დონეცკში, ლენინის მოედანზე წუხელ მომხდარი შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი იუწყება. დონეცკში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად მიტინგი გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის გასაპროტესტებლად, რომელსაც უკრაინის მისამართით ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობდა პრორუსული აქციაც.
"ექიმების მონაცემებით, ლენინის მოედანზე გამართული ორი მიტინგის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანი კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება", - ნათქვამია ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონეცკში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დონეცკში თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ქუჩაში იმ ხალხის დესტრუქციული პოზიციის გასაპროტესტებლად გავიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ.
"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს "ბოევიკების" განიარაღება, უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი კანონიერი უფლება - გამართონ მიტინგები. სამწუხაროდ, როგორც უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.