საქათველოში თვითნებურად დიეტას ყოველი მე-3 ქალი იცავს, მამაკაცებიდან კი - ყოველი მე-10. უფრო ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პროფესიონალი დიეტოლოგის მიერ შერჩეული კვების რაციონით იკვებებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დიეტა კი ერთ ადამიანს თვეში, საშუალოდ, 200-250 ლარი უჯდება. თუ ამას სავარჯიშო დარბაზში ვიზიტისა და სპეციალისტის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს მივუმატებთ, გახდომის მსურველთა ხარჯი 350 ლარამდე გაიზრდება.
დიეტოლოგები ამბობენ, რომ სასურველი შედეგის მიღწევისთვის დეიტა დახალოებით ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს ფორმაში მოსვლისთვის ერთი წლის განმავლობაში 4200 ლარის გაღება მოუწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მსურველი სპეციალისტის რჩევას მიჰყვება.
დიეტოლოგები ამბობენ, დღეს საქართველოში დიეტას ქალების დაახლოებით 10% და კაცების 5% იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დიეტას 194 ათასი ქალი და 89 ათასი მამაკაცი მისდევს. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში 1,940 მლნ ქალი ცხოვრობს, 1,780 კი - მამაკაცი, ანუ აქედან დიეტას 194 ათასი ქალი და 89 ათასი კაცი იცავს. თუკი ერთ ადამიანს წელიწადში სასურველ ფორმაში მოსვლა 4 200 ლარი უჯდება, გამოდის, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში "მოდიეტეების" ხარჯი მთლიანად 1,189 მლრდ ლარს უტოლდება.
საქართველოში და არა მარტო აქ, სიმსუქნე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, ამიტომაც იმატა "შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2"-ის (ინსულინ დამოკიდებულებისგან თავისუფალი) მაჩვენებელმაც. დიეტოლოგების თქმით, სიმსუქნის მაჩვენებელმა ქვეყანაში უკვე მოსახლეობის რაოდენობის 30%-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ამიტომ აუცილებელია, რომ სიმსუქნის პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებები გატარდეს.
სიმსუქნეს კი ქართველი ქალები და კაცები სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან. ზოგიერთი დილით დარბის, ჭამს დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ პროდუქტს ან თვითნებურად ადგენს დიეტას. "-7 კილოგრამი ერთ კვირაში", "-5 კილოგრამი ერთ კვირაში", "დღეში ერთი კილოგრამის დაკლება", "სპეციალური კოქტეილი გასახდომად"- ამგვარი ათასი სახეობის დიეტის რეცეპტი ინტერნეტში უამრავია, თუმცა კომენტარებში ხშირია მინაწერი, რომ მსურველმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და თუ მიაღწია, მერე წონა ერთი ორად "აკრიფა".