ავტორი:

საქართველოს მაია სანდუ ეწვევა - ვინ არის მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს

საქართველოს მაია სანდუ ეწვევა - ვინ არის მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს

საქართველოს დღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მიიღებენ მონაწილეობას.

საინტერესოა დასავლური ღირებულებების მქონე მაია სანდუს პერსონა, რომელიც კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მოლდოვის პრეზიდენტია. 48 წლის მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ეს თანამდებობა 2020 წლის 24 დეკემბრიდან უკავია.

არჩევნების მეორე ტურის ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა ხმათა 57.7% მიიღო, იმ დროისთვის მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი, რომელიც პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნეოდა, 42.2%.

  • ვინ არის მაია სანდუ

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, 1972 წლის 24 მაისს დაიბადა. ის წლებია აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და თავის საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობას.

სწავლობდა მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიაში მენეჯმენტის ფაკულტეტზე, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სკოლა დაამთავრა. საუბრობს რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

2010-2012 წლებში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. 2012-2015 წლებში კი მაია სანდუ მოლდოვაში დაბრუნდა და განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა.

  • პოლიტიკოსის კარიერა

განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში, მან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. სწავლის დონის ასამაღლებლად, გაამკაცრა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების პროცესი, შეცვალა საგამოცდო სისტემა და ძირეულ რეფორმას დაუდო სათავე.

2015 წელს მან დატოვა განათლების მინისტრის პოსტი და ოპოზიციის რიგებში გადავიდა, გახდა პროევროპული იდეების მქონე პარტიის ლიდერი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა.

სანდუ 2019 წელს, ექვსი თვის განმავლობაში მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა მის კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ოფიციალურ მიზეზად მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების მუშაობით უკმაყოფილება დასახელდა, თუმცა მაშინ "ბიბისი" წერდა, რომ ნამდვილი მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო მოსკოვის უკმაყოფილება პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბების გამო.

მაია სანდუს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ხალხისადმი მიცემული მთავარი დაპირებები - სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება იყო. ქვეყანას ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს. სანდუ ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და ამავდროულად, ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი.

სანდუს საარჩევნო პროგრამა ასევე ფოკუსირებული იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამბობდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს იქნებოდა მთავარი გამოწვევა.

პროდასავლური მაია სანდუს გამარჯვებას "დოიჩე ველე“ მოლდოვის ისტორიაში ახალი თავის საწყის ეტაპად მიიჩნევს.

სანდუს უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვს ადამიანებთან, რაც მისი "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ნახვითაც თვალშისაცემია. უყვარს ექსტრემალური სპორტი. მოლდოვის ახალი პრეზიდენტი არ არის დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს.

  • კონფერენცია ბათუმში

ინფორმაციისთვის, ბათუმის საერთასორისო კონფერენცია, რომელსაც მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი დაესწრებიან, დღეს გაიხსნება და ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: "ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

სესიის მსვლელობისას, განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტები მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ - რისთვის გადაუხადა მადლობა პუტინმა ალიევს

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს