ბოლო სამ თვეში სამართალდამცავებზე თავდასხმის სამ შემთხვევას ორი პოლიციელი შეეწირა. ეჭვმიტანილია შალვა აბულაძე, რომელსაც უკვე მესამე თვეა, საქართველოს მასშტაბით ეძებენ. უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის თქმით, სახეზეა კრიმინალური ძალების პირდაპირი შეტევა სახელმწიფოში წესრიგსა და სტაბილურობაზე.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ეჭვმიტანილმა შალვა აბულაძემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ორი პოლიციელი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი _ ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შს მინისტრის განცხადებით, ეს ადამიანი ასევე ეჭვმიტანილია ბორჯომში 23 იანვარს მომხდარ ტრაგედიასთან. იქაც ორი პოლიციელი დაჭრეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. იმ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის დამთავრდა, მთელი საქართველოს მასშტაბით იძებნება შალვა აბულაძე, რომელიც ეჭვმიტანილია ბორჯომში მომხდარ ტრაგედიაშიც.
"ჯერ კიდევ გუშინ აღვნიშნე, რომ დანაშაულის ხელწერიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირი ბორჯომსა და ვარკეთილში პოლოიციელების თავდასხმასა და მკვლელობას შორის. მოგვიანებით ეს ვარაუდი დადასტურდა", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
"დადასტურდა, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა. გამოძიება თითქმის დამთავრდა. პროკურატურა ამაზე გააკეთებს განცხადებას", _ განაცხადა გომელაურმა. რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, შს სამინისტრომ გაააქტიუროს მუშაობა, მინისტრი ამბობს, რომ ისინი ახლაც აქტიურად მუშაობენ.
"ჩვენ ახლაც აქტიურები ვართ, თუმცა უფრო და უფრო მეტად ჩავრთავთ სხვადასხვა დეპარტამენტებს. არ არის მარტო კრიმინალური პოლიცია, არის სუს-ის დეპარტამენტი, კონტრდაზვერვა," - განაცხადა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ ყველა ძალას გამოიყენებენ აღნიშნული საქმის გასახსნელად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს კანონის დაცვით მოქმედებისკენ მოუწოდებს. იგი მათ ახსენებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დამნაშავის ლიკვიდაციის უფლება აქვთ.
"მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ უსაფრთხოება და პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ეს კრიმინალები, რომლებიც გარეთ არიან, მათი ადგილი აქ არ არის. მათი ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში, ჩვენს შორის, მათი ადგილია ციხეში ან სხვაგან. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ.
"მინდა გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს 2-3 ნაბიჯით და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერცერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი. ასე რომ, ძალიან მძიმე იყო ეს შემთხვევა და იმედი მაქვს, ძალიან მალე დააკავებენ ამ პიროვნებას. წინააღმდგეობის შემთხვევაში პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება", - აღნიშნულია ბადაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ 4 მკვლელობას ერთმანეთს უკავშირებს და მართულ პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, სახეზეა კრიმინალური ძალების პირდაპირი შეტევა სახელმწიფოში წესრიგისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
"უპირველეს ყოვლისა მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს არის საგანგაშო მოვლენა და სახეზეა კრიმინალური ძალების პირდაპირი შეტევა სახელმწიფოში წესრიგისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
"ძალიან საშიშ ზღვარზე ვიმყოფებით და თუ ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა არ მიმართეს სერიოზულ გადამჭრელ ღონისძიებებს კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის და არ შექმნეს ისეთი გარემო და ატმოსფერო, რომ კრიმინალურ ელემენტებს შიში ჰქონდეთ, შეიძლება სიტუაცია ხელიდან გაგვექცეს და უმართავიც გახდეს. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალები.
"ამ ბლო დროს იმდენი მკვლელობები გადაება ერთმანეთის მიყოლებით, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სპეციალურად ხდება, რათა ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია შეიქმნას", _ უთხრა "რეზონანსს" ბათიაშვილმა.
"არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, სადაც კრიმინალური შემთხვევები არ მოხდება", - ამ განცხადებას კი საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე აკეთებს და საზოგადოებას ყველაფრის პოლიტიზებისაგან თავშეკავებას ურჩევს. მისი თქმით, შალვა აბულაძე, შესაძლოა, იყოს ადამიანი, რომელიც ერჩის პოლიციელებს, ან სხვა. იგი გამოძიების დასრულებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ბადაშვილის უწყების იმედი არ აქვს.
"არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, სადაც კრიმინალური შემთხვევები არ მოხდება, მგარამ აქ ვფიქრობ, ეს არაფერ შუაშია. ალბათ არის ადამიანი, რომელიც ერჩის პოლიციელებს. ამას გამოძიების ფარგლებში წესიერად გამორკვევა უნდა და შესაბამისი შედეგის დადგომაა საჭირო. ბორჯომი-თბილისი... ეტყობა, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს. შეიძლება ვიღაც გაბოროტებულია, ან კიდევ პოლიციელების მიმართ აქვს კერძო ინტერესი.
"ვფიქრობ, რომ რაღაც მოსაზრების დონეზე ამ თემის განხილვა არ იქნება სწორი, თუმცა არც ის ივარგებს, რომ საზოგადოება გაეთიშოს ასეთ მოვლენებს და ვიყოთ ამის მიღმა. პირიქით, ახლოს უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისაც ხელარეწიფება და გამოძიების სპეციფიკა არ ესმის, ვურჩევდი, თავი შეიკავონ შეფასებეისგან.
"ყველაფრის პოლიტიზება დაუშვებელია. დაველოდოთ პროკურატურას. ბადაშვილის უწყება რისი გამომძიებელია, კარგად ვიცით, თუმცა მაინც ვაცადოთ, მთავარი ეს უწყებაა", - გვითხრა შავაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.
"პოლიციის ინსტიტუტის დაკნინება თუ ვინმეს არ უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. პირიქით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებისთვის.
"შსს-ში და პროკურატურაში ძალიან ბევრი ჩანერგილი ადამიანია, რომლებიც საქმის ძიებას და წინსვლას ხელს უშლიან. სანამ ეს ადამიანები იქნებიან ხელისუფლების გვერდით და იქნებიან დასაქმებულები სამართალდამცავ სისტემაში, ძალიან ბევრი აბულაძეები დაგვემალებიან ტყეებში და ყველგან, სანამ ჩვენი კეთილი ნება არ იქნება, გავწმინდოთ ხელისუფლება ბოროტმოქმედებისაგან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შავაძე.
თიკო ოსმანოვა
გაზეთი "რეზონანსი"