თაკო ყურშავიშვილმა თვითმკვლელობამდე რამდენჯერმე გაისროლა

თაკო ყურშავიშვილმა თვითმკვლელობამდე რამდენჯერმე გაისროლა

18 თებერვალს ორხევში, ყურშავიშვილების საცხოვრებელ ბინაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, თაკო ყურშავიშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას საფეთქელთან სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იქვე ეგდო მკვლელობის იარაღი - "მაკაროვი". სავარაუდოდ, გოგონამ მამის ტაბელური იარაღით მოიკლა თავი. მომხდარზე საუბარი უჭირთ ახლობლებსა და მეზობლებს. შემზარავი ტრაგედიის დროს გოგონა ბინაში მარტო იყო. გასროლის ხმა მეზობლებმა დილის 11 საათამდე გაიგონეს, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო ასაფეთქებელი ააფეთქეს.

გარდაცვლილი გოგონა ბინაში პირველად მეზობელმა იპოვა და მომხდარი პოლიციას აცნობა. სამართალდამცავები და კინოლოგები ყურშავიშვილების სახლში რამდენიმე საათი მუშაობდნენ. შემდეგ ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით არის აღძრული. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, გოგონამ შეყვარებულთან დაშორების გამო მოიკლა თავი, თუმცა ბევრ ახლობელს ამ ვერსიის არ სჯერა და გამოძიებას ელოდება. ძალოვანები ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ. დეტალების დასადგენად ორხევში ტრაგედიის დღეს, საღამოს საათებში მივედი. ყურშავიშვილების ბინის მოძებნა არ გამჭირვებია. კორპუსთან უამრავი ადამიანი შეკრებილიყო, - ძირითადად, გოგონას თანატოლები. ყველა კუთხეში მათი ტირილი ისმოდა. ბინა პირველ სართულზეა, სახლიდან გამწარებული დედის გოდება ისმოდა. ბინაც გავსებული იყო ახლობლებით. თაკოს ცხედარი საღამოს 8 საათზე, პროზექტურიდან ჯერ ისევ არ იყო მოსვენებული.

როგორც მეზობელი მამაკაცისგან შევიტყვეთ, თაკო იმ დღეს მასწავლებელთან უნდა წასულიყო. აბიტურიენტი იყო და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა.

- თაკოს ძმა დილით სკოლაში წავიდა, თბილისის 63-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეა, მერე დედა წასულა სამსახურში. მეზობლებმა მითხრეს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ვნახეთ თაკოს მამა, გიზო, ბინიდან გამოვიდა, ნაგავსაყრელზე ნაგავი გადაყარა და ქალაქისკენ წავიდაო. როგორც ჩანს, ბავშვი მარტო დარჩა და ეს საშინელება დაატრიალა. თურმე ბირჟაზე იდგნენ მეზობლები, გასროლის ხმა გაუგონიათ, ერთს უთქვამს კიდეც, - არ მორჩა ეს ახალი წლის ასაფეთქებლები, ბავშვები ისევ რომ აფეთქებენო? ამ საშინელებას ვინ იფიქრებდა, თორემ ყველა შეცვივდებოდა იქ. ზედა სართულის მეზობელსაც გაუგონია გასროლის ხმა. არც მას მიუქცევია ყურადღება. ამბობდა, მაშინვე გავიქცეოდიო, მაგრამ აზრი მაინც არ ჰქონდა, ბავშვს ტყვია თურმე პირდაპირ საფეთქელში დაუხლია... მერე თაკოს დედას დაურეკავს მეზობლისთვის და უთქვამს, - თაკოს ვურეკავ, ყურმილს არ იღებს, იქნებ შეიხედო ჩემს ბინაში, ხომ არ დაეძინა, მასწავლებელთან არის წასასვლელი და გააღვიძე, არ დააგვიანდესო. იქ შესულ მეზობელს კი ეს საშინელება დახვდა. თაკოს თავის საძინებელ ოთახში მოეკლა თავი. საოცრად კარგი, პატიოსანი ოჯახია. წლებია, აქ ვცხოვრობ. მამამისის ბავშვობაც კი მახსოვს. ძალიან კეთილი ბიჭია, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს და ალბათ ტაბელურ იარაღს სახლში ინახავდა. არ ვიცი, ამ ტრაგედიას როგორ გადაიტანს. სად იპოვა მამის იარაღი ბავშვმა, არც ის ვიცი, ალბათ თვალს ადევნებდა, სად ინახავდა და იქიდან აიღო. გაოგნებულები ვართ, ვერ გაგვიგია, რატომ ჩაიდინა ეს. პოლიცია 7 საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს ბინაში. ერთმა ახლობელმა პოლიციელმა მითხრა, სამი ტყვია კედელშია ნასროლი და მეოთხე ტყვიით აქვს ბავშვს თავი მოკლულიო.

- ამდენჯერ გაისროლა?

- ეტყობა, სიკვდილამდე რამდენჯერმე გაისროლა, საძინებლის კედელს ნატყვიარები ეტყობაო. ვინც პირველად ნახა, ის მეზობელი მოთქვამდა, - საძინებელში სისხლის გუბე იდგა. ბავშვი ნახევარი ტანით ლოგინზე იყო, თავი კი კარადასა და საწოლს შორის ჩავარდნილიყოო. რატომ, რატომ მოხდა, სიმართლე არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიით, ვიღაც ბიჭი ჰყვარებია და მას თურმე ცოლი მოუყვანია. არ ვიცი, ეს არის თუ არა სიმართლე. ამბობენ, ის ბიჭი პოლიციამ აქ მოიყვანაო. მეტს ვერაფერს გეტყვით.

- სხვა არაფერი იცით, წერილი ხომ არ დაუტოვებია?

- არაფერი ვიცი. ამაზე საუბრის თავი აქ ახლა არავის აქვს. გამწარებული არიან მშობლები. მათ ერთი დიდი ტრაგედია ადრეც აქვთ გადატანილი: უფროსი შვილი, 9 თვის ასაკში მენინგიტით გარდაეცვალათ. ძლივს გადაიტანეს ის უბედურება და ახლა ახალი დაატყდათ თავს. თქვენ არ იცით, როგორი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი იყო. ტელევიზიები მოვიდნენ, მაგრამ ბიჭებმა დაატოვებინეს აქაურობა. ჟურნალისტებთან საუბრის თავი ვის აქვს? ან რა უნდა ვთქვათ? გამოძიება ალბათ გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ რა შეიცვლება? თაკო ყველას უყვარდა. დილით უნდა გენახათ, რა ცოდვის ტრიალი იყო აქ. მთელი კორპუსის ბიჭები ბღაოდნენ. ამ ხუთსართულიან კორპუსში ეს ერთადერთი გოგო ჰყავდათ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყველანი თავს ევლებოდნენ. გაგიჟებულები არიან. მეგობარი გოგო ტიროდა, - ეს რა გააკეთე, ხომ გეხვეწებოდი, გამომყოლოდი ფსიქოლოგთან, რატომ არ გამომყევიო?

- მან რამე იცის მომხდარზე?

- არ ვიცი. ბევრი ადამიანი წაიყვანა პოლიციამ დასაკითხად და ალბათ მის მეგობრებსაც დაჰკითხავენ. მათ სახლში შესვლასაც ვერ ვბედავ, რა უნდა ვუთხრა მის განადგურებულ ახალგაზრდა მშობლებს? ერთი მეზობელი ამბობდა, - წუხელ მთელი ღამე ძაღლი ყმუოდა, არ დამაძინა, ავფორიაქდი, გავიფიქრე, ცუდ ამბავს გავიგებ-მეთქი; დილით ეს საშინელება დატრიალდაო. თაკოს უმცროსი ძმა საშინელ დღეშია, ბავშვი კედელს ურტყამდა თავს.

ტრაგედიის ადგილიდან გამოვედი და იქვე ახლოს ერთ-ერთ ჯიხურში შევნიშნე, გამყიდველი ქალბატონი რომ ტიროდა. მასაც გავესაუბრე:

- რომ თქვეს, გიზოს შვილმა თავი მოიკლაო, არ დავიჯერე. იმდენად დაუჯერებელია ეს ამბავი, რომ ვერ გადმოგცემთ. დედის კალთას ამოფარებული გოგო იყო. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ვერავინ იტყვის მათზე ცუდს. ზაფხულობით ხანდახან ეზოში დედასთან ერთად იჯდა ხოლმე და რომ შევხედავდი, შევნატროდი, ისეთი ლამაზი იყო. ძალიან შეწუხებული ვართ მომხდარით. ამ ზაფხულს დავინახე დედა-შვილი, მივუახლოვდი და ვუთხარი, - ბებო, ისეთი ლამაზი ხარ, შენს სილამაზეს პატივი ეცი, ცხოვრება არ დაიმახინჯო, შენსავით ლამაზ ბიჭს გაჰყევი ცოლად და ბედნიერი იყავი-მეთქი. ეს სიტყვები მხოლოდ იმიტომ ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა ეს ბავშვი, მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო. მორიდებული გოგო იყო, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს უბედურება. ამბობენ, ბავშვს ნევროზი ჰქონდაო. ნევროზი ყველას აქვს, შვილო. ნეტავ რა მოხდა? მისი თანატოლები სულ ტირიან, ყველას უყვარდა.

მომხდარით შეძრულები არიან თაკო ყურშავიშვილის პედაგოგები და კლასელები. ბოლო ორი კვირა თაკოს სკოლაში არ უვლია. სკოლაში ამბობენ, - ვირუსი ჰქონდა და ამიტომ აცდენდა გაკვეთილებსო. ერთი წელია, რაც იგი თბილისის მე-20 საჯარო სკოლაში სწავლობდა, მანამდე 63-ე სკოლაში დადიოდა. იქაც ყველას უყვარდა, პედაგოგები დადებითად ახასიათებენ, ისინი მომხდარს ახსნას ვერ უძებნიან...

პატარაობიდანვე თაკო თურმე გამორჩეული იყო, წიგნის კითხვა უყვარდა, ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. ამიტომაც 5 წლის წინ საბავშვო სატელევიზიო სტუდია "ინკოგნიტოში" დაიწყო სწავლა. 4 წელი ისწავლა და 2013 წელს დაამთავრა სტუდია. "ინკოგნიტოს" კურსდამთავრებულებთან ერთად შარშან ევროპის ქვეყნებშიც იმყოფებოდა და იქ მისი მომზადებული სიუჟეტები ტელეკომპანია "ტვ-3"-ის ეთერში ზაფხულში გადიოდა.

სატელევიზიო სტუდია "ინკოგნიტოს" დამფუძნებელი, მანანა გაბრიჩიძე მომხდარით შეძრულია. იგი თაკო ყურშავიშვილს ძალიან კარგად იცნობდა და ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც ესაუბრა.

მანანა გაბრიჩიძე:

- ისეთ დღეში ვარ, ვზივარ და ვტირი, გული მტკივა, ასეთი ჭკვიანი, განათლებული, ყველანაირად ჩამოყალიბებული ბავშვი ცოცხალი რომ არ არის. არ არსებობდა, მისი გაკეთებული საქმე არ მოგწონებოდა. ძალიან თავმოყვარე, მაგარი ბავშვი იყო. ახლა გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა. შარშან, სამი კვირა ევროტურში ერთად ვიყავით, "ინკოგნიტოს" ბავშვებთან ერთად ევროპა მოვიარეთ. თაკო ჩემი მარჯვენა ხელი იყო. გარდა იმისა, რომ ჩემი მოსწავლე იყო, იმ სამი კვირის განმავლობაში ისე დავახლოვდით, რომ კარგი მეგობრები გავხდით. ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მიჭირს ამ ფაქტთან შეგუება, ძალიან განადგურებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. 4 წელი ჩემთან სწავლობდა, შარშანდელი კურსდამთავრებულია. ძალიან წარმატებული იყო. ბატონმა ნუგზარ რუხაძემ გადასცა სერტიფიკატი. აქტიურ, პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულ თაკოს, წერა უყვარდა და კარგადაც წერდა. დღევანდელი თაობა წიგნის კითხვითა და წერით არ გამოირჩევა, უფრო ინტერნეტს არიან მიჯაჭვულები, მაგრამ ჩემი თაკო ასეთი არ ყოფილა. კომპიუტერიც უყვარდა, მაგრამ მისთვის წიგნი მთავარი იყო. მეტყოდა ხოლმე, - წიგნის ფურცლებს სულ სხვა სული და სუნი აქვსო. იმდენად კარგად წერდა და აზროვნებდა, რომ ბევრ დღევანდელ ჟურნალისტს შეშურდება. ძალიან ბევრი სიუჟეტი დევს "ფეისბუკის" ჩემს გვერდზე და ნახეთ, როგორი იყო. იმიტომ ჩათვალეს "ტვ-3"-ის ჟურნალისტად თავიდან, რომ შარშანდელი ევროტურის სიუჟეტები მთლიანად გავიდა ამ არხზე. ახლა ისრაელში მივფრინავ და ამ ტრაგედიამდე 3 დღით ადრე ვესაუბრე.

- ისიც მიგყავდათ?

- არა, ვერ მოდიოდა, რადგან აბიტურიენტი იყო, ემზადებოდა და დრო არ ჰქონდა. ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. უნდოდა, წარმატებული ჟურნალისტი ყოფილიყო, ამაზე ოცნებობდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, ის უკვე იყო ჩამოყალიბებული ჟურნალისტი. ბევრს უჭირს ექსტრემალური სიტუაციისთვის თავის გართმევა, ტექსტის გაკეთება, სინქრონის ჩაწერა. ამ ყველაფერს თაკო თავისუფლად აკეთებდა, კარგად მუშაობდა კამერასთან. ყველასგან განსხვავებული იყო, ძალიან თბილი, შრომისმოყვარე. ქალაქიდან შორს ცხოვრობდა, მაგრამ ამაზე არ წუწუნებდა, უყვარდა, რასაც აკეთებდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობდა.

- ბოლოს როდის ნახეთ?

- ორი კვირის წინ იყო მოსული ჩვენთან და ვისაუბრეთ. რამდენიმე დღით ადრე, ხუთშაბათს საღამოს გვიან დამირეკა და მითხრა, - მანჩო, ძალიან მინდა შენთან საუბარი, ძალიან დამაკლდიო. - ხომ იცი, ჩემი კარი შენთვის მუდამ ღიაა, ჩემი ხარ და როცა გინდა, მოდი-მეთქი. - ახლა შორს ვარ, თორემ ძალიან მინდა გესაუბრო, გვიანია და ვერ გამოვალო. - ოღონდ გამოდი და მანქანით გაგიშვებ-მეთქი. უარი მითხრა. მეო­რე დღეს ქუთაისში მივდიოდი, იქაც მაქვს სტუდია, მერე შაბათ-კვირა იყო და იმ საბედისწერო დღეს, ორშაბათს უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ველოდებოდი და ეს უბედურება გავიგეთ. თაკო ადვოკატ ირაკლი გაბრიჩიძეს უნდა შეხვედროდა, რადგან მისი იდეით საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს, რომელიც მის ტოლებს იურიდიული რჩევების მიცემაში დაეხმარებოდა. ამ პროექტის ზოგიერთ საკითხზე უნდა გასაუბრებოდა ირაკლის. ძალიან კარგად მოიფიქრა გადაცემების ოთხი სერია. აბიტურიენტობა უშლიდა ხელს პროექტის ბოლომდე მიყვანაში, მაგრამ მითხრა, - თავიდან მე დავიწყებ, მერე კი ლიკა ჯანყარაშვილი, ჩვენი კურსდამთავრებული გააგრძელებსო.

- ამბობენ, ბიჭის გამო მოიკლა თავიო, იცოდით, ვინ უყვარდა?

- არ მჯერა, რომ შეყვარებულის გამო მოეკლა თავი. იმდენად აზრიანი ბავშვი იყო, ეს ვერ წარმომიდგენია. არც ყოფილა სიყვარულში ისე ჩაძირული, რომ ეს გაეკეთებინა. სულ მეცადინეობდა. თუ დრო ჰქონდა, სულ ჩვენთან იყო, ხან გადაღებებზე, ხან ლექციებზე, წუთს არ კარგავდა. სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვი იყო. რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, არ ვიცი. რაიმე სერიოზული პრობლემა რომ ჰქონოდა, ვფიქრობ, აუცილებლად მეტყოდა. სხვების მიმართ მზრუნველი იყო. სტუდიაში ერთი ბავშვი გვყავს, პირველკურსელია, - ხალვაში. ურეკიდან დადის ჩვენთან. წარმოიდგინეთ, იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამ ბავშვთან, რომ თაკოს ის დედას ეძახდა. როცა ის ჩამოდიოდა ურეკიდან, თაკო ყოველთვის ნახულობდა... არა მგონია, რომ მან შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. მერწმუნეთ, არ იყო ისეთი, მარტო სიყვარულზე რომ ეფიქრა. ძალიან განათლებული და ნაკითხი იყო. არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა, ალბათ მაშინ ამქვეყნად არ იყო. ძალიან თბილი და მზრუნველი მშობლები ჰყავს. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო.

თაკო ყურშავიშვილის თანატოლები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ, თუმცა მათი გულისტკივილი "ფეისბუკში" მეგობრის ფოტოზე გაკეთებული მინაწერებიდანაც ჩანს. მისი მეგობარი იზაბელა სუ­ლამანიძე თაკოს ასეთ ლექსს უძღვნის: "ცრემლი იღვრება, გული ბიძგდება, მაგრამ რაც იყო, აღარ იქნება. შენი სიცილი, შენი ღიმილი, სადღაც ბუნდოვნად გარდაიქმნება. თავი გაწირე, აღარ დაინდე, მომავლის თვალი სადღაც გახიზნე, არც ჩვენ დაგვინდე, სული გახლიჩე, ქვეყნიერების ფერი წაიღე".

"დაგვადუმე, თაკო, სათქმელს ვეღარ ვამბობ, შენი თავი რატომ არ შეგეცოდა, ან ჩვენ... მომენატრები, მომენატრები. ვიცი, შენს ტკივილს ვერ მოვიშუშებ. რთულია ახლა ჩემთვის ლაპარაკი, ვერ ვიჯერებ, ვერ ვაცნობიერებ, არ ვიცი, რა მტკივა, ჩემს სათქმელს ახლა, მხოლოდ ცრემლები თუ ამბობენ" - წერს მეგობარი.

ასეთი ტკივილიანი უამრავი წერილია სოციალურ ქსელში.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ალბათ ძალოვანები იტყვიან, რა გახდა 17 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი.

თვითმკვლელობა რომ უმძიმესი ცოდვაა და თვითმკვლელს წესსაც არ უგებს მოძღვარი, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ამ უზარმაზარ ცოდვაზე ძალიან ხშირად ქადაგებენ სასულიერო პირები. ისიც ვიცით, როგორ უმძიმეს მდგომარეობაში არიან თვითმკვლელების ოჯახის წევრები, რადგან მათ დაღუპულის სახელზე პანაშვიდების გადახდა და ლოცვებში მოხსენიება არ შეუძლიათ.

თვითმკვლელობას გმობს ყველა, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებს ფსიქოლოგებიც ხშირად აძლევენ რჩევებს.

ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე:

- მხოლოდ დიდი სტრესის გამო არ ხდება თვითმკვლელობა. სამწუხაროდ, თვითმკვლელობა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემის გამო. არავინ იცის, რა პრობლემები ჰქონდა ამ გოგონას. აშკარაა, რაღაც პრობლემა მანამდეც ექნებოდა. შეიძლება ძალზე ემოციური ან პირიქით, ძალზე ჩაკეტილი იყო. ხაზგასმით რაიმეს თქმა არ შეიძლება, ამ ფაქტს შესწავლა სჭირდება. ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, რადგან კაცმა არ იცის, რეალურად რა პრობლემა ჰქონდა და რამ მიიყვანა აქამდე. სამწუხაროდ, ადამიანები პრობლემებს ხშირად ვერ ამჩნევენ და ფაქტის შემდეგ ამბობენ, - უცნაურად იქცეოდა, რაღაცას ვატყობდითო. ზუსტად რა აწუხებდა, შეიძლება ვერ გითხრან. არის მეორე შემთხვევა, როცა იმდენად ძლიერია სტრესი, რომ ადამიანი ვერ უძლებს და თვითმკვლელობამდე მიდის. მარტო გარდატეხის ასაკს ნუ დავაბრალებთ, თუმცა ეს ყველაზე მწვავე პერიოდია. ადამიანს ზოგადად, კრიზისული პერიოდების გადალახვა უწევს ცხოვრებაში. 18-21 წლის ასაკში ყველაზე მეტად მარტოსულად, გარიყულად, გაუცხოებულად გრძნობს თავს, მაგრამ ეს ყველას არ ემართება. ამ პერიოდში ბავშვი ყველაზე ახლოსაა თანატოლებთან, ვიდრე ოჯახის წევრებთან. როცა სხვადასხვაგვარი პრობლემა არსებობს - ფსიქიკური იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური, ამან შეიძლება თავი იჩინოს გარდამავალ ასაკში.

- რას ურჩევდით ამ პრობლემების წინაშე მყოფ არასრულწლოვანებს?

- ადამიანი გახსნილი უნდა იყოს, ხმამაღლა ისაუბროს თავის გულისტკივილზე. როგორც წე­სი, იშ­ვიათად ვარდება ასეთი ადამიანი მძიმე სიტუაციაში. ეს უფრო ხშირად იმ ბავშვების პრობლემაა, რომლე­ბიც ძალიან ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში. მშობლებს ვურჩევ, ძალიან ახლოს იყვნენ შვილებთან, გაიგონ, რა პრობლემები აქვთ და მხარში ამოუდგნენ მათ. სულაც არ ვთვლი, რომ ბევრი კითხვა უნდა დაუსვა და სულში ჩაუძვრე. მთავარია, ბავშვმა იგრძნოს თანადგომა, რომ დედ-მამა, ოჯახის წევრები მის გვერდით დგანან. მეორე მხრივ, ბავშვმა რაც შეიძლება თავისუფლად უნდა ისაუბროს თანატოლებთან; იმის განცდა უნდა გაგიჩნ­დეს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვასაც აქვს მსგავსი პრობლემა და ყველაფერი კარგად იქნება.

- რაც მთავარია, ყველაზე დიდი ცოდვა თვითმკვლელობაა.

- თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა ქრისტიანი ადამიანისთვის, ამის ხაზგასმა, ვფიქრობ, არცაა საჭირო ფსიქოლოგის მხრიდან, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. ალბათ ბავშვებმაც ცოტათი მაინც უნდა იფიქრონ ოჯახის წევრებზე. მესმის, რომ ძალზე მტკივნეულია და ყველა ასე ვერ აღიქვამს, თუმცა არავინ იცის, იმ მომენტში ის ადამიანი რაზე ფიქრობს, რა მდგომარეობაა მის სულში. იყავით ახლობლებთან ახლოს, მიდით ფსი­ქოლოგთან და გახსოვდეთ, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ