დარიალის ხეობაში ადამიანების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც ევაკუირებული ადამიანები აცხადებენ, ადგილზე დაახლოებით 250 პირი იმყოფებოდა, რომლებიც მუშაობენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ასევე დასაქმებულები არიან "დარიალიჰესის" მშენებლობაზე.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებიან ასევე მგზავრები, რომლებიც ვლადიკავკაზის მხრიდან ყაზბეგის მიმართულებით მოდიოდნენ. ისინი იმყოფებიან ავტომობილებით და ვერ წყვეტენ, დათანხმდნენ თუ არა ვერტმფრენით ევაკუირებას.
ამასთან, ევაკუირებულია ასევე დარიალის სამონასტრო კომპლექსის მღვდელ-მონაზვნების ნაწილი.
ევაკუირებული ადამიანები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 50-მდე ადამიანია დარჩენილი, რომლებიც ასევე უნდა გამოიყვანონ.
"ინტერპრესნიუსი" ასევე ესაუბრა იმ კომპანიის თანამშრომელს, რომელიც აწარმოებს "დარიალიჰესის" მშენებლობას. როგორც ზურაბ ქასრაშვილი აცხადებს, ჯერჯერობით არ არსებობს საფრთხე, რომ მიწის მასა კვლავ ჩამოიშალოს. მისი ვარაუდით, მოკლე დროში მოხდება მეწყრის ზონის მიღმა დარჩენილი ადამიანების ევაკუირება.