დაღუპული, დაშავებული და დაკარგული ადამიანები, ვერეს ხეობაში განადგურებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი სახლები, წაღებული ავტომობილები და განადგურებული ზოოპარკი, რომლის გადარჩენილი ბინადრები ქალაქში გაიქცნენ... ცხოველების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს...
13 ივნისის ღამეს დედაქალაქში ხუთსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დატრიალებული ტრაგედია თბილისს დიდხანს ემახსოვრება... სტიქიის ეპიცენტრი ვერეს ხეობა და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია იყო, მანამდე კი წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე მთის მასა ჩამოწვა. სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი ესაუბრა:
- 13 ივნისის ღამეს, რამდენიმესაათიანი კოკისპირული წვიმის შედეგად, დიდი სიმაღლიდან ჩაწყდა წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის მეწყრული მონაკვეთი. ჩამოშლილი ღვარცოფული მასა მდინარე ვერეს შეუერთდა. ამან მდინარის დაგუბება გამოიწვია, დაგუბებულმა წყალმა საბოლოოდ დამბა გაარღვია და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მოვარდნა გამოიწვია.