მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 30 წლამდე ასაკის გიორგი ო. 14 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს მკვლელობისთვის და ციხიდან 2020 წლის 29 ივნისს გათავისუფლდა.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ციხეში არასრულწლოვნობიდან იჯდა:
"ეს ბავშვი სულ ციხეში იყო. მკვლელობაზე იჯდა. ქალი მოკლეს მაგან და მისმა პარტნიორმა. ჯერ გააუპატიურეს და მერე მოკლეს. ასე, 15 წლის წინ მოხდა" - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი განაწყენებული იყო მამაზე, ვინაიდან მან წლების წინ შვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რის შემდეგაც გიორგი ო. მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ამ დრომდე სასჯელს იხდიდა.
ადგილობრივები შურისძიების კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ - მათი თქმით, შვილიშვილმა ბაბუა იმის გამო მოკლა, რომ მამაკაცი რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. "ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს" - აცხადებენ მეზობლები.
კიდევ ერთი ვერსიით კი, შესაძლოა მკვლელობა ფულის გამოც მომხდარიყო. კერძოდ, როგორც მეზობლები აცხადებენ, „ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს“.
შემზარავი შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა გიორგი ო-მ, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.
ფოტო: ვანო გორგიშვილი