მსხვილ ბიზნესსა და სტრატეგიულ ობიექტებში კაპიტალის დაბანდების შემდეგ, რუსული ფული საქართველოში შედარებით მცირე, მაგრამ რენტაბელური სფეროებით დაინტერესდა.
ტურიზმი, სასტუმრო სექტორი, სარესტორნო ბიზნესი - ბოლო დროს სულ უფრო მეტი კომპანია ფუძნდება საქართველოში რუსული კაპიტალითა და რუსეთის მოქალაქეების მიერ. აქვს თუ არა ფულს წარმომავლობა და არის თუ არა სარისკო რუსული კომპანიების მიერ საქართველოს ბაზრის "დაპყრობა"? - დღეს ეს კითხვები ხშირად ისმის. ბოლო 20 წელიწადში რუსული კაპიტალი მზარდი ტემპით იკიდებდა ფეხს საქართველოს ბაზარზე. ის წარმოდგენილია ენერგეტიკაში, წიაღისეულის მომპოვებელ, სამშენებლო და ტურისტულ სექტორებში. ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში 2007 წელს შემოვიდა - თითქმის 89 მილიონი დოლარი და 2014 წელს - 82 მილიონი დოლარი.
"ენერგიული" ინვესტიციები
კვლევების თანახმად, რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანია "თელასის" 75%-ს და ჰესებს - ხრამჰეს 1-სა და ხრამჰეს 2-ს. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივის ტარიფების გაზრდაზე უარის გამო, ითხოვს ტარიფების გაზრდასა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდასაც.
საქართველოს ენერგოსექტორში რუსული ფული დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი. რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე ფლობს შპს "ენერგიას", რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი და შილდაჰესი. სხვათა შორის, მისი ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან დაბანდებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს რუსული სააქციო საზოგადოება "პილონის" ხელმძღვანელობას შეუდგა. "პილონი" სანქტ-პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებაზე მუშაობს და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2012 წელს კომპანიის მორიგი პროექტის გახსნას რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს "რუსეთის დამსახურებული მშენებლის" წოდება.
რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია აგრეთვე ავანიჰესი, ალგეთიჰესი, სკურდიდიჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. გასულ წლამდე რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში იყო ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსი", თუმცა, შარშან ის იყიდა "ბიჯეო ჯგუფმა", რომლის შემადგენლობაში შედის "საქართველოს ბანკი". რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით ნავთობკომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები "არემჯი გოლდი" და "არემჯი კოპერი", მუდმივი
დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი "ელმავალმშენებელი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი" და ბევრი სხვა კომპანია.
"ჩასაფრება" ოფშორებში