Hyundai Ioniq - ჰიუნდაის ელექტრო-რევოლუცია
საავტომობილო სფეროში რევოლუცია ძირითადად ტექნოლოგიურ პროგრესს ნიშნავს. «ჰიუნდაიმ» ასეთი რევოლუცია ელექტრომობილურობის სფეროში, ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა კორეელებმა ჟენევის 2016 წლის ავტოგამოფენაზე თავიანთი ახალი ავტომობილი, Hyundai Ioniq წარმოადგინეს.
ელექტრო-Ioniq-ის რესურსი: 250 კილომეტრი!
ამ მოდელისთვის «ჰიუნდაიმ» სრულიად ახალი პლატფორმა შექმნა და მასზე ააგო როგორც ჰიბრიდული ვერსია, ისე Plug-in-ჰიბრიდული და ელექტრომობილიც. ამ უკანასკნელის საქმეში ხილვის შესაძლებლობა შემოდგომაზე, «ოქროს საჭის» ფინალურ ტესტებზე გვქონდა და სწორედ მაშინ დავრწმუნდით, რომ მთლად 280 არა, მაგრამ Ioniq ელექტრომობილით 250 კილომეტრის გავლა სავსებით რეალურია. დიახ, 250 კილომეტრი სუფთა ელექტრო-სვლით!
აღსანიშნავია, რომ «ჰიუნდაის» თბილისის ცენტრში ჰიბრიდული Ioniq დიდი ხანია, ხელმისაწვდომია, სულ მალე კი, თბილისის შოურუმში ელექტრომობილიც გამოჩნდება. ახლა კი გავიცნოთ Plug-in-ჰიბრიდული ვერსიას.
ტევადობა
ელემენტების ბლოკი უკანა სავარძლის ქვეშაა. შესაბამისად, საბარგულის მოცულობა კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა - 443-1505 ლიტრი. კარგია სალონის ტევადობაც.
ძრავა
ბენზინის თამამი 1,6-ლიტრიანი ძრავა, პლუს ელექტრომოტორი და კარგად ფუნქციონირებადი ავტომატიკა - ასეთი კომბინაციით ჰიბრიდი მართლაც სასიამოვნო სამართავია.
დინამიკა
Ioniq ჰიბრიდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მანევრული ავტომობილია და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სვლის სპორტული მანერა ახასიათებს.
მულტიმედია
მობილური სმარტფონების დაკავშირება უმარტივესია, ხმოვანი სიგნალები Apple CarPlay-ს მეშვეობით ხორციელდება.
ეკოლოგია
როდესაც ტემპერატურა 18 გრადუსია და კონდიციონერი გათიშული გაქვს, Plug-in-ჰიბრიდული Ioniq სუფთა ელექტროსვლით 64 კილომეტრის გავლას ახერხებს. როცა ელემენტები დაჯდება, საწვავის ხარჯი შეიძლება 5 ლიტრამდე ავიდეს.
კომფორტი
მასალების ხარისხი მისაღებია, წინა სავარძლები, შეიძლებოდა, უფრო კომფორტულიც ყოფილიყო.
ხარჯები
Plug-in-ჰიბრიდული Ioniq-ის ფასი ევროპაში დაახლოებით 28 000 ევროა - ასეთი Ioniq უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ელექტრომობილი და მით უმეტეს ჩვეულებრივი ჰიბრიდი. ამ უკანასკნელის ფასი «ჰიუნდაის» თბილისის ცენტრში 22 800 დოლარიდან იწყება.
დასკვნა
Hyundai Ioniq-მა ეკოლოგიური ავტომობილების კლასში შემოიტანა ის, რაც ამ კლასს ყველაზე მეტად აკლდა: მართვის სიამოვნება. ეს ამ ავტომობილის სამივე ვერსიას ეხება - ჰიბრიდსაც, Plug-in-ჰიბრიდსაც და ელექტრომობილსაც. ეკონომიური ჰიბრიდის კვალობაზე გასაოცრად სასიამოვნოა სამართავია. კორეული რევოლუცია გრძელდება!
Hyundai Tucson - ნამდვილი სახალხო SUV
როდესაც Hyundai Tucson-ის ახალი თაობა გამოვიდა, «ფოლკსვაგენში» განგაშის ზარებს შემოჰკრეს და ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დასტრიალებდა შარშან, ჟენევის ავტოშოუზე მას «ფოლკსვაგენის» შეფი მარტინ ვინტერკორნი. წლის ბოლოს გერმანელთა შიშები გამართლდა: Tucson გერმანიაში 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი SUV გახდა - ანუ, უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე «ფოლკსვაგენის» სიამაყე «ტიგუანი».
წინამორბედ ix35-თან შედარებით დაგრძელდა და გაგანიერდა, მაგრამ მხოლოდ იმდენით, რომ Tiguan-ის ფორმატისთვის მიეღწია. ავტომობილის წინა მხარე უაღრესად მეტყველია, უკანა კი - ცოტა მოსაწყენი. მაგრამ მთლიანობაში, ახალი Tucson-ის დიზაინი საკმარისია საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ: სახეზეა აშკარა და დიდი პროგრესი, რაც სავსებით სამართლიანად აისახა გაყიდვებში.
პრაქტიკულობა, მაღალი კომპლექტაცია დაბალ ფასად, საუკეთესო გარანტია და ფასი/ხარისხის სრულყოფილი სინთეზი - სწორედ ეს არის კორეელთა წარმატების ფორმულა:. «ჰიუნდაის» უმთავრესი კოზირები ფუნქციურობა და კომპლექტაციაა.
ტევადობა
თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ტევადი ავტომობილი ბევრი სათავსოთი.
ძრავა
ეკონომიური ტურბო-დიზელი საკმარისზე მეტი სიმძლავრით.
დინამიკა
სავალი ნაწილი კომფორტზეა ორიენტირებული და მანქანაც რბილად დადის. სპორტის რეჟიმში მოხვევა უმჯობესდება, თუმცა სპორტულად მაინც არ დადის.
მულტიმედია
გასართობ-საინფორმაციო სისტემის ეკრანი 8-დუიმიანია, Style ვერსიაში კი ასისტენტ-სისტეკების დიდი პაკეტი მოყვება.
ეკოლოგია
საწვავის საშუალო ხარჯი 5-დან 6 ლიტრამდე დიზელია. ევრო 6 აზოტის ოქსიდების სპეციალური კატალიზატორით.
კომფორტი
რბილი სვლა, კომფორტული სავარძლები, კარგი ხმაურიზოლაცია, რომელიც დიზელის ძრავის ხმას ახშობს.
ხარჯები
ფასისა და ხარისხის შეფარდების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. მაღალი კომპლექტაცია, კარგი გარანტია.
დასკვნა
როგორი უნდა იყოს SUV-კლასის ავტომობილი, რომლითაც ყოველდღე უნდა ვიაროთ ქალაქში? ფუნქციური, ხარისხიანი, ეკონომიური, კომპაქტური, პრაქტიკული და, რა თქმა უნდა, მისაღები ფასი უნდა ჰქონდეს. Hyundai Tucson სწორედ ამ ყველაფრით გამოირჩევა და ამიტომაცაა წარმატებული მოდელი.
R