რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კახეთში, სადაც პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა... 6 წლის ბავშვი რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა.
"კახეთში, "მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში", წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცენტრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთი მონაწილე კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამოვიდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მშობლის უყურადღებობის გამო, კონფერენციის მსვლელობის დროს, ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში.
ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.
კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო "ამონაშვილის აკადემიის" მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია. გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას" - ნათქვამია "ამონაშვილის აკადემიის" განცხადებაში.
"დიდი ტკივილი მინდა გაგიზიაროთ. ჩვენს გარემოში მოხდა უბედური შემთხვევა. პატარა ლამაზი ბიჭი, რომელიც ჩვენთან ჩამოიყვანა დედამ დაგვეღუპა. აქ გვაქვს პატარა წყალსაცავი, რომელიც დიდი ქვებით არის შემოღობილი. პატარა ბიჭს უნდოდა, რომ დედისთვის ბაყაყი დაეჭირა. ამიტომ ჩასულა წყალსაცავში. იქ იყო საერთაშორისო კონფერენცია. იქ ბავშვები არ ჩამოჰყავთ ხოლმე და ამაზე წინასწარ სულ ვაფრთხილებთ ხოლმე. ყველას ვთხოვეთ, არ წამოეყვანათ ბავშვები. თუმცა ამ ბავშვის შემთხვევაში, დედამ ძალიან გვთხოვა და წამოიყვანა. მოხდა უბედური შემთხვევა. დამნაშავე არავინ არაა. ძალიან მაწევს გულზე ეს დანაშაული" - ამბობს შალვა ამონაშვილი" - ამბობს ამონაშვილი.