ის, რაც ძალიან გამახარებს ან მატკენს გულს, იმდენ ხანს რჩება ჩემთან და მაფორიაქებს, ვიდრე რაიმე ისეთს არ მოვიფიქრებ, რაც აწრიალებულ სინდისსაც დამიმშვიდებს და იმაშიც დამარწმუნებს, რომ ყველაფერი გამოსწორდა და სიკეთისკენ შეტრიალდა. შემთხვევა, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ, არაა მარტივად გადასაწყვეტი და მარტო ვერაფერს გავხდები (სამწუხაროდ!). ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და რითაც საზოგადოების ყურადღებას მივიპყრობ - ვწერ ჩემს მეზობელზე და მისი სახით ათასობით თუ არა, ასობით მის მსგავსზე... ვწერ იმ იმედით, რომ მართლა ამოვუდგებით მხარში ღვაწლმოსილ ადამიანებს და თუნდაც, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონდეთ გაკეთებული, მაინც არ მივატოვებთ უნუგეშოდ. ბოლოს და ბოლოს, თავადაც მოვხუცდებით და გვინდა თუ არა, სხვაზე დამოკიდებულები გავხდებით...
თინა ბებო პენსიონერია. საკუთარი ოჯახი არ გააჩნია. ერთადერთი ძმა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. ძმისშვილი რუსეთში გაემგზავრა და სამ ათეულ წელზე მეტია, სამშობლოში ჩამოსული არავის უნახავს. მშობლების დაკრძალვაზეც კი ვერ მივაწვდინეთ ხმა...
თინა ბებო ექთანი იყო და თითქმის ორმოცდაათი წელიწადი ემსახურა ხალხსა და საყვარელ საქმეს. თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, სამსახურის შემდეგ, სრულიად უანგაროდ აკითხავდა სახლში და საათობით ეჯდა სასთუმალთან. როცა ხედავდა, მისი იმედი ჰქონდა გაჭირვებულს, ამ იმედს არ უქრობდა...
ახლა რვა ათეულს გადააცილა და თავად გახდა მისახედი. არავის აწუხებს, არავის ახვევს თავს საკუთარ გაჭირვებას. გასაკვირია, როგორ ანაწილებს მწირ პენსიას ისე, რომ არც ვინმეს ვალი აქვს და არც მოწუწუნე გვინახავს ოდესმე. თანაც, არც მშიერს ჰგავს და კოპწიადაც აცვია. იქნებ იმიტომაც არავის მოგვსვლია თავში აზრად, რომ მასაც სჭირდება დახმარება. არ გვიფიქრია, რომ ზნეკეთილობით ნიღბავდა უამრავ ტკივილსაც და გაჭირვებასაც...
საახალწლოდ ეზოში მორთულ-მოკაზმული მანქანა შემოვიდა და თინა ბებო იკითხეს: იმ საავადმყოფოდან ვართ, სადაც ლამის ნახევარი საუკუნე იმუშავა და თუ ცოცხალია, გვინდა, ტკბილეული გადავცეთო...
თავად მივაცილე სტუმრები თინა ბებოს სუფთა, პატარა ბინაში და კარგად დავინახე, რაც იყო გამჭვირვალე ცელოფანში შეფუთული: ორი ფორთოხალი, ხუთიოდე მანდარინი და ნახევარი კილო იაფფასიანი კარამელის კანფეტი. ერთი ბოთლიც, ღვინო...
თინა ბებოს მაინც სიხარულის ცრემლები წამოსცვივდა და ათასი მადლობა გადაუხადა სტუმრებს, - რომ გახსოვართ, იმისთვისო...
არ ვიცი, რატომ, მაგრამ სიხარული ვერ მომიტანა ამ ფაქტმა. შეიძლება იმიტომაც, რომ ასეთ მოსაკითხზე ბევრად მეტს იმსახურებენ ჩვენი მოხუცები...
ახალი წელიც ჩამაშხამა ამაზე ფიქრმა და მერეც "ვერ გავიხარე". ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩემი ბავშვობის მეგობარს მივადექი კაბინეტში, რომელსაც წარმატებული ბიზნესი აქვს და ქველმოქმედებას ყოველთვის ეწეოდა. თინა ბებოს შესახებ ვუამბე და დახმარება ვთხოვე. უარი არ უთქვამს: პროდუქტი ვუყიდოთ თუ თანხა ვაჩუქოთო? თანხის მიცემა ვამჯობინე: თავად იცის, რა უფრო სჭირდება-მეთქი... განაგრძეთ კითხვა