ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ წარადგენს საქართველოს "ახალ ტალღაზე" - ეს ნუცა ბუზალაძეა, 17 წლის მომღერალი, რომელიც პირველად "ნიჭიერში" გამოჩნდა, შემდეგ ბერა ივანიშვილის სტუდიაში სწავლობდა, ხოლო გასულ შემოდგომაზე "ჯიდიესის" ეთერით დაგვამახსოვრა თავი, როცა პროექტში - "ერთი ერთში", ჩვენი ცნობილი მომღერლების გვერდით, მსოფლიოს ვარსკვლავების როლებს ასრულებდა, ფინალში გავიდა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჯერად ნუცას მის მორიგ წარმატებაზე - "იურმალას" შესარჩევ კონკურსში გამარჯვებასა და ზოგიერთ სხვა თემაზე სასაუბროდ შევხვდი.
- ნუცა, მოგვიყევი "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე...
- მართალია, შესარჩევის რეკლამა ნანახი მქონდა, მაგრამ თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია იმიტომ, რომ წინა წელსაც ვცადე ბედი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 16 წლის "ღლაბუცა" ბავშვი მივედი.
- მას შემდეგ ხომ მხოლოდ ერთი წელი გავიდა?!.
- მერე რა?! ამ ერთ წელიწადში, სიმართლე გითხრა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. მოკლედ, წინა წელს არ ამირჩიეს და მეც ვფიქრობ, რომ არც უნდა მოვწონებოდი. წელს სალომე ქათამაძემ დამირეკა და რუსეთში ანკეტის გაგზავნა მირჩია. მეც ასე მოვიქეცი. კასტინგზე სამი სიმღერა უნდა შემესრულებინა, მაგრამ სადაც უნდა წავიდე, სარეზერვოდ ბევრი სიმღერა დამაქვს ხოლმე. კიდევ კარგი, რომ ამჯერადაც მქონდა!.. პირველად ექვსი მომღერალი აგვარჩიეს. ჟიურიმ გვითხრა, რომ სხვა სიმღერებიც მოგვემზადებინა, რადგან არჩევა გაუჭირდათ, იმდენი კარგი მონაწილის გამოსვლა მოისმინეს. ჰოდა, ექვსეულში რომ გადავედი, დავფიქრდი, რატომაც არ უნდა მემღერა რეპი ან პუგაჩოვას "არლეკინო"? სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შევასრულე, ჩემი ყველა სახე დავანახვე ჟიურის და ვფიქრობ, ისინი სწორედ ამან მოხიბლა. საბოლოო ჯამში, ორივე ტურში სულ შვიდი სიმღერა ვიმღერე.
- კასტინგზე გასვლისას რა მოლოდინი გქონდა?
- 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავი, რომ აუცილებლად მე დავიმსახურებდი მოწონებას. ყველაფერს ამ პრინციპით ვუყურებ: გავალ - გავალ, არ გავალ და, არა უშავს. რა თქმა უნდა, ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნი. უკვე ნელ-ნელა ვეგუები, რომ ხან გავიმარჯვებ, ხან - დავმარცხდები. ცხოვრებაში სულ მოგებული ვერ ვიქნები. მოკლედ, ვიდეოები, რაც კასტინგზე გადაგვიღეს მე და ნინი ცნობილაძეს, რუსეთში გაგზავნეს კრუტოისთან და რევზინთან. სხვათა შორის, დიდი ხანი გაიწელა შესარჩევი დღეები. ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა რაღაცას ელოდები და სხვა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. როგორც იქნა, ღამის 4 საათზე ინტერნეტში პასუხი გამოაქვეყნეს. გამაღვიძეს და იმის მერე, ვეღარც დავიძინე (იცინის).
- ალბათ ბევრმა ნაცნობმა თუ უცნობმა მოგილოცა...
- აბსოლუტურად მთელმა სანათესავომ, "ფეისბუკმა", შორეულმა ნაცნობებმა თუ უცნობებმა მომილოცეს. არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ შემოსულა; ყველას გაუხარდა და ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია. შენი ხალხი ასე რომ გგულშემატკივრობს, ამაზე მეტად რამ შეიძლება გაგაძლიეროს?! სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ წლევანდელ "იურმალაზე" საქართველო საუკეთესოდ წარდგება!
- ვინ არიან შენი პროდიუსერები?
- პროდიუსინგს ლელა წურწუმია და მამულიჩა მიწევენ. გამიმართლა, რომ ხელი მომკიდეს. გეხსომება, დუეტი "ჯორჯია" "იურმალიდან" მოგებული რომ ჩამოვიდა. მეც იგივე პროგნოზები მექნება იმიტომ, რომ ლელამ და მამულიჩამ ეს საქმე ძალიან კარგად იციან. გარდა ამისა, კარგი ადამიანები არიან, ამიტომ მიხარია, რომ მათთან მაქვს კონტაქტი და მშვიდად ვარ.
- გავრცელდა ჭორები, თითქოს ბერა ცდილობს, წარმატების მიღწევაში დაგეხმაროს...
- ძალიან მაინტერესებს, ეს ჭორები საიდან წამოვიდა, ვისი ფანტაზია ან ილუზიაა? ბერა რა კავშირშია ამ ყველაფერთან? მას ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვს სტუდიის სხვა გოგოებთან, როგორიც ჩემთან. ჩემი შრომა სტუდიაში რომ დაფასდა და "ერთი ერთში" მივიღე მონაწილეობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერა "გამქაჩავს". მით უმეტეს, ის ამერიკაშია და "ჯი-დი-ესის" პროექტის მერე მასთან შეხება არც მქონია. დარწმუნებული ვარ, როცა ჩემს ამბავს გაიგებს, ძალიან გაუხარდება. ბერას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს კარგ მომღერლად ჩამოყალიბებაში, რადგან მისმა სკოლამ და პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა; ისე გამზარდა, რომ "იურმალას" კასტინგზე რუსები მართლაც, გაგიჟებულები იყვნენ. პატარა რაღაცისგან დიდ ამბავს აგორებენ ხოლმე. ვიცი, რა არის სიმართლე და რა - ტყუილი და ისიც ვიცი, რომ მართალი ვარ.
- ამ ხმების გავრცელებამ გაგაღიზიანა?
- ნებისმიერს შეუძლია, რაღაც მოიგონოს და დაწეროს. თუ ჩემგან არ მოისმენს ადამიანი რაღაც ინფორმაციას, სხვისი შეთხზული ფანტაზიები არ უნდა დაიჯეროს. ვინც ბერას იცნობს, ამას არასდროს იფიქრებს, რადგან ის უსამართლოდ არავის არსად გაიყვანს. ისეთი სამართლიანია, არანაირ ჩაწყობას ცხოვრებაში არ აკადრებს არც საკუთარ თავს, არც მე და არც ჩემს კონკურენტებს. ანალოგიურად, არც მე ვაკადრებ საკუთარ თავს ამას. ამიტომაც, ამ ხმებს სისულელედ მივიჩნევ და დიდად არ მაღიზიანებს.
- რომელ ჟანრში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- ენერგიული სიმღერები მიყვარს, სადაც ჩემს თავს ბოლომდე წარმოვაჩენ. მინდა, სულ ისეთი სიმღერები დაიწეროს ჩემთვის, სადაც გამოჩნდება ჩემი მსახიობური ნიჭი, პლასტიკა, ხმის ტემბრი და დიაპაზონი. მაგრამ ხანდახან ადამიანებმა ისეთი სიმღერაც უნდა მოისმინოს ჩემგან, რომელიც მართლა გულამდე ჩააღწევს, რაღაცაზე დაგაფიქრებს. სასურველია, ყოველთვის მოდიოდეს ემოცია და ხალხმა იგრძნოს, რისი თქმა მინდა. ერთ-ერთი ასეთი In My Dreams არის, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა. ჯერჯერობით, ბევრი სიმღერა არ მაქვს, თუმცა "იურმალა" ისეთი კონკურსია, რომ ჩამოვალ, ალბათ ალბომის გამოშვების შესაძლებლობა იქნება და სიმღერებს როგორც მე, ისე სხვებიც დამიწერენ.
- თავად გიცდია დაწერა?
- კი, ყოველთვის ვცდილობ, მაგრამ ჯერჯერობით არ დამიწერია. ამას სტუდიაში ინტენსიური მუშაობა სჭირდება, რისი ფუფუნებაც ჯერ არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, სტუდიაში მუშაობისა და საკუთარი სიმღერების დაწერის საშუალება მომეცემა. საერთოდ, ვერავინ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს შრომის გარეშე. ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მე ვისწავლე და ვიცი, როგორ ვიმუშაო საკუთარ თავთან. დამოუკიდებლად ძალიან კარგად ვმეცადინეობ, რადგან ვიცი, რა მჭირდება, როგორი სავარჯიშოები უნდა გავაკეთო, რა მომიხდება და ა.შ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, უკვე ჩახედული ვარ ამ ყველაფერში. ჩემი თავის მადლობელი ვარ, რომ ერთ დღესაც არ "ვაგდებ" რაიმე ახლის სწავლის გარეშე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ წარმოგიდგენია ის ატმოსფერო, რომელშიც "იურმალაზე" მოხვდები?
- მგონია, რომ იქ შოუბიზნესს შევიგრძნობ; გავიგებ, როგორია ვარსკვლავური ცხოვრება. დუეტ "ჯორჯიასგან" მომისმენია, რომ იქ ყოფნისას ყველაფერი თავის დროზე ხდება და ნამდვილი ვარსკვლავივით უზრუნველყოფილი ხარ. სწორედ ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი. თან, ეს კონკურსი ძალიან დიდ გამოცდილებას შემმატებს, სახელს მომიტანს. თუნდაც ის, რომ ხალხმა იცის - ნუცა ბუზალაძე გადის "იურმალაზე", ჩემთვის უკვე დიდი წარმატებაა. ეს ხომ რაღაც გასართობი კონკურსი არ არის, ეს სერიოზული პროექტია, სადაც შენი სამშობლოს სახე ხარ. ასე რომ, დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ზუსტად ამიტომ ვიშრომებ ძალიან ბევრს. მე თუ ვიტყვი, რომ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ჩავდებ რაღაცაში, ეს ნამდვილად ასე იქნება. "იურმალაზე" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეპერტუარს, რაზეც მე, მამულიჩა და ლელა უკვე ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩემი ასაკის არავინ იქნება, როგორც "ერთი ერთში" არ იყო არავინ 16 წლის (იცინის).
- ეს ხომ არ გაშინებს?
- პირიქით, ეს ჩემთვის პლუსია. 16 წლის "ბავშვი" ამხელა ვარსკვლავებს რომ ვასახიერებდი ასეთ მონაწილეებთან ერთად, უდიდესი ტრამპლინი იყო და ზუსტად ასე იქნება "იურმალის" შემთხვევაშიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუს ჟიურის თავი მოვაწონო.
- "ჯი-დი-ესთან" რაიმე შეხება გქონდა მუსიკალური კონკურსის შემდეგ?
- გადაცემებში ხშირად მიწვევდნენ. ახლა უკვე აღარ, მაგრამ ფაქტობრივად, მათი სახე ვიყავი. მათ გამომაჩინეს, მათი დამსახურებით შემიყვარა ხალხმა. მომღერლები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ისინი შეიყვარონ, მე კი ეს ორ თვეში მოვახერხე და ამისთვის "ჯი-დი-ესს" ვემადლიერები.
- რას ნიშნავს შენთვის ის, რომ ჟურნალისტები შენით დაინტერესებულები არიან და ინტერვიუს გთხოვენ?
- დიდ წარმატებად მივიჩნევ, როცა ჟურნალისტი ჩემით ინტერესდება. ვფიქრობ, სწორედ ამ პროფესიის ადამიანებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოჩნდები. ჯერ არ შემხვედრია ისეთი ჟურნალისტი, ვინც ჩემზე ცუდს დაწერდა. მსურს, ჩემი კარიერა სუფთად წავიდეს და არანაირი ინტრიგები, ჭორები არ იყოს. მიხარია ჟურნალისტებთან ურთიერთობა და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ინტერესი დავიმსახურო. ბევრისგან გამიგონია, ჟურნალისტები მაწუხებენ, აღარ შემიძლია "ამდენი პოპულარობაო". არადა, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში პაპარაცები არ გვყავს. ვფიქრობ, ჩვენ ისინი უნდა დავაფასოთ. არ მინდა, ამ პროფესიის ადამიანები ოდესმე აგდებულად მოვიხსენიო. უფრო მეტიც, ჟურნალისტმა და რესპონდენტმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა საბოლოო ჯამში კარგი სტატია და პიარი გამოვიდეს. ტელევიზია, ტოქშოუები და ჟურნალები რომ არ არსებობდეს, ცნობილი ვინ იქნებოდა?!
ეკატერინე აბაშიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)