ავტორი:

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. სამართალდამცველებმა საქმეზე დააკავეს 17 პირი, მათ ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში. საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და შესაძლებელია, დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ახლო მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში საბედისწერო წვეულების რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენმა რესპონდენტმა ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამიტომ მის ვინაობას არ ვასახელებთ.

- მე და გიორგი დაბადებიდან ერთად მოვდიოდით. ვიყავით უბნელები, ბაღელები და კლასელები. ჩემზე კარგად მას ცოტა თუ იცნობდა... უკონფლიქტო, მხიარული და უზომოდ მოსიყვარულე იყო. არასოდეს არავისთან უჩხუბია და მისგან ელემენტარული წყენაც არავის გვახსოვს.

მისი ოჯახი და ჩვენც, ახლობლები დარწმუნებული ვართ, რომ მოკლულია. ის წყალში არავითარ შემთხვევაში არ გადახტებოდა, ვერც გადავარდებოდა ისე, რომ წყლის ხმა არ გაეგო.

რაც შეეხება მკვლელობის ვერსიებს, რამდენიმეს განვიხილავთ. ერთია, რომ ცემაში შემოაკვდათ და შემდეგ დამალვის მიზნით ჩააგდეს წყალში, ხოლო მეორე ვერსიით, შეიძლება მანქანით გაიტანეს. ბევრი მოტეხილობა აქვს სხეულზე.

ამდენი ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდა რომ არ შეკრებილიყო ერთად, ალბათ ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. ის გოგო, ვისი დაბადების დღეც იყო, დამნაშავე იმაშია, რომ მისთვის სრულიად უცხო ადამიანები დაპატიჟა დაბადების დღეზე. როგორც ვიცი, სრულწლოვანი გახდა, 18 წლის და ერთი მეგობარი რომ დაპატიჟა, უთქვამს ვინც გინდა მოიყვანეო. იმანაც მიიყვანა ძალიან ბევრი უცხო ბიჭი. გიოც არ მეგობრობდა იუბილართან, უბრალოდ ნაცნობები იყვნენ და მეგობრის მეშვეობით აღმოჩნდა წვეულებაზე.

ვერსია, თითქოს ჩხუბი გოგოს გამო მოხდა, ტყუილია. სადღეგრძელოში ნათქვამ ერთ სიტყვას მოჰყვა ყველაფერი თურმე" - გვიყვება შაქარაშვილის მეგობარი 19 წლის გოგონა.

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი დარწმუნებულია, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, დაბადების დღის ფოტოგრაფმა, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

"შეუძლებელია ფოტოგრაფს თავისი თვალით არ ენახა, რა მოუვიდა გიორგის. სულ მაგისტრალზე ექვსნი იყვნენ. გური ამირხანაშვილი ძალით ჩაისვეს ავტომობილში თბილისიდან ჩამოსულებმა და წაიყვანეს, ხოლო ხუთი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა. ფოტოგრაფი და გიორგი ერთი მიმართულებით გარბოდნენ. საკითხავია, დანარჩენი სამიდან რამდენიმე როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში? დაზუსტებით არ ვიცი, რამდენი მივიდა თუ მიიყვანეს საავადმყოფოში.

ფოტოგრაფმა, სავარაუდოდ, დაინახა საკუთარი თვალით ყველაფერი და იმედია გამოძიებას მოუყვა. როგორც ვიცი, ჩვენებაში ამბობს, ჯერ ერთი მანქანა მოვიდა ხიდთანო (სადაც მოხდა დაპირისპირება), შემდეგ ეს მანქანა წავიდა და სამი სხვა ავტომობილი მოვიდაო. დარწმუნებული ვარ იმიტომ მოვიდნენ, რომ მოკლული გიო დაემალათ.

მინდა ვთქვა ერთი რამეც - გური და გიო უახლესი მეგობრები იყვნენ. იგი გიოს არასოდეს უღალატებდა და დატოვებდა გასაჭირში. ისეთ კომენტარებს უწერენ, მომხდარში მას ადანაშაულებენ. ძალიან ცუდად არის ფსიქოლოგიურად, უზომოდ განიცდის მოხდარს და კიდევ უმატებენ...

კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გიოს მკვლელობაში არის გარეული. ჩვენ არ გავჩერდებით!" - ამბობს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის კლასელი.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო "ნახალოვკიდან". ასევე დაკავებულები არიან - „ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე.

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია