"ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს ცდილობს, პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორის არის ყოფილი წყალბურთელი რეზო ჩომახიძე, რომელსაც ქართული წყალბურთის ლეგნდადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე, იმ წარმატებების გათვალისწინებით, რასაც საკუთარი კარიერის განმავლობაში მიაღწია.
ის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახლავთ.
მომავალი წყალბურთელი 1973 წელს დაიბადა, წყალბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო. 1989-1993 წლებში თბილისის ”დინამოში” გამოდიოდა, შემდეგ მრავალ გუნდში გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. იყო ”რარი ნანტესის” (იტალია, 1993-1997), მოსკოვის ”დინამოს” (1997-2000), ”პრო რეკოს” (იტალია, 2000-2001) ზაგრების (ხორვატეთი) ”მლადოსტის” (2001-2004) წევრი, 2004 წლიდან ჩეხოვის (მოსკოვის მიმდებარე) ”შტურმი 2002-ში” თამაშობს. 1997 წელს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს სწორედ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, კეთილი ნების თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა, 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადებზე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიო ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასი მოიგო. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.
მოკლედ, მას მერე, რაც ის "ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოაჩინეს, ოპონენტებმა მას რუსეთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს, რასაც "ფეისბუქის“ საშუალებით უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
"წარმოუდგენელია, სრულიად გასაოცარია ის, რაც ხდება, ასეთ კარგ შედეგს ბევრი არ ელოდა. დიდი მადლობა ყველას, ახალი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წარდგენის შემდეგ, ჩვენ "სუსტი" წერტილი გვიპოვეს - რეზო ჩომახიძე.
კაცი, რომელიც საკუთარი გადარჩენის და შემდეგ უკვე წარმატებისკენ მიმავალ გზას 1990 იან წლების დასაწყისში, წყალბურთის თამაშით დაადგა.
შრომით, ოფლით და ნიჭით, მიაღწია იმას, რომ გახდა სიდნეის ოლიმპიადის ვერცხლის და ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი.
2002-2003 წლის სეზონში გახდა ევროპის საუკეთესო წყალბურთელი.
2002-2003 წლებში, სრულ სიბნელეში, უპერსპექტივობაში, უშუქობას და უგზოობაში, საქართველოში, აკუმულატორზე მომუშავე რადიო გადმოსცემდა რომ ქართველი, რეზო ჩომახიძე, გახდა ევროპის საუკეთესო წყალბურთელი. იმ წლებში, როდესაც ჩვენ ჩემპიონები მხოლოდ ადამიანების გატაცებაში, კორუფციაში და ძალადობაში ვიყავით, რეზო ჩომახიძე ევროპის საუკეთსო წყალბურთელი ხდებოდა, ისე რომ საქართველოში, 90-იანებში, კარიერის დასაწყისში ვარჯიშობდა წყალბურთში, წყლის გარეშე.
ასეთი მაგალითები გვეამაყებოდა, ასეთი მაგალითები გვაძლევდა ძალას კვლავ დაგვეჯერებინა ჩვენი ერის, ჩვენი თავის, ჩვენი ნიჭიერების და ჩვენი ძალის. 2008 წლის შემდეგ რეზო ჩომახიძე საქართველოში დაბრუნდა და მთელი ეს წლები თავის ენერგიას ახმარდა ქართულ წყალბურთს და ქართველი ახალგაზრდებისთვის წარმატების კარის გახსნას.
რეზო ჩომახიძე, ქართველი პატრიოტი და ნამდვილი ქართული ლეგენდა, აი ვინ გვინახეს სუსტი წერტილი, ყოჩაღ, სწორი გზით მივდივართ“, - წერს ის.
საინტერესოა, რას ამბობდა წლების წინ, რეზო ჩომახიძე რუსეთის ნაკრებში თამაშზე. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2014 წელს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:
- ოდესმე გინანიათ, რუსეთის ნაკრების წევრი რომ იყავით?
- არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი... მეტსაც გეტყვით - იმ გუნდში თამაში ჩემთვის სასიამოვნოც იყო და საამაყოც. რუსეთს მხოლოდ აგრესორ ქვეყნად არ აღვიქვამ, მათ კულტურას კარგად ვიცნობ და ჩემთვის რუსეთი და პუტინი ერთი არ არის! ამავე დროს, ბედნიერი ვარ, რომ დროულად ვთქვი უარი რუსეთის ნაკრებში თამაშზე. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, რაზე ლაპარაკიც ახლა არ მსურს, მაგრამ როცა რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია ხდებოდა, მე უკვე უარი მქონდა ნათქვამი რუსეთის ნაკრებში თამაშზე. მადლობა უფალს, რომ 2008 წლის ომის დაწყებისას რუსეთის ნაკრების ფორმა არ მეცვა და ოლიმპიადაზე არ ვთამაშობდი! ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის...
- რუსეთის ნაკრებში თამაშისას ხომ ყველამ იცოდა, რომ რეზო ჩომახიძე ქართველია?!
- რა თქმა უნდა! მაგრამ ამის გამო რუსეთში არასდროს მიგრძნია რაიმე სახის დისკრიმინაცია. ტყუილია, თითქოს ქართველ და რუს ხალხს ურთიერთობა უჭირს. ყველაფერში დამნაშავენი მხოლოდ პოლიტიკოსები არიან. ის კი, ვინც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო, არც რუსი და არც ქართველი ხალხის აზრს არ ითვალისწინებდა! ამიტომაც ვამბობ, რომ რუსეთის და პუტინის, რუსი ხალხის და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გაიგივება შეცდომაა... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად
ნაცებმა თორნიკე სენგელის ისე გადაუარეს რომ წარბიც არ შეხრიათ, აქ კი არამც თუ საკლობო გუნდში არამედ თვით რუსეთის ნაკრების წევრი ყოფილა. სად არის თქვენი სტანდარტი ნაცებო და განსაკუთრებით გუბაზ სანიკიძევ