საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე და ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი სოჭში პირდაპირ კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.
სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უხელმძღვანელებს.