ექვსი გოლი ბოლო შვიდ შეხვედრაში - ვერაფერს იტყვი, ცენტრალური მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია! თანაც, გოლებსაც ხომ გააჩნია?! ესპანეთის ჩემპიონატსა და თასს რომ თავი დავანებოთ, სერხიო რამოსმა ექვსიდან სამი ბურთი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში გაიტანა. მადრიდის ''ატლეტიკოსთან'' ფინალის 93-ე წუთზე სწორედ რამოსის თავურმა დარტყმამ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოო ჯამში ''რეალს'' ''დესიმა'', ანუ მეათე ჩემპიონთა თასი მოაგებინა...
მაისი რამოსის თვე გამოდგა - ''სამეფო კლუბისა'' და ესპანეთის ნაკრების მცველმა არანაკლებ მნიშვნელოვანი ''გოლი'' მოედანს მიღმაც გაიტანა და 9 მაისს მამა გახდა!
რამოსი ''რეალში'' 2005 წლიდან თამაშობს, როცა ''სამეფო კლუბმა'' ის 27 მილიონ ევროდ ''სევილიასგან'' იყიდა. ზუსტად სამი წლის წინ რამოსმა 2017 წლამდე გააგრძელა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი, ხელფასის სახით კი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს იღებს. პროფესიული კარიერის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 450-მდე მატჩი გამართა. არის ევროპის ჩემპიონი 19-წლამდელებს შორის, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიო (2010) და ევროპის ორგზის (2008 და 2012) ჩემპიონია.
მადრიდის ''რეალის'' შემადგენლობაში სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოგებული აქვს ქვეყნის თასი და სუპერთასი, რამდენიმე დღის წინ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა!
''ატლეტიკოს'' კარში გატანილი ბურთის შემდეგ ვის გაუგზავნა სერხიომ ჰაეროვანი კოცნა? რა თქმა უნდა, სატრფოს - ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობ პილარ რუბიოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ და ერთ შვილზე გაჩერებასაც არ აპირებენ, რამოსი და რუბიო დაქორწინებაზე ჯერ არ ფიქრობენ - ამის დრო სად გვაქვსო...
სიმპათიურ ფეხბურთელს ცნობილ ლამაზმანებთან მანამდეც არაერთი რომანი ჰქონია, თუმცა პილარის შემთხვევა გაცილებით სერიოზულია და ამაზე ახალშობილიც მეტყველებს. სხვათა შორის, ახალდაბადებულ ბიჭუნას მამის პატივსაცემად სერხიო უწოდეს: ''მე და ჩემს ცოლს გვსურს, სიხარულით გაცნობოთ, რომ ქვეყანას სერხიო რამოს რუბიო მოევლინა! ბიჭუნა ფიზიოლოგიური გზით დაიბადა, დედა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობს'', - დაწერა სერხიომ ''ტვიტერის'' პერსონალურ გვერდზე.
იხილეთ სტატიის გაგრძელება