საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი ინციდენტის გამო ქუთაისის "ტორპედო" ასევე 18 300 ლარით დაჯარიმა.
გარდა ამისა, 800 ლარით დაჯარიმდა "დინამოც", გუნდის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე სკამების დამტვრევის გამო.
სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, ფედერაციის აღმასკომი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო თამაშებში, რომელსაც "ტორპედო" ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს, დაესწრება თუ არა გულშემატკივარი.
"რაც შეეხება გულშემატკივრების სტადიონზე შევარდნას, ეს განაპირობა გულშემატკივრების მოზღვავებულმა ტალღამ, რომელმაც კორდონი გაარღვია და შევიდა სტადიონზე", - აღნიშნა ტყებუჩავამ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" შორის ჩაიშალა. გუშინ, მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც "დინამო თბილისი" სტუმრად ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა.
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თამაში ჩაშლილად გამოცხადდა. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის ფანკლუბ "გლადიატორების" წევრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. "დინამომ" და მისმა გულშემატკივრებმა ქუთაისი საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს.
გუშინდელი ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.