თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან საავადმყოფოდან.
ამასთან, რატიანის ინფორმაციით, 14 ინფიცირებული პაციენტიდან ორი ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება. მისი განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
"ჩვენთან მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ამ 14 პაციენტიდან ორი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.
დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია როგორც კლინიკური, ისე პარაკლინიკური კვლევებით. ამიტომ ველოდებით, რომ 14 დღე გავიდეს, რათა ავიღოთ განმეორებითი ნაცხები. თუ ბიოლოგიურ ნაცხში ორჯერ არ აღმოჩნდება, უახლოეს დღეებში ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში.
დანარჩენ პაციენტებთან ყველასთან დასტურდება პნევმონიის სურათი. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ყოფილა," - განაცხადა რატიანმა.
მისივე ინფორმაციით, სამი ახალშობლიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
"რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით,“ - აღნიშნა რატიანმა.