საქართველოში, "ევროვიზიის" შიდა შესარჩევ კონკურსზე ჯგუფმა "ელდრაინმა" გაიმარჯვა. "ელდრაინის" სოლისტი თაკო ვადაჭკორია იყო. მაგრამ ჯგუფის სოლისტი საპროდუსერო კომპანიასთან ვერ შეთანხმდა. ამის გამო "ელდრაინის" სოლისტად სოფო ტოროშელიძე აირჩიეს. შესაბამისად, საქართველოს "ევროვიზიის" კონკურსზე, სოფო ტოროშელიძე წარადგენს. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, კითხვებს მომღერალი თაკო ვადაჭკორია პასუხობს
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი გიორგი:
სალამი თაკო. რა მოხდა სინამდვილეში? რატომ დატოვეთ ჯგუფი?
სინამდვილეში ის მოხდა, რომ მომიტანეს ისეთი კონტრაქტი, რომელშიც ჩემი აზრით, რამდენიმე პუნქტი იყო შესაცვლელი. პირველი ის, რომ კონტრაქტის ხანგრძლივობა ერთწლიანი იყო. ეს ვადა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ჩემთვის მიუღებელი იყო და მეორე, კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მეკრძალებოდა ყველანაირი სამსახური ჯგუფის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ჯგუფიდან არანაირი შემოსავალი არ იყო მინიშნებული.
კონტრაქტის მიხედვით ჩემს ჰონორარს შეადგენდა ნებისმიერი კონცერტიდან შემოსული თანხის 6%, მაგრამ რამდენი კონცერტი, ტურნე და დისკი ჩაიწერებოდა, საერთოდ არ იყო მითითებული. გამოდის, რომ ხელი ჰაერზე უნდა მომეწერა. ამიტომ მოვითხოვე ყოველთვიური ანაზღაურება, ის მინიმალური თანხა, რაც რეპეტიციებზე სასიარულოდ და ფორმაში ყოფნისთვის დამჭირდებოდა. ამ ყველაფერის მიღებას ვითხოვდი ევროვიზიის შემდეგ და არა მანამდე. ამაზე არ დამთანხმდნენ. შემდეგ შევთავაზე მოკლევადიანი, 3 თვიანი კონტრაქტი, რომელიც ევროვიზიის დასრულებამდე იქნებოდა ძალაში. ამ კონტრაქტის შემდეგ კი ჩასწორებული, გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდებოდა, ამაზეც უარი მივიღე.
ამ შეუთანხმებლობის გამო პირველი არხის წარმომადგენლებმა პროდუსერებს უთხრეს რომ ჯგუფი "ელდრაინი" მაინც გავიდოდა კონკურსზე და მათ ჩემს ნაცვლად სხვა კანდიდატურის მოძებნა შესთავაზეს. ჩემი წამოსვლიდან მეორე დღეს ასეც მოხდა.
მკითხველი სოფო:
თაკო, ჯგუფიდან საბოლოოდ წამოხვედით? თუ "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით ჯგუფს?
სოფო, სიმართლე რომ გითხრა, ახლაც რომ შემომთავაზონ დაბრუნება, ამის აღარანაირი სურვილი არ მაქვს. ამ ყველაფრის მერე აღმოვაჩინე, რომ უბრალო პაიკი ვიყავი, რომელიც ჭირდებოდათ. როცა აღარავის დავჭირდი, ისე მოიქცნენ თითქოს არც ვარსებობდი. ასე რომ, ჯგუფში ჩემს დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მკითხველი ნათია:
რომელ საპროდუსერო კომპანიასთან ვერ შეთანხმდით?
კომპანია "ტიტანთან".
მკითხველი თეონა:
თავიდანვე რატომ არ შეთანხმდით პროდუსერებთან?
ეს კონტრაქტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ევროვიზიის შესარჩევ ათეულში მოვხვდით. მერე პუნქტების შეცვლა ვთხოვე და აღმოჩნდა, რომ ერთი პუნქტის გარდა არაფერი იყო შეცვლილი. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ არც არაფრის დათმობას აპირებდნენ.
მკითხველი ლელა:
როგორი ურთიერთობა გაქვთ სოფო ტოროშელიძესთან?
სოფოს საერთოდ არ ვიცნობ. ის მაკვირვებს, ჯგუფის წევრები და პროდუსერები რომ ამტკიცებენ რომ ისინი სოფოს დიდი ხანია იცნობდნენ და სოფო მათ მოთხოვნებს ბოლომდე აკმაყოფილებს. თუ სოფო ამდენ ხანს გვერდით ყავდათ, მე რაღატომ მეძებდნენ ?
მკითხველი ვატო:
რა რეაქცია ქონდათ ჯგუფის წევრებს სოლისტის შეცვლასთან დაკავშირებით?
როგორც ჩანს ფანტასტიური. მე ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ ჯგუფის არცერთმა წევრმა არ დამირეკა და არ მკითხა რა მოხდა. თითქოს არც მიცნობდნენ და მათთან ერთად ერთი წელი არც ვყოფილიყავი. სოფო მათთვის ორ დღეში ჩემზე ახლობელი გახდა. ეს ნამდვილად გულსატკენია. ნეტა არ რცხვენიათ? განსაკუთრებით რამდენიმეს.
მკითხველი გიორგი:
ზოგს თქვენი ნამღერი მოეწონა და სწორედ ამ ნამღერით გაიმარჯვეთ. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ თქვენი მოპოვებული გამარჯვებით სხვა გავა კონკურსზე?
ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. მეც ამას ვაპროტესტებდი. მეორე ადგილზე გასული მომღერალი რომ წასულიყო კონკურსზე ხმას არ ამოვიღებდი.
მკითხველი სერგი:
როგორ მიიღეთ ის, რომ თქვენი შემცვლელი სოფო ტოროშელიძეა?
ჩემთვის ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემცვლიდა, მაგრამ ბოლომდე ასეც არ არის. მე ამ სიმღერაში ჩემი რაღაც მაქვს ჩადებული და ვერავინ იმღერებს მას ისე, როგორც მე. სოფოს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ნიჭიერია, მაგრამ ეს მისი სტილი არ არის. დაველოდოთ ევროვიზიას და შედეგებს.
მკითხველი მარი:
აპირებთ თუ არა მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღებას?
არამგონია ამ ყველაფრის შემდეგ ვინმემ ამის საშუალება მომცეს. სხვა გზებით მივხედავ ჩემს მომავალს. საზოგადოებას აუცილებლად შევთავაზებ ჩემს სიმღერებს.