მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ მონაცემებში ახალი ავტომობილების საწვავის ხარჯი ბოლო 10 წელიწადში 20 პროცენტით შემცირდა, მაგრამ რეალურად მხოლოდ 8 პროცენტითაა შემცირებული. სწორედ ასეთ შედეგს გვიჩვენებს ავტოპორტალ spritmonitor-ის მონაცემები. წყარო: international council on clean transportation icct, spritmonitor.de
საწვავის ხარჯი მძღოლისთვის მხოლოდ მაშინაა სულერთი, როცა მას ბევრი ფული აქვს. არადა, ასეც არ უნდა იყოს, რადგან რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყო, ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. თანაც, რაც უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი, მით უფრო აბინძურებს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
თუმცა ისეთები, ვისაც საწვავის ხარჯი არ აინტერესებს, ძალიან ცოტანი არიან. მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ხშირად მტკივნეული თემაა - მით უმეტეს იმ დროს, როცა საწვავი ძვირია და ფასი არა და არ აკლდება.
ევროპაში ავტომობილების საწვავის ხარჯით სერიოზულად არავინ დაინტერესდა მანამ, სანამ პირველი სანავთობო კრიზისი არ დადგა, ეს კი 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მანამდე ბენზინი იაფი იყო და ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკოსს არ აინტერესებდა, რამდენს მოიხმარდნენ იმ დროინდელი მანქანები. მერე კი, როცა ნავთობის ონკანი გადაიკეტა, საწვავის ფასი პოლიტიკური საკითხი გახდა - მაგრამ ცოტა ხნით, რადგან კრიზისმა მალე გადაიარა.
ამის შემდეგ საწვავის ხარჯი ყურადღების ცენტრში მხოლოდ 30 წლის შემდეგღა მოექცა - იმ დროს, როცა ევროპაში ბევრ რამეზე, პირველ რიგში გარემოზე სერიოზულად დაფიქრდნენ და გამონაბოლქვის რაოდენობის მიხედვით გადასახადები დააწესეს. შესაბამისად, დაიწყო ე.წ. Downsizing-ის ხანა და მოდაში მცირელიტრაჟიანი ავტომობილები შემოვიდა. საწვავის ხარჯის შემცირებაზე ზრუნვა ავტომწარმოებლებმაც აქტიურად დაიწყეს და როგორც ქაღალდზე ჩანს, სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს: თეორიულად, 2001-დან 2011 წლამდე ახალი ავტომობილების საწვავის ხარჯი მთელი ერთი მეხუთედით შემცირდა. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად...
სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში AUTO BILD-ის ტესტებში თეორიული მიღწევა პრაქტიკაში არ აისახებოდა და განსხვავება რეალურ და ოფიციალურ ხარჯს შორის დაახლოებით 23 პროცენტია! მაღალი კლასის BMW 20 წლის წინათ 6-ცილინდრიანი ძრავითა და 180 ცხენის ძალით საშუალოდ 12-დან 13 ლიტრამდე საწვავს მოიხმარდა. დღეს, 4-ცილინდრიანი Turbo-აგრეგატით, ნორმალურ რეჟიმში მართვის დროს ხარჯი 11 ლიტრს, ანუ, დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებს შეადგენს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ აქტუალური მოდელი ყველა მიმართულებით მინიმუმ 10 სანტიმეტრით გაიზარდა, წონაში 300 კილოგრამი მოიმატა და 1994 წლის წინამორბედთან შედარებით 60 ცხენის ძალით მეტიც აქვს.
მაგრამ ზომა, წონა და მეტი სიმძლავრე მხოლოდ ერთია იმ ხუთი ასპექტიდან, რაც AUTO BILD-მა აღმოაჩინა. მაშ ასე: პასუხები კითხვაზე "რატომ მოიხმარენ თანამედროვე ავტომობილები იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია?"