თბილისის თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ხალხმრავალ ადგილებში მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი იზრდება. მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებამაც გარკვეულწილად სტაბილური ხასიათი მიიღო - მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე მიგდებულ მძინარე ჩვილს უმეტესად ისე ჩავუვლით, გული არ აგვიჩუყდება.
საქართველოში "ქუჩის ბავშვების" ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და საზოგადოებაც ამ პრობლემაზე საუბარს გაურბის. მხოლოდ სოციალურ ქსელში, ისიც იშვიათად, თუ ატყდება დროებითი ვიშვიში - ჩვილებს სხვადასხვა საძილე მედიკამენტსა და ალკოჰოლს ასმევენ და ქუჩაში სამათხოვროდ ასე გამოჰყავთ, რასაც მათი სიცოცხლე ეწირება, გარკვეული ჯგუფი თავს პატარების ყოველდღიური გაქირავებითაც ირჩენსო... ერთმა ისიც კი დაწერა, ვარკეთილის მეტროსთან ქალი მკვდარი ბავშვით ხელში მათხოვრობსო. მიუხედავად ამისა, მიღებული საზარელი ინფორმაციისგან გამოწვეული შოკი მალევე ცხრება და საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ გულგრილ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
თუმცა შეიძლება საზოგადოებრივ უარყოფას ერთგვარი ახსნაც მოვუძებნოთ:
ხშირად რთულია დაიჯერო, რომ ადამიანმა საკუთარ კეთილდღეობას უმწეო და უსუსური ბავშვების ბედი შესწირა.
იქცა თუ არა საქართველოში ბავშვებით მათხოვრობა ბიზნესად, ამის გასარკვევად ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტურ გამოძიებას ვაწარმოებდი. პირველ ეტაპზე უნდა გამერკვია, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოყვანილ ბავშვებს მართლაც სძინავთ თუ არა მთელი დღის განმავლობაში. ამ მიზნით დილის 09:45 წუთზე სამსახურიდან ფარული კამერით შეიარაღებული გამოვედი და მარჯანიშვილის მეტროსადგურთან, ერთ-ერთი მაღაზიის წინ, მძინარე ბავშვს გადავაწყდი. ფარული კამერა ჩავრთე და დროის ათვლა დავიწყე, როდის გაიღვიძებდა.
იხილეთ გაგრძელება