ცოტა ხნის წინ, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” საზოგადოებას ყველაზე მდიდარი პარლამენტარების სია წარუდგინა.
ეს ადამიანები წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს კი მათ სახელს მილიონებად შეფასებული ქონება უკავშირდება... ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაზე მდიდარი ქართველი პარლამენტარების ქონებას უფრო დეტალურად გავცნობოდით და ამისთვის სხვადასხვა ოფიციალური და კულუარული ინფორმაცია მოვიშველიეთ.
დავით ბეჟუაშვილი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით გახდა, თუმცა ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვიდა. მას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ გაუმჭვირვალე ბიზნესსაქმიანობის გამო. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის - CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორი. CHEMEXIM INTERNATIONAL LTD ფლობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომლის საკუთრებაში არაერთი მსხვილი ქართული კომპანიაა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბეჟუაშვილის კომპანიები მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზეა რეგისტრირებული. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ფლობს 8 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგურს, შპს ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს”, რომელიც ამუშავებს ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს, ასევე ფლობს შპს ”ტიფლის სითის”, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას, ”ქართული ლუდის კომპანიას” და ”ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას”. ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავლებმა მარტო 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი - 105 მილიონი ლარი. ”ლეიბორისტების” მიერ შედგენილ სიაში ის 1 მილიარდიანი ქონებით მოხვდა.
კობა ნაყოფია - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ჩვენს პარლამენტარებს შორის ყველაზე მეტი ანუ 7 ავტომობილი კობა ნაყოფიას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ. კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის მოსკოვში 55 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში და მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის მასივში, რომლის ფართობიც 11 301 კვ.მ-ია. ნაყოფია ჭავჭავაძის გამზირზე 198 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია, ხოლო მისი მეუღლე ელგა სოფია მოსკოვში, 167 კვ.მ ფართის ბინის მფლობელი. სოფია თბილისშიც ფლობს ორ საცხოვრებელ და ორ მშენებარე ბინას. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინის მფლობელია მისი ვაჟი - ნიკოლოზ ნაყოფია. კობა ნაყოფია დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში 1670 კვ.მ ფართის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეც არის. 1994-2004 წლებში ნაყოფია რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და გახდა ოქროს მომპოვებელი საწარმოს "მადნეულის" გენერალური დირექტორი. საინტერესოა, რომ ის ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პროდიუსერია. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.