მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე საკუთარ მიმართვაში აცხადებს.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები და ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები. იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს. როგორც იცით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!", - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
ამასთან კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანება უნდა შეძლოს.
"ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს. იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ. იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს. მე კი, როგორც ქალაქის მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.
კახაჯან, ჯერ გაყალბებული, ნაქურდალი არჩევნები და ხმები დააბრუნეთ, ასევე ის ბიზნესები რომლებიც მურუსიძე/ჩინჩალაძის კლანის მეშვეობით წაგვართვით პატიოსან მოქალაქეებს ქრთამების სანაცვლოდ. მერე კი დავჯდეთ, ყველამ ერთად პოზიციამაც, ოპოზიციამაც და მოსახლეობამაც განვიხილოთ ის პრობლემები რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს ყველა ინდიკატორის გათვალისწინებით/გამოყენებით მე გასწავლით და საჩუქრა გადმოგცემთ, ყოველგვარი საზღაურის და თანამდებობის გარეშე). ვფიქრობ ჩემი არაჩვეულებრივი წინადადებაა, შენი კი ცალმხრივი, ტენდენციური და არასამართლიანია.
რიგორ გინდათ საერთო ენა გამონახოთ მარად დესტრუქციაზე დაგეშილ ნაციონალებთან. რვა წელია ყეფენ, ქარავანი კი მიდის. ეტყობა იციან, რომ მათ მომხრეებს ეს უფრო მოსწონთ და არ უცრუებენ იმედს.