დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს. როგორც მან დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, გამოკვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ორ პაციენტს, რომლებიც მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტები შეამოწმონ.
ბრიფინგზე ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ჩინელი ექიმის ხსოვნას, რომელსაც საზოგადოებას ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველად აცნობა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ღონისძიებები და ნაბიჯები, რაც სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში იდგმება, სრულ შესაბამისობაშია იმ რეკომენდაციებთან, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცი გასცემს. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ე.წ. დაბალი რისკის მქონე ქვეყანად ვართ მიჩნეული, რადგან ჩვენთან ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არყოფილა.
ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენრტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე, რომ სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით“,-განაცხადა გამყრელიძემ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რატომ არ კეთდება დოზინფექცია
სი ენ ენ-ის ცნობით, დღეს ჩინეთის პრეზიდენტმა ტრამპთან სატელეფონო საუბარში აღიარა (!) რომ ჩინეთში ვირუსის პრევენცია და კონტორლი "კრიტიკულ ეტაპზეაო". წარმომიდგენია რა ხდება ჩინეთში როდესაც მისი ლიდერი ასეთ აღიარებას აკეთებს. WHO ჯერ-ჯერობით არ აფასებს სიტუაციას პანდემიად, მაგრამ ტრამპის მრჩეველი თავის ოფიციალურ განცხადებაში სიტუაციას პანდემიად მოიხსენიებს. ვფიქრობ, უზარმაზარი საპრევენციო (და არა მხოლოდ) გეგმებზე ერთობლივად უნდა მუშაობდეს ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების სამსახურება და განათლება (სკოლები, ბაღები). მოსახლეობა უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული მედიის ყველა საშუალებით თავდაცვის და სხვა პირების დაცვის ზომებზე. საუბარიც არაა იმაზე, რომ საჭირო რაოდენობით უნდა იყოს ქვეყანაში სადეზინფექციო საშუალებები და ნიღბები.