე დიპლომი. მე-3 კურსიდან სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე, ვინაიდან 90-იანი წლები იყო და ოჯახში, ფაქტობრივად, შემოსავალი არავის ჰქონდა.

  • "პლასტიკურ ქირურგიაშიც მოვსინჯე ძალები"

- იყო ასეთი სამსახური - “საქსტანდარტი” ერქვა და პირველად იქ დავიწყე მუშაობა. წელიწადნახევრის შემდეგ გადავედი USAID - ის პროექტში, შემდეგ იყო საერთაშორისო კომისიის პროექტები, გაერო, ეუთო, რა ვიცი, საქართველოში თუ რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაა, ყველგან ვიმუშავე. ისე, ქირურგის ასისტენტადაც მიმუშავია პირველ საავადმყოფოში. მიმუშავია - ხმამაღალი ნათქვამია, ექიმს ვეხმარებოდი და ამაში ფულს არავინ მიხდიდა, ქირურგს არ უხდიდნენ და მე ვინ გადამიხდიდა. მერე ცოტა ხანს პლასტიკურ ქირურგიაშიც მოვსინჯე ძალები, რაღაც პერიოდი ივა კუზანოვთანაც მაქვს გატარებული. ეს იყო და ეს. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. ეს ისეთი პროფესიაა, მოწოდებით უნდა იყო ექიმი, ან ფული აკეთო. მე ფულის კეთება არ მინდოდა. ერთი სიტყვით, ექიმობა არ იყო ჩემი მოწოდება. “საქსტანდარტში” როცა დავიწყე მუშაობა, შევარდნაძის პერიოდი იყო და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციაში იყო ჩაძირული. მაშინ დავფიქრდი პირველად, როგორ უნდა მოაწყო სახელმწიფო ისე, რომ არ იყოს კორუფცია, საზოგადოება კეთილდღეობისკენ მიდიოდეს და ეგრევე დავიწყე წიგნების კითხვა ამ მიმართულებით. ასე მივედი ეკონომიკამდე... ეკონომიკა არსად მისწავლია, რა ცოდნასაც დღეს ვიყენებ, 90% ჩემით მაქვს მიღებული, მათ შორის, ინგლისური ენაც ჩემით ვისწავლე. ვინაიდან ჩავთვალე, რომ სამედიცინოს დიპლომს მაინც და მაინც ვერსად გამოვიყენებდი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი გავხდი, ჯიპა დავამთავრე.

  • "ვფიქრობ, “გავარტყი” პოლიტიკაში რომ ვარ"

- საერთოდ მჯერა, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ბევრი რაღაცეების სწავლა და კეთება იმიტომ, რომ ძალიან რთულია “გაარტყა” ცხოვრებაში, რისი კეთება გსიამოვნებს, რომელი მიმართულებით შეძლებ ყველაზე კარგად საკუთარი თავის რეალიზებას. თანაც, ისე რეალიზებას, რომ ამ საქმის კეთება გსიამოვნებდეს და ყოველ დილით სამსახურში წასვლა ჯოჯოხეთი არ იყოს. ამას რომ “გაარტყა”, ადრეული ასაკიდან უნდა სცადო ბევრი რაღაცის გაკეთება, მიხვდე, რისი უნარები, ნიჭი გაქვს და რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას. მეც ბევრჯერ შევიცვალე ცხოვრებაში საქმიანობა და ვთვლი, რომ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ის საქმეა, რომელიც მსიამოვნებს. ვფიქრობ, “გავარტყი” პოლიტიკაში რომ ვარ. თუმცა ამაზე უფრო დიდ სიამოვნებას სტუდენტებთან ურთიერთობა მანიჭებს. აქამდე ლექციებს ვკითხულობდი საქართველოს უნივერსიტეტში, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ახლა, სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს, თორემ მაგის კეთება მირჩევნია ყველაფრის კეთებას. ვფიქრობ, მოვა დრო და საყვარელ საქმეს მივუბრუნდები.

უკვე გითხარით, რომ დავინტერესდი იმით, როგორ უნდა მოაწყო საზოგადოება ისე, რომ იყოს სამართლიანი და პროგრესისკენ მიდიოდეს, კეთილდღეობის დონე იზრდებოდეს. რაღაცეების კითხვა დავიწყე და მივედი ამ ეკონომიკურ თეორიებამდე. მერე, 2007 წელს “ფეისბუკი” გაჩნდა და დავრეგისტრირდი. ის ახალი ხილი იყო, წერა არავის ეზარებოდა და მეც იქ დავიწყე რაღაცეების წერა. მოხდა ისე, რომ ჩემს ნაწერებს ყურადღება მიაქცია კახა ბენდუქიძემ, მერე შევხვდით, გავიცანი... მაშინ კახა უკვე აღარ იყო მინისტრი, უნივერსიტეტს აკეთებდა. ჩვენი მსოფლმხედველობა ერთმანეთს დაემთხვა, ერთნაირად ვუყურებდით სამყაროს. მერე “ტაბულაში” დავიწყე წერა, ჩემი სვეტი მქონდა და ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებზე ვწერდი. მერე ტელევიზიებმა დამიწყეს დაძახება, ტელეეთერებში დავიწყე რაღაცეებზე საუბარი და უკვე 2012 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემომთავაზა, მათ პარტიულ სიაში ვყოფილიყავი. კახამაც მირჩია, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი და რაღაცნაირად მივედი აქამდე.

  • "მიზეზი, რის გამოც ნაცმოძრაობიდან წამოვედი"

- გეთანხმებით, რომ დღეს სხვანაირი ზურაბ ჯაფარიძე ვარ, ტრანსფორმირებული. ორი მხრიდან შეიძლება ამის დანახვა - ერთი იყო ის, რომ "ნაცმოძრაობაში" სხვანაირი წარმოდგენები მქონდა, არავის ვიცნობდი, მხოლოდ ბენდუქიძესთან მქონდა ურთიერთობა, მასთან გადავედი უნივერსიტეტში, ლექციებს ვკითხულობდი და ჩემი პროექტი მქონდა. მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ იმ პარტიაშიც კახას მსოფლმხედველობას იზიარებდნენ და იქაც ისეთივე ხალხი იყო. მერე ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, სხვას ველოდი და სულ სხვა რაღაც დამხვდა. ზოგადად, პარტიები ორგანიზმია და მათ ახასიათებთ, როცა მისი ნაწილი ხდები, რაღაც ჩარჩოებში გაქცევს და სამყაროსაც იმ პრიზმიდან უყურებ. შეიძლება არ გეუბნებოდნენ, ასე და ისე მოიქეციო, მაგრამ რაღაც თვითშეზღუდვები გაქვს იმიტომ, რომ ამ კონიუნქტურის ნაწილი ხარ. ცხადია, მეც მქონდა შეზღუდვა. ეს არ იყო მთავარი მიზეზი, მაგრამ იყო ერთ-ერთი, რის გამოც იქედან წამოვედი. "ნაცმოძრაობა" არ იყო ის, რაც მინდოდა, სხვა რაღაცის კეთება მინდოდა და “გირჩის” შექმნა დავიწყე. როცა “გირჩის” კეთება დავიწყე, მაშინაც მქონდა იქედან წამოყოლილი სტერეოტიპული წარმოდგენები, მაგალითად, ის, რომ რეგიონებში ოფისი უნდა გქონდეს, იქ წარმომადგენლები უნდა გყავდეს და ასეც დავიწყეთ თავიდან პარტიის კეთება, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელე იყო და ამას ვერ გავაკეთებდით. ჯამში, ჩვენ სულ სხვა რამის გაკეთება გვინდოდა. ახლა რომ მეკითხებიან, რატომ წამოხვედი "ნაციონალებიდანო", ყველასთვის ნათელია, რისი კეთება მინდოდა და რომ ამის გაკეთება იქ შეუძლებელი იყო. მსოფლმხედველობა მაშინაც იგივე მქონდა, უბრალოდ, ამას თავისუფლად ვერ გამოვხატავდი.

არასდროს მიფიქრია იმაზე, ვინ იქნებოდა და რამდენი იქნებოდა ჩემი ელექტორატი. ბუნებრივად მოხდა, რომ ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან ახალი იდეებისთვის და უფრო კრიტიკულად აფასებენ ყველაფერს. მოხდა ისე, რომ მათმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი. ვკითხულობ, ისინი რასაც მწერენ და ყველაზე ხშირად რასაც ხაზს უსვამენ არის ის, რომ აფასებენ გულწრფელობას. შეიძლება ისინი ხშირად არ ეთანხმებოდნენ, არ მოსწონდეთ რასაც ვაკეთებ და ვლაპარაკობ, მაგრამ ხედავენ, რომ გულწრფელი ვარ და მჯერა იმის, რასაც ვამბობ და ვლაპარაკობ. მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნამ თავიდან ნეგატიურად იმუშავა, ბევრისთვის გაუგებარი იყო, ბევრმა პროპაგანდად ჩათვალა, თუმცა ბევრმა ახსნამ მოიტანა ის, რომ მიხვდნენ, ამას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. ადამიანებისთვის უნდა აგვეხსნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შეცდომას უშვებს, მას უნდა ჰქონდეს შეცდომის დაშვების უფლება, თუ ის სხვა ადამიანს ზიანს არ აყენებს. ეს თავისუფლების ნაწილია და ეს გაიგო ბევრმა.

მგონია, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა თავისუფლების ნაკლებობაა. ჩვენ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ და გვინდა, არ გვინდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ვართ თავისუფლები. თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს და შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. სხვას თუ ზიანს არ აყენებ, მაშინ რაც გინდა, ის აკეთე, მათ შორის შენს თავსაც თუ მიაყენებ ზიანს, ესეც შენი თავისუფლების ნაწილია და არ შეიძლება ვიღაცამ ამისთვის დაგსაჯოს.

  • "ეპატაჟი ძალიან გამოამადგა"

- რაღაც თვალსაზრისით, ვარ ეპატაჟური. დღეს ძალიან რთულია მოგისმინონ, შეიძლება ბევრი ჭკვიანური ილაპარაკო, მაგრამ ადამიანები არ გისმენდნენ. 21-ე საუკუნეა და ყველა მხრიდან იმდენი ინფორმაცია მოდის, რომ მარტივი მისაღწევი არ არის, მაინც და მაინც შენ აგირჩიონ და მოგისმინონ, ვინც გინდა იყავი, არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ეპატაჟური ელემენტები მეხმარება იმაში, ყურადღება მომაქციონ და როცა ყურადღების ცენტრში ვექცევი, მერე მაქვს დრო ადამიანებს რაღაცეები ავუხსნა. ოფისში კანაფი რომ დავთესეთ, ესეც ერთგვარი ეპატაჟია - მთელი ქვეყანა გიყურებს და ამბობს, ვინ არის ეს გიჟი, რას აკეთებსო. ამ დროს შენ გაქვს დრო რომ ადამიანებს აუხსნა, რომ არ შეიძლება კანაფის გამო ადამიანებს იჭერდნენ. ანუ სათქმელს ეპატაჟურ ფორმას უძებნი, უფრო რომ მოგაქციონ ყურადღება.

ვიდრე გიყურებენ და გისმენენ, მანამ გაქვს შანსი, რაღაც აუხსნა და გააგებიბო, რატომ აკეთებ ამას. მინდოდა მესამე ადგილზე გავსულიყავით არჩევნებში, მაგრამ ბევრი ისეთი პარტია გაჩნდა, რომელიც დიდ თანხებს ხარჯავდა. არც ფული გვქონდა, არც ერთი ქუჩის, თუ სატელევიზიო რეკლამა, რაშიც სხვა პარტიებმა მილიონები დახარჯეს. მგონია, წარმატება იმან მომიტანა, რომ მჯერა, რასაც ვაკეთებ. საბოლოოდ, ალბათ ეს შედეგი სხვა პარტიებისგან განსხვავებულობამ მოგვიტანა. პარტიები, რომლებიც სტანდარტული ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი სტრატეგიებით და ინსტრუმენტებით მოძრაობენ, ადამიანებს ყელში აქვთ ამოსული, ერთი და იგივე დაპირებები, ოფისები... ხალხს რაღაც სხვა, განსხვავებული უნდა და ვფიქრობ, ამან მოგვიტანა ის შედეგი, რაც გვაქვს.

  • "განშორება ნაწილობრივ დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ერთმანეთისთვის მოვედით"

- ჩემი მომავალი მეუღლე - ნატა ქორიძე 1999 წელს გავიცანი. ისე მოხდა, რომ ჩვენ ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. 2012 წელს ისევ გადავიკვეთეთ ერთმანეთთან, დავქორწინდით და სამი შვილიც გვეყოლა, რომლებიც დღეს 17, 7 და 3 წლისანი არიან. შეიძლება ასეც ითქვას, რომ განშორება ნაწილობრივ დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ერთმანეთისთვის მოვედით. განშორება და შორ მანძილზე ყოფნა სპეციფიკურად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე. ნატა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტი და ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. მგონია, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ ოჯახს, ისე, ვცდილობ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ეგრევე სახლში გავიქცე. სამწუხაროდ, ჩემი რეჟიმი ისეთია, დილით ადრევე გავდივარ სახლიდან და თუ სატელევიზიო ეთერებსაც დავუმატებთ, სახლში გვიან შევდივარ და ხშირ შემთხვევაში, ამ დროს ბავშვებს სძინავთ. თუმცა მაინც მაქვს მათთვის კვირა დღე გადადებული, ვახერხებ დიდი ნაწილი დავუთმო ბავშვებს და მთელი ოჯახი ვსეირნობთ. ბავშვებმა ყველა სასეირნო ადგილი იციან და მათ ვეკითხებით, სად წავიდეთ.

  • "ზოგს სატანისტი ვგონივარ, ზოგს მანქურთი და უჯიშო, სინამდვილეში..."

- მთავარი ღირებულება ჩემთვის ის არის, რასაც პოლიტიკაში ვქადაგებ - ადამიანის თავისუფლება. ასევე, ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჩემზე რაღაც უცნაური წარმოდგენები აქვთ და ზოგს სატანისტი ვგონივარ, ზოგს მანქურთი და უჯიშო, სინამდვილეში, რაღაც ტიპის ტრადიციულ ინსტიტუტებს დიდ პატივს ვცემ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ჩემი საქმიანობით რწმენას და ეკლესიას ხომ არ ვუპირისპირდები, უბრალოდ, კრიტიკული ვარ საპატრიარქოში მათ მიმართ, ვინც რელიგიით კი არა, პოლიტიკური ძალაუფლების და მატერიალური დოვლათის მოხვეჭით არის დაკავებული. ვფიქრობ, ეს არასწორია და ქრისტიანული საქციელი ის მგონია, რომ ასეთ რაღაცას რომ ხედავ, უნდა გააკრიტიკო. სახარებაში ქრისტეც ამას აკეთებს - აკრიტიკებს იქ დამკვიდრებულ ინსტიტუტებს, რომლებმაც ღმერთი დაივიწყეს და ვაჭრობით და მომხვეჭელობით არიან დაკავებულნი. ისიც არსებულ დამკვიდრებულ წესრიგს უპირისპირდება და ესაა ქრისტიანობა. რა ვიცი, მგონია, რომ სწორად ვიქცევი.

  • "არ მიყვარს, როცა რამეზე ვარ დამოკიდებული"

- ჩვენს მიერ დათესილ მარიხუანას მოსავალს ვინ მოგვასწრო, პოლიცია მოვიდა, დალუქეს და წაგვართვეს. ჩვენ გვითხრეს, რომ გახმაო და რა ვიცი, რა ბედი ეწია, არის შანსი, რომ თვითონ გაეზარდათ (იცინის). ლეგალიზაციაზე იმავე აზრის ვარ. ჩვენ ხომ ყველა ნარკოტიკს მოვიხმართ - ზოგი ყავას, ნიკოტინს, ალკოჰოლს, კანაბისს და სხვა. აქედან ზოგი ლეგალურია, ზოგიც - არალეგალური. ვიღაცას მოსწონს ეს თუ არა, ადამიანი თავისი ქცევით ვინმეს ზიანს თუ არ აყენებს, მას რაც უნდა, ის აკეთოს, ამის გამო დასჯა არასწორი მგონია. იმას არ ვამბობ, რომ მარიხუანა კარგია და არ არის დამაზიანებელი, მაგრამ ეს ადამიანის საქმეა, სხეული და ორგანიზმი მისია და რაც უნდა, ის აკეთოს. იმიტომ ვართ ადამიანები და არ ვართ ანგელოზები, რომ ვიცით, რაღაც ქმდება შეიძლება ცუდი იყოს, დამაზიანებელი, მაგრამ მაინც ვაკეთებთ, ეს ადამიანური თვისებაა. მე პირადად, არ მიყვარს, როცა რამეზე ვარ დამოკიდებული და, შესაბამისად, არც არაფერზე ვარ დამოკიდებული. იშვიათად, წელიწადში 1-2ჯერ ალკოჰოლსაც ვიღებ და კანაფსაც ვეწევი. ვთვლი, რომ ორივე მუშაობაში მიშლის ხელს. უნდა ვისვენებდე და ის განტვირთვისთვის უნდა მოვიხმარო, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე მაქვს იმდენი, განტვირთვისთვის არ მცალია. მეორეც, სამი შვილი მყავს და არ მაქვს იმის ფუფუნება, თავისუფალი დრო ჩემს თავს დავუთმო - ანუ საქმესაც მოვწყდე, შვილებსაც მოვწყდე და ჩემს განტვირთვაზე დრო ვხარჯო.

ძალიან პატარა ასაკიდან ბიძაჩემმა მე და მისი შვილი თევზაობას შეგვაჩვია, ძალიან მიყვარს, მაგრამ 2012 წლიდან აღარ მითევზავია, ვეღარ მოვიცალე ამისთვის. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ თევზაობა ადვილია - მიხვალ, დაჯდები და ითევზავებ, მაგრამ ამას სჭირდება ცოდნა, მომზადება, აღჭურვა და თუ რეგულარულად არ თევზაობ, მერე ის ინვენტარი აღარ გაქვს - ცვდება, ფუჭდება, ან ვიღაცას ჩუქნი და მერე ამის თავიდან აწყობა ძნელია. სპორტული დარბაზები დაკეტეს, თორემ კვირაში სამჯერ დილაობით ვვარჯიშობდი. ახლა ვცდილობ ეს დრო ისევ გამოვიყენო - დილაობით საათნახევარი მაქვს ჩემთვის, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, არც ბავშვები მახვევია თავზე და არც პოლიტიკაზე ვფიქრობ, ყურსასმენები მაქვს ყურში და ხან რაღაც ლექციებს ვუსმენ, ხან მუსიკას...

  • "მგონია, რომ პოლიტიკა აშტერებს"

- მგონია, რომ დროის მენეჯმენტში პრობლემა მაქვს და ვერ ვასწრებ ურთიერთობებს. ბოლო პერიოდში ჩემი თავის არ მომწონს ის, რომ მგონია, პოლიტიკა ადამიანს აშტერებს. იმის გამო, რომ 24 საათის განმავლობაში გიწევს სულ პულსზე გედოს ხელი, რა ხდება ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ, გიწევს ახალი ამბების კითხვა, მოსმენა, მერე ვიღაცამ რაღაც თქვა და ამაზე კომენტარი უნდა გააკეთო, დრო აღარ გრჩება იმისათვის, რომ შენ რაღაცაზე დაფიქრდე, მოისმინო, გაიაზრო, იფიქრო... ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკა აშტერებს. ბოლომდე არ ვაპირებ დაშტერებას, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში დავუბრუნდები სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, ოღონდ, ჯერ არა, ჯერ რაღაცეები მაქვს გასაკეთებელი. ბევრი მიზანი მაქვს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეიძლება მივაღწიო ის იქნება, რომ ამ ქვეყანაში გაიზარდოს იმ ადამიანების ინდექსი, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების იდეის, გაიგონ, რა შინაარსი დევს ამ სიტყვაში და იბრძოლონ მის დასაცავად. მთავარია, თავისუფლების იდეამ გაიმარჯვოს და ამას ბევრი ადამიანი სჭირდება, ვინც შეიძლება რაღაც გააკეთოს ამ იდეისთვის ბრძოლაში. ალბათ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა.