ბოლო პერიოდში კერძო სექტორში ხელფასების რაოდენობამ იკლო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, განსაკუთრებით პრობლემაა მომსახურების სფეროში, სამშენებლო კომპანიებსა და სავაჭრო სექტორში. დასაქმებულები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ნაკლებ ხელფასს იღებენ. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა ნაწილი "კადრების შემცირების" საბაბით გაუშვა და რამდენიმე ხანში ისევ შესთავაზა სამსახური, ოღონდ - შემცირებული ანაზღაურებით.
სამწუხაროდ, ეს ხდებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში, როცა ხელფასი კომპანიებს, წესით, უნდა გაეზარდათ, მაგრამ მათ საპირისპირო ღონისძიებას მიმართეს და ათასობით ადამიანის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დასაქმების სააგენტოები ადასტურებენ, რომ ახალ ვაკანსიებზე ანაზღაურება თვალშისაცემად არის შემცირებული. სხვადასხვა პოზიციაზე განსაზღვრულმა ხელფასმა 150-300 ლარით იკლო.
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ისედაც მცირეა. ცოტაა ხალხი, ვინც რეგულარულად იღებს ხელფასს ან მსგავსი ტიპის ანაზღაურებას. არაოფიციალური მონაცემებით, ყოველ 100 ადამიანზე მხოლოდ 52-53 დასაქმებული მოდის.
გამოდის, რომ მოსახლეობისთვის მუდმივი სამუშაო ადგილის შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება. კომპანიების უმეტესობა ბაზარზე ადგილის შენარჩუნებას ხელფასების შემცირების ხარჯზე ცდილობს. პრობლემა განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებულებს შეექმნათ.
ყველაზე მეტად დაზარალდა გამომუშავებაზე მყოფი მუშა-პერსონალი, რომლებსაც ლარის გაუფასურების პერიოდში შრომის ანაზღაურება თითქმის გაუნახევრდა.
ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. პრობლემის შესახებ უცნობია პროფკავშირისთვისაც. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ და არც კონკრეტული ფაქტების შესახებ სმენიათ განაგრძეთ კითხვა